რამდენიმე დღის წინ მსოფლიო სპორტულ მას-მედიაში სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს, ჭიდაობის ორივე სახეობა ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოღებული იქნება.
ეს გადაწყვეტილება ერთი მხრივ მართებულიც გახლდათ, რადგამ ჭიდაობის მსოფლიო ფედერაცია და მისი შვეიცარიელი პრეზიდენტი რაფაელ მარტინეტი კორუფციის დიდ ქვევრს დაემსგავსა.
საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ ევროპისა და მსოფლიო პირველობების დაწყების წინ, ჭიდაობის მსოფლიო ფედერაცია წარმატებულ ლომბარდად არის გადაქცეული. ამ ასპარეზობების სტარტამდე გუნდების ხელმძღვანელებს გარკვეული თანხები მიაქვთ და მომავალი მედლები კაბინეტებში ნაწილდება.
ანალოგიური სისტემა ოლიმპიური თამაშების დროსაც მოქმედებს. გაიხსენეთ, თუნდაც გასულ წელს, ლონდონში რამდენი ქართველი ფალავანი დაიჩაგრა.
ამ „აღებ-მიცემაში“ განსაკუთრებით რუსები და აზერბაიჯანელები გამოირჩევიან. სპორტის ამ სახეობაში ძირითადად დაღესტნელები გამოირჩევიან და მათ საკუთარი მაფია აქვთ ჩამოყალიბებული. იგივე აზერბაიჯანის ნაკრებში რამდენიმე ჩრდილო კავკასიელი ასპარეზობს და იქაურებიც კულისებს მიღმა ოპერაციებში აქტიურად მონაწილეობენ.
მედლის მოპოვება თუ გსურთ, შეგიძლიათ კუბელებს დაუკავშირდეთ. უბერებელი ფიდელ კასტროს თანამემამულეები ჭიდაობაში გარკვეული წარმატებებით გამოირჩევიან და ბიზნესის სარფიან სახეობად აქვთ გადაქცეული.
საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ ფინალური ორთაბრძოლების წინ „თავისუფალი კუნძულის“ წარმომადგენლები ერთგვარ აუქციონს ატარებენ და ამ ვაჭრობაში გამარჯვებული ოქროს მედალს ღებულობს. კულუარული ცნობით, ამ ბინძურ საქმეში კუბის ხელისუფლების მაღალჩინოსნები მონაწილეობენ და მიღებული ევროები თუ დოლარები ფიდელ კასტროს რეჟიმის ანგარიშზე ირიცხება.
ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებამ მსოფლიო საჭიდაო სამყაროში დიდი პროტესტი გამოიწვია. საკუთარი აზრი საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმაც დააფიქსირა.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისთვის, ქართული სპორტული საზოგადოებრიობისთვის, სპორტის გულშემატკივრებისთვის მეტად მოულოდნელი და სამწუხარო იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება ჭიდაობის სახეობების (თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) ოლიმპიურ პერსპექტივასთან დაკავშირებით.
2013 წლის 12 თებერვალს მიღებული დადგენილების თანახმად, სოკ-ის აღმასრულებელმა საბჭომ, სპეციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე, რეკომენდაციით მიმართა სოკ-ის 125-ე სესიას, სპორტის ძირითადი ოლიმპიური სახეობის რიგებიდან, შესაბამისად კი - 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოიღოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა.
როგორც ირკვევა, ამგვარი რეკომენდაციის მიღებისას, სოკ-ის აღმასრულებელმა საბჭომ გაითვალისწინა მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებში ჭიდაობის სახეობების თითქოსდა დაბალი პოპულარობა და სატელევიზიო რეიტინგი, ბილეთების რეალიზაციასთან, დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე სხვა მეტნაკლებად აქტუალური საკითხები.
ჩვენი აზრით, ამ საკითხთა რიგში ასევე შედის ჭიდაობის მაღალჩინოსნების და მსაჯების კორუფციულ გარიგებებში შესაძლო მონაწილეობა, დიდ შეჯიბრებებზე, მათ შორის - ოლიმპიურ თამაშებზე აღებ-მიცემობის გახშირებული, ოღონდ დაუდასტურებელი შემთხვევები, რისი მსხვერპლნიც, სხვებთან ერთად, არაერთხელ გამხდარან ქართველი სპორტსმენები. ამ და სხვა საჭირბოროტო პრობლემებს თავად ჭიდაობის სამყარომ უნდა მიხედოს და რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს.
მაგრამ აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ ჭიდაობა, როგორც ტრადიციული, ანტიკური ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული ერთ-ერთი ძირითადი ოლიმპიური და ათეულობით ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში მეტად გავრცელებული და პოპულარული სახეობა, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დარჩეს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის ბიუროს წევრებმა ბატონ რაფაელ მარტინეტის უნდობლობა გამოუცხადეს და თანამდებობიდან გადააყენეს.
„ფილა“-ს ბიუროს საგანგებო სხდომა გუშინ საღამოს ტაილანდში გაიმართა. მისმა წევრებმა კორუფციაში გასვრილი პრეზიდენტი გადაირჩიეს და მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტს სპეციალური წერილი გაუგზავნეს. ისინი ჭიდაობის ორივე სახეობის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში დატოვებას ითხოვენ, სამაგიეროდ პირობას სდებენ რომ სპორტის ეს სახეობა კორუფციისაგან გაიწმინდება.
შვეიცარიელი რაფაელ მარტინეტი ამჟამინდელ თანამდებობას 2002 წლიდან იკავებს. ის საქართველოში არაერთხელაა ნამყოფი. ჩამოვიდოდა, იქეიფებდა, საჩუქრებს მიიღებდა, ჩვენებურებს მომავალში დახმარებას დაპირდებოდა და აზერბაიჯანში მიდიოდა.
ბაქოში ჩასული ადგილობრივებს ოქროს მთებს პირდებოდა, ოღონდაც საქართველოსგან განსხვავებით საჩუქრის სახით დიდძალ თანხას იღებდა და მომავალ შეჯიბრებებში აზერების წარმომადგენლებს აქტიურად ეხმარებოდა.