ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძე უცნაურ გადაწყვეტილებას იღებს და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს. ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას არსენალში რაღაც გეგმა აქვს, რითაც დაეხმარება უკანონოდ დაკავებულ გახელაძეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხინვალში დატყვევებული ქართველის გადაწყვეტილება აუხსნელი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ზაზა გახელაძეს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო უპრეცედენტოდ ხანგრძლივი, 12,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ოკუპანტებმა.
ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ პირადად იგი სწორედ დე ფაქტო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებაში ხედავდა აზრს, თუმცა ზაზა გახელაძემ ამაზე უარი თქვა. ამასობაში დრო გადის, დრო იკარგება და შესაძლოა, დაგვიანებულიც აღმოჩნდეს გასაჩივრება.
ანალიტიკოსის აზრით, თავის დროზე ჩვენი საზოგადოება უნდა დახმარებოდა გახელაძეების ოჯახს, რათა მათ აეყვანათ ძლიერი, ძვირადღირებული, მაგრამ ეფექტური ადვოკატი, თუნდაც რუსეთიდან, თუნდაც ჩრდილოეთ კავკასიიდან, სადაც ნამდვილად არიან ძლიერი ადვოკატები.
„დარწმუნებული ვარ, ზაზა გახელაძეს იქაური ადვოკატი დაიცავდა და იტყოდა, რომ არავითარი ანტიგასროლა არ მომხდარა, რომ მოგონილი და ყურით მოთრეულია ანტიგასროლა. კარგი ადვოკატი დაამტკიცებდა, რომ ზაზა გახელაძემ ჰაერში ისროლა, არავინ დაუჭრია და არავის დაჭრისა და მოკვლის სურვილი არ ჰქონია. 12 წელი უგუნურად და აბსურდულად ძალიან დიდი სასჯელია, თუგინდ მათივე უკანონო კანონმდებლობით. ადვოკატი ამას ჩამოიყვანდა 4-5 წლამდე, მერე გავიდოდა ერთი წელი, გაასაჩივრებდნენ და 2-3 წელიწადში კაცი გარეთ გამოვიდოდა. 12 წლის შემცირება კი გაგონილა?“ - გაოცებას ვერ ფარავს პაატა ზაქარეიშვილი.
მისივე განმარტებით, ეს ყველაფერი შიდა საოკუპაციო რეჟიმის კანონმდებლობით შეიძლება მოგვარებულიყო. რაც შეეხება საგარეო კანონმდებლობას, აქ მთავარია, საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა რუსეთთან, მაგრამ ყველანი კარგად ვხედავთ, რუსეთი როგორ თავხედურად და აგდებით ელაპარაკება დღეს ევროკავშირს. ასეთი ურთიერთობა რუსეთსა და ევროკავშირს შორის არასდროს არ ყოფილა. საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარი ჩავიდა მოსკოვში და მაშინ, როცა იქ იმყოფებოდა, ზუსტად სადილის დროს გააძევეს სამი სახელმწიფოს ელჩი რუსეთიდან. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა შეიძლება ჩაიდინოს რუსეთმა ევროკავშირის მიმართ?! ამ დროს კი ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირი, რომელიც თავის ელჩებს ვერ იცავს, ელაპარაკოს მოსკოვს და უთხრას, იცით, რა, ცხინვალში რომ ზაზა გახელაძეა უკანონოდ დაჭერილი, გამოუშვით ციხიდან. რუსეთს ეს სასაცილოდ არ ეყოფა. ის დრო არაა, როცა რუსეთი მზად იყო, ეთანამშრომლა ევროკავშირთან, ახლა რუსეთი კონფრონტაციაშია ევროკავშირთან.
„რუსეთმა შესაძლოა გვითხრას, გახელაძე გინდათ? ახლა სხვებიც შეიძლება დაემატონ გახელაძეს. არ მესმის, რატომ თქვა ზაზა გახელაძემ გასაჩივრებაზე უარი. შეიძლება, აქედან შეუთვალეს, არ გაასაჩივროო. როგორც ვატყობ, ოჯახი მაინც ძირითადად უსაფრთხოების სამსახურებს უსმენს. თუ უსაფრთხოება რაღაცას ეუბნება, ღმერთმა ქნას, რაღაც გათვლები ჰქონდეთ. ვაჟა გაფრინდაშვილი როგორც კი დააპატიმრეს, მე-3-4 დღეს რაღაც მოძრაობები დაიწყო, ვიღაცეებმა მუშაობა დაიწყეს, კავშირები მოიძიეს. სახელმწიფო მოხელეები გამოვიდნენ, რამდენიმე დღეში ჩამოვიყვანთ ვაჟა გაფრინდაშვილსო, მერე ეს გაიწელა თვეობით, აღმოჩნდა, რომ არასწორი იყო ინფორმაცია. ასე რომ, ერთია, რას ამბობს სახელმწიფოს მოხელე და მეორეა, რამდენად სწორია მათი ნათქვამი. მე მგონი, ზაზა გახელაძის ოჯახი უფრო უჯერებს სახელმწიფო ორგანოს, მაგრამ ერთადერთი ქცევა, რასაც ჩვენი სახელმწიფო ახორციელებს, ეს არის, ჩვენ დაველაპარაკებით მსოფლიოს და მსოფლიო დაელაპარაკება რუსეთს, თავში ჩაარტყამს და გააგდებინებს ხელიდან გახელაძეს. ასეთი სცენარი არ ჩანს. ღმერთმა ქნას, ძალიან გამიხარდება, თუ ხვალ და ზეგ გახელაძე გათავისუფლდება, ვიტყვი, ყოჩაღ, სახელმწიფომ მაგრად იმუშავა“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი და იმ დეტალებსაც იხსენებს, თუ როგორ მოხდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.
მისი თქმით, როცა ვუყურებდით ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, ვხედავდით, როგორ მუშაობდნენ მოჭიდავეები, მომღერლები, სახელმწიფო საერთოდ არ ჩანდა. რატომ მუშაობდნენ მოჭიდავეები და მომღერლები? რადგან ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე ძალიან აქტიურობდა, ქალბატონი თამილა, მან შეკრიბა ექიმები, საზოგადოების წევრები, ანუ იმ პერიოდში ჩანდა, შტაბი ვინც იყო, „შტაბი“ იყო ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე.
„ზაზა გახელაძის შემთხვევაში კი, ასეთი შტაბი არ ჩანს, ოჯახი ჩუმადაა. მესმის, გახელაძეების ოჯახი ახლოს ცხოვრობს გამყოფ ხაზთან, მათ სხვა გამოწვევები აქვთ, მაგრამ ასეთ დროს საჭიროა საზოგადოებრივი მეტი ჩართულობა. მაინც ვთვლი, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი იყო ადვოკატის აყვანა, ოჯახი თვითონ ვერ აიყვანდა, ჩვენი სახელმწიფოც პირდაპირ ვერ აუყვანდა ადვოკატს, მაგრამ არსებობს უამრავი ფორმა, როგორ შეიძლება არასამთავრობოებმა, უცხოურმა ორგანიზაციებმა მოახერხონ და აიყვანონ ძვირადღირებული ადვოკატი. ძალიან სუსტია ცხინვალში სამართალი და ძალზე იოლია მათი დამარცხება სასამართლოში. თეთრი ძაფით ნაკერი საქმეები აქვთ, ეს სასაცილო საქმეებია და იოლია მათთან ბრძოლა. ჩრდილოეთ კავკასიელი ძლიერი ადვოკატი უცებ მოაგვარებდა სიტუაციას. სად 12 წელი და სად 4-5 წელი?“ - აცხადებს ანალიტიკოსი.
შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე გასული წლის 11 ივლისს ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სხვილოს ციხესთან მდებარე ველიდან გაიტაცეს, იქამდე კი დაჭრეს. ბრალდების მხარე გახელაძისთვის 14 წლით პატიმრობას მოითხოვდა.