ვისაც გვსურს და სხვა

ვისაც გვსურს და სხვა

ერთხელ, ბავშვობაში, ყულაბა მაჩუქეს. ჩვეულებრივი ყულაბა იყო – ხის, შავი ორნამენტებით ღია ფონზე. არ მახსოვს, ბოლოს რა ბედი ეწია ყულაბას, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ იმ კონკრეტულ ყულაბასთან დაკავშირებულმა ერთმა შემთხვევამ რაღაცნაირად განსაზღვრა ჩემი ცხოვრება. არადა, ჩვეულებრივი ყულაბა იყო, ოღონდ, როდესაც გაივსებოდა, იგი ნამსხვრევებად კი არ უნდა გექცია, არამედ, იხსნებოდა, მრგვალი სახურავი ჰქონდა, თვითონაც მრგვალი იყო, შესაძლოა – ოდნავ ოვალურიც… აღარ მახსოვს. არც ის მახსოვს, გაივსო თუ არა ერთხელ მაინც. მე მგონი – არა, ალბათ, იმ შემთხვევის დროს გატყდა, ან გამიტყდა ან გამიტეხეს, ზემოთ რომ ვთქვი – რაღაცნაირად განსაზღვრა ჩემი ცხოვრება–მეთქი.

 

მთლად “განსაზღვრაც” არ ითქმის, მაგრამ მაინც…

 

მოკლედ, როგორც ყველა ბავშვი, მეც სულსწრაფი ვიყავი, მინდოდა მალე გავსებულიყო. ბებიაჩემს ლაბადიდან თხუთმეტკაპიკიანი მოვპარე და ყულაბაში ჩავაგდე. მას შემდეგ აღარაფერი მომიპარავს – ახლაც თვალწინ მიდგას ხალიჩების საბერტყი, რომელიც ერთი–ორჯერ მართლა მწარედ მომხვდა. მახსოვს ბებიაჩემის სახე და მისი სიტყვები. დღეს ზუსტად ათი წელი შესრულდა ბებიას გარდაცვალებიდან…

მეორე ყულაბა 35 წლის შემდეგ მაჩუქეს. სამსახურში მოვიდნენ, რაღაც ქაღალდები შემავსებინეს, სურვლები ჩამომაწერინეს, გადმომცეს ორი ცალი თხელი ფირფიტა და მითხრეს: “ყოველთვის თან გქონდეს. როცა რამეს იყიდი, მოლარეს გაუწოდე და ქულები დაგერიცხება”.

 

ორი ცალი იყო – თეთრი და შავი. თეთრი ბარათი საზეიმო ვითარებაში ცოლს გადავეცი და ავუხსენი: “ყოველთვის თან გქონდეს. როცა რამეს იყიდი, მოლარეს გაუწოდე და ქულები დაგერიცხება”.

 

ამის შემდეგ ორივენი ინტერნეტს ვეცით.

 

პირველივე, რაც ვებ–გვერდზე თვალში მომხვდა, ბარათები იყო. შავი ბარათი – მსხვილი პლანით, თეთრი – უკან, მორიდებით. ასეც უნდა იყოს – მართალია, უფლებები თანაბარი გვაქვს, მაგრამ ოჯახის უფროსი მაინც მე ვარ.

 

“უნიქარდი არის უნივერსალური დაგროვებითი ბარათი, რომელიც აერთიანებს წამყვან

სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს ყველა სექტორში” – უკვე რაღაც ვიცი.

“დააგროვეთ ყველგან და ყველაზე სწრაფად” – კარგია, რომ ყველგან. სისწრაფეში არავის ვეჯიბრები, ეს ბარათი ეჯიბრება სხვა ბარათებს. სხვა ბარათი მე არ მაქვს. მოვიგოთ, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. პირიქით.

 

დააგროვეთ ყველაზე მარტივად – მშვენიერია. როცა რაღაცას მირთულებენ, ასე მგონია, რომ ჩემი თავისუფლების შეზღუდვა უნდათ.  

 

დააგროვეთ ვისთან ერთადაც გსურთ – დიდებულია. ვრწმუნდები, რომ არაფერში მზღუდავს. იქვე, განმარტებაა: “ქულების დაგროვება შეგიძლიათ ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან - ერთდროულად 5 ადამიანს ერთად”. ოჯახი და მეგობრები – გვაერთიანებს პრინციპები, მოგონებები და სურვილებიც, რადგან ამ ბარათს “თქვენი სურვილების ბარათი” ჰქვია. ვიღაცამ გამოიგონა და ასე დაარქვა – “თქვენი სურვილების ბარათი”. რადგან ბარათი ჩემია, ამიტომ ის ჩემი სურვილების ბარათია და რადგან ქულების დაგროვება ხუთს ერთად შეგვიძლია, თუ ვიქნებით ხუთნი, დავარქვათ “ჩვენი სურვილების ბარათი”. ორნი უკვე ვართ და უკვე არის კიდეც ეს ბარათი “ჩვენი სურვილების ბარათი”.

 

ვისაც გსურთ და სხვა…

ამ ყველაფერმა ერთბაშად გამიელვა თავში. აუცილებლად დავაგროვებ, თუმცა… მე კი არ დავაგროვებ, თვითონ დაგროვდება. არასოდეს არაფერი დამიგროვებია, სურვილი არ გამაჩნდა. ახლა, რადგან თვითონ უნდა დაგროვდეს, სურვილებიც გამიჩნდა. პირველი სურვილი კატალოგში ჩაჭვრეტა გახლდათ. სანამ ჩემი ცოლი დაგროვების პუნქტებს კითხულობდა, მე უკვე დანიშნულების პუნქტში ამოვყავი თავი – ყველაზე მრავალფეროვანი საჩუქრების კატალოგი.

 

კატალოგში 68 გვერდია. ჯეოსელის ერთლარიანი ბალანსით იწყება და Apple-ს აიფონით მთავრდება. სანამ აიფონამდე ჩავედი, გავიარე რომი, პრაღა და ამსტერდამი. თან მქონდა ახალთახალი ნოუთბუქი, ამ დროს კი, ჩემი ჯეტა ფოლკსვაგენის ცენტრში გადიოდა მკურნალობის კურსს. მერე, შემრცხვა… მე – ამსტერდამში, მანქანა – სანატორიუმში… და, ოჯახი?

 

ანას წიგნები შევურჩიე, ნიკუშას – სათამაშოები, ეკას – ბეჭდები, საყურეები და პარფიუმერია. პრაღამდეც ჩავაღწევდი, მაგრამ პრაღას ერთი ნოუთბუქი (მჭირდება), ნაირ–ნაირი ღვინოები (საჭიროა) და გაუთვალისწინებელი სურვილები ვარჩიე.

 

ისე, წიგნები მეც მიყვარს და სათამაშოებსაც გააჩნია. რამე ისეთი ხომ არ შემერჩია, ანა მერე რომ წაიკითხავს და ნიკუშა მერე რომ ითამაშებს? თან, ისიც ვიცი, რომ ნოუთბუქის გამო ბავშვებთან ჩხუბი მომიწევს; ნიკუშა ორი წლის კია, მაგრამ ღვინის გასინჯვაზე არასოდეს ამბობს უარს.

 

ვატყობ, დამტოვებენ მშრალზე. სხვადასხვა დონისა და რანგის ბიუჯეტები მახსენდება. ყველგან არის იდუმალებით მოცული “გაუთვალისწინებელი ხარჯები”, ჰოდა “გაუთვალისწინებელ სურვილებს” ჩემთვის მოვიტოვებ.

 

გამოსავალი ვნახე, თავისუფლად ამოვისუნთქე და გამეცინა – ორი საათიც არ გასულა მას შემდეგ, რაც ორი ბარათი გადმომცეს და მითხრეს: “ყოველთვის თან გქონდეს. როცა რამეს იყიდი, მოლარეს გაუწოდე და ქულები დაგერიცხება”.

 

15 წუთის შემდეგ “ვისოლზე” ვიყავი და ჩვენი სურვილების ბარათზე უკვე იჯდა ჩვენი სურვილების პირველი, ერთი პატარა ნაწილი. ბენზინი ვიყიდე, ბარათი გავუწოდე და ქულები დამერიცხა.

 

მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და ქულების N რაოდენობას უკვე მოვუყარე თავი. მართალი გითხრათ, დღემდე ვერ გავრკვეულვარ, როგორ და რანაირად ხდება, ამდენი რესტორანი, კაფე, მარკეტი, სუპერმარკეტი, სალონი და რა ვიცი, კიდევ – რა, ერთ პატარა ბარათზე რომ იყრის თავს. ვერ გავრკვეულვარ და არც ვაპირებ. ძალიან გარკვევით მითხრეს, რომ შემიძლია დავაგროვო ყველაზე მარტივად. ანუ, შენ ხილი მიირთვი და მებაღეს ნუ კითხულობო. კვირა არ გავა, რომ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინება არ შემოვიდეს – ესტუმრეთ ABC ობიექტს და დააგროვეთ XYZ ქულა. ალბათ,უამრავი ადამიანი შრომობს იმისათვის, რომ დავაგროვო ყველგან და ყველაზე სწრაფად.

 

მე არ ვაგროვებ, თვითონ გროვდება. ვიქცევი მარტივად – ორი ერთნაირი ობიექტიდან, ვაკითხავ იმას, რომელიც სურვილების ბარათთან მეგობრობს. ასეთები კი ბევრია. მოკლედ, მას შემდეგ, რაც საქმეში სურვილების ბარათი ჩაერია, ორი ერთნაირი ობიექტი აღარ არსებობს.

 

ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც პატრულმა უსაფრთხოები ღვედის გამო გამაჩერა და ჯარიმა გამომიწერა, კინაღამ “უნიქარდი” მივაწოდე.

ეგეთი ამბებია სურვილებში…

 

ის ყულაბა, ბავშვობაში რომ მაჩუქეს, შესაძლოა ისევ მთელია და ძველმანებთან ერთად სარდაფში ინახება. ვერ გეტყვით, არ ვიცი, არ მახსოვს. რაც ვიცი, არის ის, რომ სურვილების ბარათს ყოველთვის თან დავატარებ და უფულოდაც რომ ვიყო, ყოველთვის შევძლებ საჩუქარი გავუკეთო ახლობელ ადამიანებს.

ვინ თქვა, ნაჩუქარის გაჩუქება არ შეიძლებაო? შეიძლება და მერე როგორ!

ვისაც გვსურს და სხვა…

 

ჩვენთან ყოველთვის იპოვით თქვენთვის საინტერესო და სასურველ საჩუქარს ან დააგროვებთ ქულებს უფრო დიდი სურვილების ასრულებისათვის” – უკვე ბევრი რამ ვიცი. ხანდახან, კი შემიპყრობს ხოლმე სულსწრაფობა, ოჯახურად ჩავუჯდებით ხოლმე კატალოგს და ესმინდა–ისმინდათი ვხალისობთ, მაგრამ თვალი მაინც ბოლო გვერდებისკენ გაგვირბის. ისე კი, ჩვენს ხელშია ჩვენი სურვილებიც, ჩვენი სურვილების ბარათიც და ჩვენი სურვილების კატალოგიც.

როცა გვსურს და სხვა…