გუშინ ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ ჯორდანის დაბადების დღე იყო.
მაიკლ ჯეფრი ჯორდანი 1963 წლის 17 თებერვალს დაიბადა.
ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1984 წელს ჯორდანი „NBA”-ის გუნდ “ჩიკაგო ბულს” შეუერთდა და ლიგის ვარსკვლავადაც იქცა. „სლემ–დანქის“ განხორციელებისა და საკმაოდ შორი მანძილიდან ბურთის კალათში მოთავსების უნარის წყალობით, ხალხმა მას “ჰაეროვანი ჯორდანი” და “მისი ჰაეროვნება” შეარქვა. ჯორდანმა მალე საუკეთესო მცველის რეპუტაციაც მოიპოვა. 1991 წელს მან საკუთარ კლუბთან ერთად „NBA“–ის ნაციონალური ჩემპიონატი მოიგო და 1992, 1993 წლებში ჩემპიონის ტიტულის სამგზის მფლობელი გახდა. 1993–1994 წლის სეზონის დასაწყისში ჯორდანმა კალათბურთის მოედანი დატოვა და ძალები ბეისბოლში მოსინჯა. 1995 წელს ის ჩიკაგოში დაბრუნდა და ეს გუნდი „NBA“–ის სამი ჩემპიონატის (1996, 1997 და 1998 წწ.) გამარჯვებული გახადა. 2001 წელს, ორწლიანი პაუზის შემდეგ, ჯორდანი მოედანს „ვაშინგტონის–ის შემადგენლობაში დაუბრუნდა და „NBA“–ში ბოლო ორი სეზონი ჩაატარა.
საშუალო მონაგარი კარიერაში: 1072 მატჩი, 30.1 ქულა, 6.2 მოხსნა, 5.3 პასი, 2.35 ჩაჭრა.
პლეი–ოფში: 179 მატჩი, 33.4 ქულა, 6,4 მოხსნა, 5.7 პასი და 2.1 ჩაჭრა.
მაიკლ ჯორდანს სხვა მრავალი ინდივიდუალური მიღწევაც გააჩნია, ამათგან განსაკუთრებით გამოსაყოფია 1984 და 1992 წლების ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულის წოდება.
ჯორდანი უნიკალური ერთი მიზეზის გამო იყო. ვისაც "ჩიკაგოს" 90–იანი წლების მატჩები აქვს ნანახი, ყველას დაამახსოვრდებოდა, რომ მაიკლი მოედანზე სასიკვდილო ბრძოლისთვის კი არა, ერთი რიგითი თამაშისთვის გამოდიოდა – ისე, უბრალოდ, თითქოს უნდოდა ბურთს მოფერებოდა და მიეღო სიამოვნება.
1986 წელს, როდესაც პლეი–ოფის მატჩში ჯორდანმა "ბოსტონთან" 63 ქულა მოაგროვა და მოკრძალებულ "ჩიკაგოს" მოაგებინა, კალათბურთის ლეგენდა ლარი ბიორდმა განაცხადა: "ჩვენ წინააღმდეგ თამაშობდა ღმერთი, რომელსაც ჯორდანის სახე ჰქონდა".
ჯორდანის ფენომენალური თამაში ყველას ახსოვს, მაგრამ როგორი იყო თავიდან მაიკლი.
ფილ ჯექსონი ( “ჩიკაგო ბულსის” იმდროინდელი მწვრთნელი): “– ახალგაზრდობისას მაიკლს ბევრი პრობლემა ჰქონდა, პირველ რიგში, სროლის ტექნიკასთან დაკავშირებით. მისი სროლით შემტევ მცველს ნბა–ში არაფერი ესაქმებოდა. თუმცა მაიკლი ვარჯიშის შემდეგ დიდხანს რჩებოდა დარბაზში და ბურთს კალათში ისროდა. ისროდა ასობით, ათასობით, რათა ეს ნაკლი გაეუმჯობესებინა. ისროდა მანამდე, სანამ საუკეთესო არ გახდა ლიგაში. ხშირად უყურებდა მეტოქეთა მატჩების ვიდეოჩანაწერებს, აკვირდებოდა მათ, სანამ საუკეთესო არ გახდა დაცვაში”.
1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადის შემდეგ, პირველი "დრიმ თიმის" მთავარი მწვრთნელი ჩაკ დეილი შემდეგ ისტორიას იხსენებდა.
ამერიკის ნაკრების სუპერვარსკვლავები სხვა დანარჩენი სპორტსმენების მსგავსად ოლიმპიურ სოფელში კი არ დაბანაკდნენ, არამედ ბარსელონას ახლოს ძვირადღირებულ სასტუმროში მოთავსდნენ, რომელსაც გოლფის მოედანი ჰქონდა. ერთხელ გოლფის ორი დიდი მოყვარული, ჩაკ დეილი და მაიკლ ჯორდანი, ერთმანეთს შეეჯიბრნენ. გამარჯვება დეილის დარჩა, რომელმაც შემდეგ განაცხადა, რომ ასეთი განაწყენებული მაიკლი არასდროს უნახავს. ჯორდანმა მატჩ–რევანში ითხოვა, მაგრამ რადგან უკვე გვიანი იყო და ბნელოდა, დეილიმ თამაში მეორე დღისთვის გადაიტანა. დილის ოთხ საათზე დეილის ნომრის კარზე კაკუნი გაისმა და გაოცებულმა მწვრთნელმა ზღურბლზე მაიკლი დაინახა, რომელმაც შემდეგი სიტყვებით მიმართა:” -- ხომ მითხარი, ხვალ ვითამაშოთო, ხვალ უკვე გათენდაო.”
1996 წელს, "სიეტლთან" ფინალური სერიის მატჩისას, სიეტლელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯორჯ კარლმა აღნიშნა , რომ ჯორდანი ის აღარ არის, რაც იყო და ბოლო დროს ნახტომებს ვეღარ ასრულებდა, ამიტომ ურჩევნია, მისი საფირმო შორი და საშუალო დისტანციიდან სროლები გამოეყენებინა.
მისმა სიტყვებმა მაიკლი გააშმაგა და მეორე დღეს მას არც ერთი ბურთი უსვრია თუნდაც საშუალო დისტანციიდან. დააგროვა 38 ქულა და მოკლა "სიეტლი". მატჩის შემდეგ კი სპეციალური განცხადება გააკეთა:
“– როგორც ჩანს, ჯორჯ კარლი მართალი იყო, აშკარად მოვუკელი თამაშს, რადგან ვაპირებდი 38 კი არა, 60 ქულა დამეგროვებინაო.”
ნბა–ს ჩემპიონის ტიტულის მოგება ერთ კალათბურთელს მარტოს არ შეუძლია. მაშინდელ "ჩიკაგოს" მწვრთნელიც უმაღლესი დონის ჰყავდა – ფილ ჯექსონ. ჯორდანის თანაგუნდელებიც მრავალმხრივ ტალანტები იყვნენ – სკოტი პიპენი, დენის როდმანი, ჰორას გრანტი. თუმცა, ამერიკელები ყველა მოგებულ ჩემპიონობას მხოლოდ ჯორდანს მიაწერენ.
ნბა–ს მუდამ ჰყავდა მოქიშპე კალათბურთელები – 60–იან წლებში უილტ ჩემბერლენი ბილ რასელის წინააღმდეგ, 70–იანებში ოსკარ რობერტსონი ჯერი ვესტის წინააღმდეგ, 80–იანებში მეჯიქ ჯონსონი ლარი ბიორდის წინააღმდეგ, მაგრამ 90–იან წლებში იყო მხოლოდ მაიკლ ჯორდანი, რომელსაც ღირსეული ოპონენტი ვერ ეღირსა.
2003 წელს მაიკლ ჯორდანმა სპორტსმენის კარიერა საბოლოოდ დაასრულა.
2006 წელს ჯორდანი საკალათბურთო გუნდი “ შარლოტას” აქციებს ყიდულობს და გუნდის აღმსრულებლად და ერთ-ერთ მენეჯერად გვევლინება.
ასევე 2006 წელს ჯორდანის ბიოგრაფიაში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ფიქსირდება. კალათბურთელი, ჩვიდმეტწლიანი ქორწინების შემდეგ, მეუღლეს, ხუანიტას დაშორდა. წყვილი 2006 წლის დეკემბერში განქორწინდა. ჯორდანს მეუღლესთან სამი შვილი – ჯეფრი, მარკუსი და ჟასმინი, ჰყავს.
2009 წელს ჯორდანმა ნეისმითის სახელობის მემორიალური საკალათბურთო დარბაზის ჯილდო, ყველაზე ცნობილი კალათბურთელის ტიტული მოიპოვა. ამჟამად „შარლოტაში “-ში მუშაობის გარდა, ჯორდანი მრავალი რესტორნის მფლობელია. ამჟამად მაიკლი ილინოისის შტატში ცხოვრობს. NBA-ს ისტორიაში ერთ მატჩში დაგროვილი ქულებით დღემდე ხელუხლებელია 1962-ში უილტ ჩემბერლენის მიერ დამყარებული რეკორდი. მაშინ დიდმა უილტმა “ნიუ იორკს” 100 ქულა ჩაუგდო. საინტერესოა მაიკლ ჯორდანის აზრი: “დღევანდელ კალათბურთში 100 ქულაზე მეტს უპრობლემოდ დავაგროვებდი. ჩემი თამაშის სტილიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ საჯარიმოს ვისროდი და უმეტესობას ჩავაგდებდი. შეიძლება ბლომად ჯარიმა მეც მიმეღო, მაგრამ ჩემბერლენის რეკორდს მაინც გავაუმჯობესებდი.
კობი ფენომენალური მოთამაშეა. ალბათ, ბრაიანტი ყველა დროის 10 საუკეთესო უკანახაზელში შედის და ახლოსაა ყველა დროის 10 საუკეთესო მოთამაშესთანაც, მაგრამ კობიზე მთელი გუნდი თამაშობდა. ისევე, როგორც უილტზე. მაშინ, “ნიუ იორკთან” “ფილადელფიას” წევრები განგებ იღებდნენ ბოლოში ფოლებს, რომ “ნიქსს” შეტევაში ნაკლები დრო დაეხარჯა.
ჩემბერლენი თავის ქულებს აიღებდა და ასე დააგროვა უილტმა 100 ქულას.”
მაიკლ ჯორდანზე საუბარს კი გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმსის” ერთი ციტატით დავასრულებ:
„როცა წავიდა ირვინ “მეჯიკ” ჯონსონი – საკალათბურთო ამერიკა იმით ინუგეშებდა თავს, რომ არიან ბერდი და ჯორდანი. როცა ჯონსონს ლარი “ლეჯენდ” ბერდი მიჰყვა, ჯონსონი მაინც გვრჩებოდა, ხოლო როცა მაიკლ “ეირ” ჯორდანიც წავიდა, გარშემო სიცარიელემ დაისადგურა”