წლების შემდეგ დარღვეულმა დუმილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის ვერსიებმა და თვითაღიარებებმა ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, უფრო მეტი კითხვა გააჩინა. გოგაშვილი არც მალავს გამოძიების ხარვეზებს და ამბობს, რომ არ იცის, სად იყიდა გიორგი მამალაძემ ციანიდი, რატომ არ მოხდა შესყიდვისა და ამოღების მომენტის დაფიქსირება, ამდენად, ეს ორი მომენტი გამოძიების მინუსია. თუმცა სოსო გოგაშვილი ამტკიცებს, რომ ციანიდი ნამდვილად შეიძინა მამალაძემ და მამალაძე კრიმინალია. უბრალოდ, ის მარტო არ უნდა იჯდეს.
სოსო გოგაშვილის მინიშნებით, პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის სოსო ოხანაშვილის და გიორგი მამალაძის სამიზნე იყო პატრიარქის რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი. სცენარის მიხედვით, მამალაძის მიერ შეძენილი ციანიდი უნდა მოეფრქვიათ პატრიარქისთვის განკუთვნილ საჭმელზე, რომელიც გერმანიის კლინიკაში მყოფი უწმინდესისთვის შორენას უნდა შეეტანა, რის შემდეგაც შორენას ხელებში ეცემოდნენ, ბერლინის პოლიციას გამოიძახებენ და კამერების წინ ამხელდნენ შორენას პატრიარქის მოკვლის მცდელობაში. ამის შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდებოდნენ, როგორც პატრიარქის სიცოცხლის გადამრჩენელი გმირები. ეს კი მათ გავლენას გააძლიერებდა.
სოსო გოგაშვილის მტკიცებით, „შეთქმულებს“ მსგავსი ოპერაციის განხორციელება უფრო ადრეც, 2016 წელს უცდიათ. ამ საქმეში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის ჩართვას ცდილობდნენ, რომლისგანაც რომელიმე ჩრდილოკავკასიელის მოძიებას ითხოვდნენ „ერთი ქალბატონის გასანეიტრალებლად“, თუმცა ბიზნესმენი შეშინდა და ამ ოპერაციას არ დათანხმდა.
ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სოსო გოგაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა ამ ინტერვიუს მსვლელობისას. მან აჩვენა, რომ სპეცსამსახურები შეიძლება გვისმენენ და გვითვალთვალებენ, მაგრამ მოსმენილიდან და ნანახიდან აზრი ვერ გამოაქვთ.
ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილი არის სახე ქართული უსაფრთხოების. მთელი ჩვენი ტრაგედია ის არის, რომ ასეთი ხალხი მართავს და მართავდა უსაფრთხოებას. ის რიგითი ოფიცერი კი არ იყო, არამედ პირველი-მეორე კაცი უსაფრთხოებაში.
„ახლა მაინც უნდა მივხვდეთ, რა ხდება ამ სისტემაში, ასეთი ხალხია იქ თავმოყრილი. სოსო გოგაშვილი ღირსეულად და ტრამპა-ცუმპით გამოუშვეს სისტემიდან, კინაღამ დეპუტატობაც უნდოდა და საამისო პრეტენზიაც ჰქონდა ამ ადამიანს, რომლისგანაც უსაფუძვლო ბრალდებების მეტი არაფერი ისმის. თუ რამე მტკიცებულება აქვს, თქვას პირდაპირ, ხომ უსაფრთხოებაში იყო, კეთილი ინებოს და დადოს დოკუმენტები, მის ხელში იყო ეს ყველაფერი. მან მტკიცებულებებით უნდა ისაუბროს. როცა ლაპარაკობს, რომ გიორგი მამალაძე კრიმინალია და ამ დაჯგუფებას შორენას მოშორება უნდოდა, მტკიცებულებებია საჭირო და ეს გამოძიების საქმეა“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
მისი აზრით, ფაქტია, საპატრიარქოში აშკარად მოხდა რაღაც უმსგავსოება. ბევრ ადამიანზეა ეჭვი და არის მოსაზრება, რომ პატრიარქის მოწამვლა უნდოდათ. პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ, ალბათ, უნდოდათ კიდეც პატრიარქის მოწამვლა, ან არ უნდოდათ. ფაქტია, ისე გასკდა ეს ამბავი, ისე გამოჟონა, რომ რაღაც საეჭვო მოხდა, მამალაძე ციხეშია. ანალიტიკოსი თვლის, რომ, თუ უსამართლოდ ზის მამალაძე, მაშინ გამოსაშვებია და გასარკვევია, რატომ ზის, ცხადია, ჭორაობით არ შეიძლება ადამიანის ციხეში ჩასმა, ვიღაცისთვის რაღაცის დაბრალება. ამდენად, გოგაშვილის საუბრიდან ვერ დავამტკიცებთ, მამალაძე დამნაშავეა თუ არა. შესაბამისად, გიორგი მამალაძის ადვოკატები რომ სვამენ კითხვებს, საჭიროა, ამ კითხვებს პასუხი გაეცეს.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მამალაძის საქმესთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ ამ საქმეში ბოლომდე არ არის გარკვეული სიმართლე, მანამდეც იყო საუბარი, თითქოს დეკანოზი ამზადებდა ციანიდს და შემდგომში პატრიარქი უნდა მოეწამლათ გერმანიაში, თუმცა დღემდე ბევრი ეჭვი არსებობს, რატომ არის დაკავებული გიორგი მამალაძე.
„სოსო გოგაშვილმა მიანიშნა ოხანაშვილის შესახებ და აღნიშნა, მამალაძე მარტო არ უნდა იჯდესო. კი ბატონო, მაშინ გამოძიება უნდა დაიწყოს, მაშინ სოსო გოგაშვილმა პროკურატურას უნდა მიმართოს ამ მოთხოვნით და საამისოდ კონკრეტული დასაბუთება უნდა არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ახლა კი არ უნდა ამოეღო ხმა. თუ გული ასე შესტკიოდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც 3- 4 წლის წინ მოხდა, მაშინ მანამდე ამოეღო ხმა და, თუ პატიოსანი იყო, გადამდგარიყო მანამდე. ახლა, როცა თანამდებობაზე არ არის და ზუსტად ახლა აპროტესტებს ამ საქმის დეტალებს, რა თქმა უნდა, მრავალი კითხვა არსებობს“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.
მანვე დასძინა, რომ ბრძოლა მიმდინარეობს ეკლესიაში პატრიარქის ტახტის ხელში ჩასაგდებად და ჩვენ ეს კარგად ვიცით. თუნდაც წმინდა სინოდის ბოლო სხდომამ ცხადყო, რომ იქ არსებობს დაპირისპირება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ გახმიანებულა. თვითონ ქართული ეკლესიის შიგნით არსებობენ გარკვეული პრორუსული ძალები, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ეწევიან და არსებობენ პროგრესული ძალები, თუმცა პროგრესული ძალები უმცირესობაში არიან და ხშირად მათ წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს.
„ასე მგონია, მეუფე პეტრე ცაავას წინააღმდეგ აგორებული კამპანია სწორედ ამის შემადგენელი ნაწილია. საერთო ჯამში, მინდა ვთქვა, როგორც ქრისტიანმა და მორწმუნემ, ქართული ეკლესია რეფორმირებას საჭიროებს და მას საკუთარი მარტინ ლუთერი სჭირდება“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე.
„ასე მგონია, მეუფე პეტრე ცაავას წინააღმდეგ აგორებული კამპანია სწორედ ამის შემადგენელი ნაწილია. საერთო ჯამში, მინდა ვთქვა, როგორც ქრისტიანმა და მორწმუნემ, ქართული ეკლესია რეფორმირებას საჭიროებს და მას საკუთარი მარტინ ლუთერი სჭირდება“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე.
არცთუ ხშირად ვეთანხმები ამ ორ პიროვნებას; ახლა კი სავსებით ვიზიარებ ციტირებულ მოსაზრებებს!!!