აგარაკებმა რუსები და აფხაზები ერთმანეთს დააპირისპირა

აგარაკებმა რუსები და აფხაზები ერთმანეთს დააპირისპირა

აფხაზებსა და რუსებს შორის ქონებრივ საკითხზე დაპირისპირება პიკს აღწევს. ბაღაფშის ინიციატივას, რომ რუსეთს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 აგარაკი გადაეცეს, აფხაზურ საზოგადოებაში უკვე მოჰყვა პროტესტი. ამასთან, ამ ფაქტს აპროტესტებს ყოფილი დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას პარტიაც და ოფიციალურ სოხუმს ამ ნაბიჯის გადადგმას არ ურჩევს.

 

აგარაკების, უფრო ზუსტად კი ტურისტული ინფრასტრუქტურის გადაცემის ინიციატივა თავად მოსკოვიდან წამოვიდა. რუსეთის მოთხოვნით მისთვის „საჩუქრად“ გადასაცემ აგარაკთა სია ასეთია:  დასასვენებელი კომპლექსი „მიუსერა“ გუდაუთის რაიონში, სადაც განლაგებულია სსრკ-ს ყოფილი ლიდერების - იოსებ სტალინისა და მიხეილ გორბაჩოვის აგარაკები და ყოფილი დასასვენებელი სახლი-4, რომელსაც მართავდა საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის სამინისტრო; გუდაუთის რაიონშივე დასავენებელი კომპლექსი „პიცუნდა“, სადაც ნიკიტა ხრუშჩოვის აგარაკიცაა და გაგრაში ლავრენტი ბერიას დასავენებელი სახლი „ტატრა“.

 

მოგვიანებით, ბაღაფშმა კრემლის სურვილის შესაბამისად, სპეციალური განცხადებაც გააკეთა: „რატომ არ შეგვიძლია იმ ქვეყანას რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობა პირველმა აღიარა და არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი, საკუთრებაში გადავცეთ ობიექტები, რომლებიც ისედაც, ადრე, საბჭოთა კავშირის საკუთრებაში იმყოფებოდა?

უკვე გადავწყვიტე, რომ ეს ობიექტები რუსეთის ფედერაციას უნდა გადაეცეს. არ შეიძლება იმის დავიწყება, რა გააკეთა და რაც აკეთებს რუსეთი ჩვენთვის. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად სხვადასხვა ობიექტის ვინმესთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, პარლამენტი იღებს და ის ახდენს სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების რატიფიცირებას“.

 

ბაღაფში აღნიშნავს, რომ გაგრაში მდებარე ობიექტი ჯერ კიდევ 2003 წელს გაიყიდა 25 მილიონ რუბლად, ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკი კი რუსეთის ფედერაცია უვადო სარგებლობის ვადით 1995 წელს გადაეცა. ამასთან, ბაღაფშმა მოუწოდა აფხაზურ საზოგადოებას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით რუსულ-აფხაზური ურთიერთობების სპეკულირებისგან თავი შეიკავონ.

 

კურორტების გადაცემის ინფორმაციამ სოხუმში ძალიან უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია. ადგილობრივმა საზოგადოებრიობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა უკვე შექმნეს სპეციალური ჯგუფი, რომელმაც უნდა ჩაატაროს კვლევა - შეესაბამება თუ არა ეს დოკუმენტი აფხაზეთის კანონმდებლობას. ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბა კი ავტორიტეტულ პირებს დახმარებისაკენ მოუწოდებს.

ამას გარდა, 7 დეკემბერს აფხაზეთში პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, ისტორიკოსებმა და მედიის წარმომაგენლებმა მოაწყვეს კონფერენცია, რომლის ზოგადი ლოზუნგიც ასეთი იყო - „რუსეთს ზოგჯერ უნდა ვუთხრათ - არა“.

 

მათი თვალსაზრისით, „აუცილებლია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შექმნა, რომელშიც ქვეყნის ეკონიკური უსაფრთხოების საკითხებს უნდა იყოს ასახული“.

 

ამ თემაზე განცხადება შემდგომ უკვე სეპარატისტულ აფხაზეთში მოქმედმა ოპოზიციურმა პარტია „სახალხო ერთიანობის ფორუმმა“ გააკეთა, რომელსაც რაულ ხაჯიმბა ხელმძღვანელობს. ოპოზიციურ პარტიას სპეციალურად ამ საკითხისადმი მიძღვნილ საგანგებო განცხადებაში ინტერესდება - „გვაინტერესებს, აფხაზურ-რუსული ურთიერთობების კონკრეტულად რომელი სამართლებრივ-საერთაშორისო რეალიები აიძულებს სახელმწიფოს მეთაურს სპეცდანიშნულების ობიექტები - სახელმწიფო აგარაკები მიუსერაში, ბიჭვინთასა და გაგრაში რუსეთს გადასცეს?“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

იქვე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ პარტია რუსეთის დიდი მადლობელია და აფხაზეთისა და რუსეთის „ურთიერთქმედებას სხვა ალტერნატივა არა აქვს“. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობები „აგარაკების საკითხებამდე“ არ უნდა დავიდეს.

 

„ყველასთვის ცნობილია, რომ საბჭოურ დროში ეს ობიექტები ეკონომიკური სარგებლის მოტანის მიზნით არ იქმნებოდა.  ომისშემდგომ წლებში აფხაზეთის ბლოკადისა და იზოლაციის წლებში ისინი სრული დატვირთვით ვერ იმუშავებდნენ რესპუბლიკის ეკონომიკური პოტენციალის გამყარებისთვის. არადა, ამ ობიექტებს თავისი ინფრასტრუქტურით დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. არავის დაუშლია ახლანდელი „პრაგმატული“ აფხაზური ხელმძღვანელობისთვის, რომელიც ხელსაყრელ პირობებში მუშაობს და „მთელ მსოფლიოს აოცებს“ თავისი „ეკონომიკური სასწაულით“ თითქმის ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, უფრო აქტიურად და შედეგის მომცემად ესარგებლა ამ მსხვილი სააგარაკო კომპლექსებით ელიტური ტურიზმისა და ეკონომიკის განსავითარებლად. განა ეს საკურორტო კომპლექსები არ წარმოადგენენ თავის თავში ფასეულობას ჩვენი ქვეყნისთვის თავისი განუმეორებელი ადგილმდებარეობითა და უნიკალური ბუნებრივი ზონით?“ - ნათქვამია განცხადებაში.