მთავრობამ სოციალური პოლიტიკა ინფრასტრუქტურულ პოლიტიკაზე გაცვალა. ყოველ შემთხვევაში ამას მოწმობს მისი დამოკიდებულება და საბიუჯეტო ხარჯები. ამიტომ ექსპერტები ფიქრობენ, რომ შედეგი საკმაოდ არაფექეტური და მძიმე იქნება.
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ფასების ზრდის ფონზე, 2011 წლის ბიუჯეტში პენსიების გაზრდა უნდა გაეთვალისწინებინათ.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ თანხების აკუმულირებისა და შემოსავლების მიღების თვალსაზრისით სახელმწიფო ბიუჯეტს გარკვეული სირთულეები აქვს, პენსიების გასაზრდელად თანხების გამონახვა შესაძლებელი იყო.
„გაძვირდა როგორც პირველადი სასურსათო მოხმარების პროდუქტები და ჰიგიენის საქონელი, ასევე მგზავრობისა და კომუნალური გადასახადები, რომლის რეგულირებაც სახელმწიფოს მეტნაკლებად შეუძლია. გაზრდილი გადასახადებისა და პროდუქტების გაძვირების ფონზე, პენსიის გაზრდა აუცილებელი იყო.
იმისათვის, რომ ხელისუფლებას გაეზარდა პენსია, ანუ სოციალური მიმართულების ხარჯები, რაღაც უნდა შეემცირებინა. რაღაცის შემცირების ერთადერთი ვარიანტი კი უნდა ყოფილიყო ინფრასტრუქტურულ პროექტები. არ ვამბობ, რომ გზები არ უნდა დაიგოს, მაგრამ თანხმების დაზოგვა შესაძლებელია ისეთ პროექტებში, რომლებსაც მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნება და სარგებლობა მოაქვს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სოციალურ პოლიტიკასთან შედარებით, პრიორიტეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ენიჭება“, - აღნიშნავს ექსპერტი.
მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების უმეტესობა, მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაშია გამართლებული, გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ეს პროექტები ნაკლებად ეფექტურია.
„მაშინ, როდესაც ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება და პენსიონერები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, ხელისუფლებამ მხოლოდ ესთეტიკური სარგებლობის მომტანი ობიექტების აშენებაზე ფული არ უნდა ხარჯოს. ჩემთვის პირადად მიუღებელი იყო შუშის ხიდის აშენება, როდესაც შესაძლებელი იყო ამ რამდენიმე ათეული მილიონი ლარით დაფინანსებულიყო სოციალურ-ეკონომიკური აქტივობის მასტიმულირებელი პროექტები“, - აღნიშნა სააგენტო „მედიანიუსთან“ საუბრისას ლევან კალანდაძემ.
მართალია, ჩვენს ქვეყნაში დახმარებას ბევრი ადამიანი იღებს, დაზღვევაც ბევრს აქვს, თუმცა საოცრად გაძვირებულია ცხოვრება და ის ფულადი დახმარებაც, რასაც ისინი იღებენ, პრაქტიკულად, არაფერს ნიშნავს. თანაც, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ელექტროენერგიისა თუ ბუნებრივი აირის ფულს არავინ უხდის. ზამთარში კი, როდესაც ოჯახის ხარჯები იზრდება, თუ ამას დავუმატებთ ახალ წესს, როდესაც ერთი კომუნალური გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, გეთიშება დენი და გაზი, გამორიცხული არ არის, რომ როგორც სოციალურად დაუცველების, ასევე ამ სტატუსის არმქონე ოჯახების სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაურესდეს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია 4 371 535 ადამიანი (2002 წლის აღწერის მიხედვით), აქედან უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით 545 032 ოჯახი რეგისტრირებულია, საერთო ჯამში 1 778 885 ადამიანი.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც საარსებო შემწეობას იღებს, მათი რიცხვი 371 426 ადამიანია, რაც სექტემბრის თვის მონაცემებთან შედარებით, თითქმის 18 ათასით მეტია. მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობას ბაზაში რეგისტრირებულია 551 799 ოჯახიდან 353 610 ადამიანი იღებდა, ანუ საერთო მოსახლეობის, დაახლოებით, 8%-ს. ამის ფონზე კი პრეზიდენტი სააკაშვილი წარბშეუხრელად ირწმუნება, რომ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 19-20%-მდე შემცირდა.