ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა გაუცდება

ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა გაუცდება

საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია. ქართველმა ფეხბურთელმა დაზიანება ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში „ვოლფსბერგერთან“ წაგებულ შეხვედრაში (1:2) მიიღო.

ოთარი 66-ე წუთზე შეცვალეს, რადგან თამაში ვეღარ გააგრძელა. ჯერჯერობით უცნობია, ტრავმის ხარისხი და შესაბამისად, პერიოდი, რომლის გამოტოვება მოუწევს. თუმცა, „შტურმის“ ვებგვერდი მატჩის მიმოხილვაში წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა იუქმებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებს შესაძლოა, ის ვერ დაეხმაროს, რადგან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საწყის სამ მატჩამდე (შვედეთი, ესპანეთი, საბერძნეთი) მხოლოდ ერთი თვეა დარჩენილი. უფრო ნათელი სურათი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი. კიტეიშვილს უიღბლო სეზონი აქვს. მას ტრავმა 2020 წლის შემოდგომაზეც ჰქონდა და ზუსტად თვენახევარი იუქმა, საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალშიც ვერ დაეხმარა. მანამდე ოთარმა კორონავირუსიც გადაიტანა და ამ მიზეზით ნაკრებში ოქტომბრის მატჩები გაუცდა. ყველა ამ პრობლემის მიუხედავად, ჩვენებურმა ავსტრიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში თავი 5 გოლით და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

თავის მხრივ, „შტურმთან“ „ვოლფსბერგერის“ რიგებში ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე, რომელსაც ავსტრიის ჩემპიონატში 5 მატჩი დაუგროვდა, ლუკა ლოჩოშვილი კი განაცხადში არ იმყოფებოდა. რა არის ამის მიზეზი, უცნობია. არადა, 22 წლის ლოჩოშვილი ავსტრიელთა წამყვანი მცველია, ჩემპიონატში 15-ჯერ ითამაშა, ევროპა ლიგაზე კი სეზონის შვიდივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, მათ შორის, სამი დღის წინ „ტოტენჰემთან“.

აქვე გეტყვით, რომ „შტურმი“ 31 ქულით მეოთხე ადგილზეა და მას „ვოლფსბერგერი“ 4 ქულითა და 1 პოზიციით ჩამორჩება.