15 თებერვლიდან სკოლებში სწავლება განახლდა. ამის მიუხედავად, მშობლების ნაწილი შვილებს სკოლაში არ უშვებს. მათთვის გაუგებარია, 4-5 საათი როგორ უნდა იყოს ბავშვი პირბადით?! როგორ მოხერხდება შესვენებისას ბავშვების ჰიგიენის კონტროლი? შესაძლებელია თუ არა საერთო გამოყენების ზედაპირების, მოაჯირების, კარის სახელურების, მაგიდების დეზინფექცია?
გარდა ამისა, მშობლები აცნობიერებენ, რომ, თუკი სკოლებში ვერ მოხერხდა უსაფრთხოების დაცვა, მაშინ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, სწავლა კვლავ ონლაინ რეჟიმზე გადავიდეს, რაც დამატებითი ფსიქოლოგიური სტრესი იქნება ბავშვებისათვის.
განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის ცალკეული რეკომენდაციები შეიმუშავა. მათ შორის, სკოლის სივრცეში შესვლისას მოსწავლემ თერმოსკრინინგი უნდა გაიაროს, საკლასო ოთახში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, მოსწავლეები არ უნდა ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მერხები ორმეტრიანი დისტანციით უნდა იდგეს. თუკი შესაძლებელია, გაკვეთილი უნდა ჩატარდეს ღია სივრცეში. ყოველი შესვენებისას საკლასო ოთახი უნდა განიავდეს და მაგიდები და საერთო გამოყენების ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით.
რამდენად ადეკვატურია განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციები, ამის შესახებ for.ge-ს საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, ექსპერტი განათლების საკითხებში, პროფესორი ზურაბ ვახანია ესაუბრა.
დისტანციური სწავლების გამო მოსწავლეებში თვალით ხილული პრობლემები აღინიშნება, მათ შორის, აგზნება, უძილობა, საგნის ათვისების პრობლემა, სიმსუქნესა და სხვა შინაგან პრობლემებზე რომ არაფერი ვთქვათ. უკვე ორჯერ მოუხდათ ბავშვებს ონლაინ რეჟიმში მეცადინეობა, რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ამდენი ხნის თვითიზოლაციამ?
- რაიონებში, სოფლებში თითქმის არ გაჩერებულა სასკოლო სწავლება. სასწავლო პროცესის განახლება სკოლის დირექციის გადასაწყვეტი იყო, იმისდა მიხედვით, თუ როგორი მდგომარეობა ჰქონდათ. ზოგიერთი სკოლა ადრე გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, ზოგი გვიან, სხვადასხვანაირად მიმდინარეობდა ეს პროცესი. ცხადია, რაც უფრო დიდხანს იყო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე, იმ ბავშვებს მით უფრო მეტად ეტყობათ აშლილობა და ნაკლოვანება. რად უნდა ამას საუბარი, რომ ძალიან ცუდია დისტანციური სწავლება, მაგრამ, მეორე მხრივ, სულ ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ, რომ ჩამოწერილი ინსტრუქციების დაცვა შეუძლებელია. ეგ არის სიყალბე, რომ სკოლაში ეს ინსტრუქციები იქნება დაცული. ამიტომ, თუკი სკოლას არ აქვს საშუალება, საკმარისი ფართობი, მაშინ იქ არ უნდა იყოს დასწრებული სწავლება, რადგან ეს სახიფათოა. მერე კიდევ მაინც დასაკეტი გახდება სკოლები.
მშობლებს ყველაზე მეტად აშინებთ გაკვეთილებს შორის შესვენებები და არა საკლასო ოთახები, რადგან შესვენებაზე უამრავი ბავშვი ერთად იყრის თავს, ისინი ერთმანეთს ეხებიან, მოიხსნიან პირბადეს, სადღაც დააგდებენ, შემდეგ ისევ გაიკეთებენ დაინფიცირებულ პირბადეს.
- შესვენებებზე რომ არაფერი ვთქვათ, ზოგიერთ კლასშიც ძალიან დიდი სიმჭიდროვეა, ახლო-ახლო სხედან ბავშვები, როგორ უნდა დაიცვან სიფრთხილე, როცა ბავშვი აცემინებს?! ამიტომ სკოლას გააჩნია, ზოგან არის საკმარისი ფართობი, ზოგან-არა. საზოგადოდ, პანდემიას რომ თავი დავანებოთ, ჩვეულებრივ, ნორმალურ მდგომარეობაშიც ქალაქებში იშვიათია სკოლა, რომ აკმაყოფილებდეს ნორმატივებს, სტანდარტებს. კომუნისტების დროს სტანდარტები იყო, იმ პერიოდში იცოდნენ, თითოეული ბავშვისთვის რამდენი ფართობი იყო გათვალისწინებული, ფანჯრების ფართობი რამდენი უნდა ყოფილიყო, მოცულობა ოთახში და სხვა. დღეს ყველა ეს სტანდარტი დარღვეულია, თითქმის ყველა ქალაქში, საკლასო ოთახში არასაკმარისი სივრცეა. თქვენ რომ ინტერნეტში ნახოთ ევროპული სკოლები, ორ-სამჯერ მეტი ფართობია, აღჭურვილობაზე აღარაფერს ვამბობ. ამიტომ ჩვენს სკოლებში, გვინდა-არ გვინდა, ბავშვებს გაკვეთილებზე ძალიან ახლოს მოუწევთ ერთმანეთთან დასხდომა.
უცხოეთის სკოლებში კოვიდისგან თავის ასარიდებლად სხვადასხვა რეკომენდაციებია, მათ შორის, 2-მეტრიანი დისტანცია, ყოველ 10-15 წუთში ოთახის განიავება, ფანჯრების გამოღება, შესვენებაზე მოსწავლეები სახლში გადაირბენენ და შინ იკვებებიან. კვების ჰიგიენის დაცვა რამდენად მნიშვნელოვანია?
- კვების საკითხი მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, აკრძალული უნდა იყოს მოსწავლეების სკოლაში კვება, მოსწავლეებმა საკვები სახლიდანაც არ უნდა მიიტანონ, რადგან გამორიცხულია, ბავშვმა ხელი დაიბანოს, ზოგიერთი მოსწავლე იბანს ხელებს, ზოგი-არა, პირბადეს იხსნიან, შემდეგ არაჰიგიენური ხელებით იკეთებენ, ამიტომ კვება საზოგადოდ არ უნდა იყოს სკოლებში. ზუსტად ამიტომ გაკვეთილები უნდა შემცირდეს, რომ გაძლოს ბავშვმა. სოფლებში ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა, ზოგან იქვე ცხოვრობენ მოსწავლეები. ეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს კონკრეტული სკოლის პირობებიდან გამომდინარე.
განათლების სამინისტრომ ძალაში დატოვა ჰიბრიდული სწავლება. დისტანციური და დასწრებული სწავლება მოსწავლეთა სეგრეგაციას ხომ არ გამოიწვევს?
- ეს კიდევ უფრო უარესია, რადგან ერთი კლასის მოსწავლეები სხვადასხვანაირად ისწავლიან, სხვადასხვა პროგრამას გაივლიან, ეს უფრო მეტად გამოიწვევს დისტანცირებას ერთმანეთისგან, თუნდაც სასწავლო პროგრამებით, თუნდაც მენტალურად. ეს ყველაფერი ძალიან ცუდია, მაგრამ სხვა გზა არ არის კოვიდის გამო. რაც შეეხება სკოლის დერეფნებს, ზოგან დერეფნებში უფრო დიდი სივრცეა, ვიდრე საკლასო ოთახებში, თუმცა შესვენებები სახიფათო იმითაა, რომ ბავშვების კონტროლი კიდევ უფრო რთულდება. გაკვეთილზე რეკომენდაციების დაცვაც რთულია, ასჯერ ხომ არ ეტყვის მასწავლებელი სათითაოდ ყველა მოსწავლეს, გაიკეთე პირბადე! გაიკეთე პირბადე!
რამდენად მნიშვნელოვანია, სკოლებში სწავლება სამ ცვლაში მიმდინარეობდეს კორონავირუსის საშიშროების გამო?
- რა თქმა უნდა, რაც უფრო ნაკლები ბავშვი იქნება ერთად, მით უკეთესი. ახლა პირბადის ტარებაზეც სხვადასხვა წესია დაწესებული მოსწავლის ასაკიდან გამომდინარე. სინამდვილეში, მე-8 კლასელს ისევე სჭირდება პირბადე, როგორც მე-2 კლასელს, განსხვავება არაა. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ პანდემიის გამო ერთი წლით უკვე ჩამორჩენილები არიან ჩვენი ბავშვები სწავლებაში. არ შეიძლება მექანიკურად პროგრამის გავლა. ეს საშინელებაა, ეს არ არის ნორმალური სწავლება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაოდენობითაც ბავშვებს გაცილებით ნაკლები გაკვეთილი ჩაუტარდათ, ვიდრე სასწავლო გეგმით იყო გათვალისწინებული და, თანაც, თითო გაკვეთილი ნაკლები ხანგრძლივობის იყო. მარტო ეს რაოდენობრივი მხარე რამხელა ჩამორჩენაა, ამას ემატება, რომ ხარისხი იმის ნახევარიც არ არის, რაც საკლასო ოთახში იყო. გარდა ამისა, მოსწავლეები მშობლებს ატყუებენ, თითქოს ონლაინსწავლებაში არიან ჩართულნი, სინამდვილეში, კომპიუტერით თამაშობენ.
- დიახ, ონლაინსწავლება იმისთვისაა, რომ ბავშვი ტყუილად არ იყოს და არ ამოვარდეს კალაპოტიდან, თორემ ამით სასწავლო პროგრამის სანახევროდ დაძლევაც კი შეუძლებელია. რაც მთავარია, ჩვენს სკოლებში არ არის ფართობი, თავიდანვე სკოლებში არ უნდა დარღვეულიყო ეს სტანდარტები, ახლა ამის გადაკეთება რთულია.