ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში მიუნჰენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელად კატალონიური „ბარსელონას“ ყოფილი დამრიგებელი პეპ გვარდიოლა დაინიშნება.
ბატონ პეპს მსოფლიო ფეხბურთში დიდი ავტორიტეტი გააჩნია. ალბათ ეს იყო მიზეზი იმ განცხადებისა, რომელიც ათიოდე დღის წინ ბრაზილიის ეროვნული გუნდის ახალგაზდა თავდამსხმელმა ნეიმარმა გააკეთა.
„სანტოსის“ შემტევმა განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლასთან თანამშრომლობაზე ოცნებობს და თუ მიიწვევენ, „ბაიერნში“ დაუყოვნებლივ გადავა.
ამ გამოსვლის შემდეგ პელეს ნორჩ თანამემამულეს თავისი სიტყვების უკან წაღება მოუწია, რადგან „სანტოსთან“ ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
გუშინ ნეიმარს შვედეთის ნაკრების თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიბაძა.
ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ საუკეთესო მოთამაშემ „ბაიერნში“ გადასვლის სურვილი გამოთქვა.
„მიუნჰენური გუნდი ევროპის კონტინეტზე ერთ-ერთი საუკეთესოა და მის რიგებში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი.
კარიერის დასრულებამდე დრო კიდევ არის. თუ თამაშის გერმანიაში გაგრძელებას გადავწყვეტ, ჩემი უპირველესი არჩევანი “ბაიერნი” იქნება. მიმაჩნია, რომ ეს გუნდი მსოფლიოს საუკეთესო 5 კლუბს შორის შედის.
არაერთ ქვეყანაში მიცხოვრია: შვედეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში და ესპანეთში. ამჟამად საფრანგეთში ვცხოვრობ. გერმანიაში დიდი სიამოვნებით დავსახლდებოდი.”- განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.
საინტერესოა რომ შვედ ფეხბურთელს გვარდიოლასთან კარგი ურთიერთობა არ გააჩნია. ამ მიზეზის გამო მისი ბოლო განცხადება დიდ გაკვირვებას იწვევს.