„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, პრაქტიკულად, ახალ შტამზეც მორგებულია“

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, პრაქტიკულად, ახალ შტამზეც მორგებულია“

იმის მიუხედავად, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია, კორონავირუსი თითქოს უკან დახევას არ აპირებს. საქართველოში კოვიდ-19-ის ახალი შტამის 31 შემთხვევაა დადასტურებული, რაც სპეციალისტების ერთი ნაწილის შეფასებით, არცთუ ისეთი საგანგაშოა, რადგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რაც უკვე შეიქმნა, ახალ შტამთან ბრძოლისთვისაც გამოდგება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახალ შტამს ნაკლები კლინიკური გართულებები ახასიათებს, მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებოს კუთხით, უფრო სწრაფად ვრცელდება.

თუმცა, ეპიდემიოლოგების მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ მიუხედავად სტაბილიზაციისა, მოდუნების უფლება არ გვაქვს და აუცილებლად უნდა დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც სპეციალისტების მიერ არის გაცემული. სხა მხრივ, ვითარების გართულება ისევეა მოსალოდნელი, როგორც საწყის ეტაპზე და შესაბამისად, მოგვიწოდებენ, რომ მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამისთვის შესაძლოა, ახალი ვაქცინის შექმნა გახდეს საჭირო. მისივე თქმით, თუკი ყველა წესს დავიცავთ, ეპიდვითარების გართულება მოსალოდნელი არ არის.

„პროფილაქტიკის მიზნით აცრა ხდება, როგორც ერთის, ასევე მეორის შემთხვევაშიც. ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ვირუსი გარკვეულ პირობებში განიცდის მუტაციას. იგი საჭიროებს უკვე სხვა ტიპის, თავისთვის განკუთვნილ ვაქცინას. როგორც ცნობილია, კლინიკური ნიშნები ახალ შტამს უფრო მსუბუქი აქვს, ვიდრე პირველს, რომელიც აქამდე იყო და სერიოზული ზარალი მიაყენა მსოფლიოს.

ეპიდსიტუაცია არ უნდა გართულდეს, თუკი დავიცავთ წესებს. ვირუსის გავრცელება ერთი და იგივე გზით ხდება. ამიტომ, უბრალოდ იგივე წესების დაცვა მოგვიწევს.

მეცნიერები მსჯელობენ, არ ვიცი რამდენად დადასტურდება ჯვარედინი იმუნიტეტი. ვინც ერთხელ გადაიტანა კოვიდი, ხომ არ არის შანსი, რომ მეორედ დაინფიცირდეს ახალი ტიპის ვირუსით. ჯერ არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ამიტომ, მგონია, რომ ეპიდისტუაცია საქართველოში დიდად არ შეიცვლება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პრაქტიკულად ახალ შტამზე მორგებულია და ამ შემთხვევაშიც მთავარია, რეკომენდაციების დაცვა.

„როგორც ვიცი, ადამიანები, რომელთაც დაუდასტურდათ ახალი შტამი, არიან იზოლურებულები. ის რაც მსოფლიოშია გავრცელებული, გაგვიჭირდება, რომ ჩვენთან საერთოდ არ შემოვიდეს. საჭიროა ისევ იმ რეკომენდაციების გამოყენება. წინასწარ რაიმეს პროგნოზირება გამიჭირდება. როგორც ცნობილია, ეს ვაქცინა, რაც შექმინილია, მუშაობს ახალ შტამზეც“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ For.ge-სთან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამი სულ 31 ადამიანს დაუდასტურდა. მისივე თქმით, ქვეყანაში ამ შტამის გავრცელების რისკი არსებობს, თუმცა მას ახალი, განსაკუთრებული გართულებები არ ახასიათებს. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ბაზარზე არსებული ვაქცინები ე.წ. ბრიტანულ შტამზეც მოქმედებენ. მისი კომენტარის წერილობითი ვერსია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.

„დადასტურებულია, რომ სამი კლასტერი არის ბრიტანული შტამით. აქედან ორი იმპორტირებული შემთხვევაა, ერთზე მიმდინარეობს კვლევა. ამ სამ კლასტერში სულ 31 ადამიანია. დიდი ალბათობით, ყველა ეს 31 შემთხვევა არის მუტირებული შტამით გამოწვეული, მაგრამ კლინიკურად არც ერთი არ არის მძიმე.

რა თქმა უნდა, საქართველოში ახალი შტამის გავრცელების რისკი არსებობს, რადგან ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში საკმაოდ სერიოზულად გავრცელდა. ევროპული წყაროებიდან ირკვევა, რომ გერმანიაში დიაგნოსტირებული შემთხვევების დაახლოებით 40% ეს შტამია და არა კლასიკური, თავდაპირველი შტამი. ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და შემთხვევები იქნება, მაგრამ საბედნიეროდ, გარდა იმისა, რომ ცოტა მეტია ახალგაზრდებში და ცოტა უფრო სწრაფად ვრცელდება, სხვა განსაკუთრებული არაფერი ხდება. კვლევებით დადგინდა, რომ ეს ვაქცინები, რომლებიც დღეს ბაზარზეა, ფარავენ ამ შტამსაც.

ეს მოსალოდნელიც იყო, რესპირაციულ ვირუსებს ახასიათებთ მუტაცია. ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მუტაცია დადგინდა ლაბორატორიულად, რასაც მხოლოდ სამეცნიერო მნიშვნელობა ჰქონდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.