ცნობილი ქართველი ფალავანი, ამჟამად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე უცხოეთში ჩატარებულ შეჯიბრებებში არაერთხელ გამოსულა.
ბატონი ლუკა სხვადასხვა სახალისო ისტორიებში არაერთხელ აღმოჩენილა. დღეს მის თავს გადამხდარ ერთ ამბავს გაგაცნობთ. ამ შემთხვევას კურტანიძე არაერთხელ იხსენებდა.
„ერთხელ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ირანში ვიყავი. ამ ქვეყანაში ზედიზედ რამდენიმე ტურნირში მივიღეთ მონაწილეობა და თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით. ამ დროს მასპინძლებმა კიდევ ერთ შეჯიბრში ასპარეზობა გვთხოვეს და ნაკრების ხელმძღვანელობამაც მათ უარი ვერ უთხრა.
ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ავტობუსით კიდევ დაახლოებით 1700 კმ უნდა გაგვევლო. ძალიან დაღლილი ვიყავი და ბუნებრივია, რომ ამ ინფორმაციამ ჩემში დიდი აღფრთოვანება არ გამოიწვია. ცუდ ხასიათზე დავდექი, ნერვებიც დამეძაბა და ჩემთვის ჩავილაპარაკე, რომ აღარაფერი მინდოდა და საქართველოში მარტო დავბრუნდებოდი.
ჩემი ეს სიტყვები გვერდით მჯდომმა ზაზა ტყეშელაშვილმა გაიგონა და თავისთვის ჩაიცინა: – “რა მოხდა მერე, კიდევ ერთხელ იჭიდავებო”. ამაზე კიდევ უფრო გავბრაზდი და “შენ ვინ გეკითხება”– მეთქი, შევეკითხე.
რასაკვირველია, ეს სიტყვები არ ესიამოვნა და ჩემსკენ გამოიწია. მეც მედგრად დავუხვდი და ირანის რომელიღაც პროვინციულ ქალაქში მდგარი ჩვენი ავტობუსის სალონში, ჭიდაობის, კრივის და კეტჩის ილეთების გამოყენებით სერიოზული ჩხუბი გავაჩაღეთ.
თავიდანვე ფეხქვეშ ვიგდე და მთელი სხეული შევუბოჭე. მალე დავიღალე და ერთი სული მქონდა, ვინმეს გავეშველებინეთ. მაგრამ, დახეთ ბედის ირონიას, ნაკრების წევრები ჩარევის მაგივრად ორად გაიყვნენ და ზოგი მე მგულშემატკივრობდა, ზოგი კი ზაზას უჭერდა მხარს. გეცოდინებათ, რომ ტყეშელაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში იაპონიაში პროფესიონალების ასპარეზობებში გამოდიოდა და მალე ამ „საავტობუსო ინციდენტში“ ბრძოლის სასწორი მისკენ გადაიხარა.
ამ დროს ავტობუსში დათო ხურცია შემოვარდა და ჩვენს თავზე მდგარი ბიჭები აქეთ-იქით მიყარა. მეგონა, გვეშველა-მეთქი, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩამივარდა. ხურციამ სეირის ყურება დაიწყო და ირონიული ტონით ორივეს რჩევა-დარიგებების მოცემა დაგვიწყო. ბოლოს და ბოლოს გაგვაშველეს და ორივე მეტოქე ცალ-ცალკე გაგვიყვანეს.
იმ ისტორიულ დღეს რომელიღაც სასტუმროში დავბინავდით და ზაზასთან შერიგება გადავწყვიტე. როდესაც მის ოთახს მივუახლოვდი, ჩემი მისამართით წარმოთქმული მუქარების მთელი კორიანტელი შემომესმა. გავაღე კარი და „ტყეშელ, ძმები ვართ და რა გვაქვს გასაყოფი“ - მეთქი, ვუთხარი. რასაკვირველია, შევრიგდით და ამის შემდეგ ეს ინციდენტი ტკბილ მოგონებად იქცა.
დღემდე ზაზა ჩემი საუკეთესო მეგობარია და, როდესაც ირანში მაშინდელ მოგზაურობას ვიგონებთ, ამ ჩხუბსაც ვიხსენებთ და ორივეს გულიანად გვეცინება.“