უეფა ჩემპიონთა ლიგის ფორმატის რეფორმას აპირებს. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ 2024 წლიდან ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი განახლებული სისტემით ჩატარდება და რა თქმა უნდა, არსებობს კითხვები, როგორი ფორმატი ექნება განახლებულ ჩემპიონთა ლიგას.
ჯერ ტურნირის ფორმატი ოფიციალურად არ შეცვლილა, მაგრამ თითქმის ცნობილია როგორი იქნება და ამის შესახებ დეტალურად გიამბობთ:
ჩემპიონთა ლიგის განახლებული ფორმატი
მონაწილეთა რაოდენობა 32 გუნდიდან 36-მდე გაიზრდება და ყველა გუნდი საერთო სატურნირო ცხრილში მოექცევა (ჯგუფური ეტაპის გარეშე). ტურნირის დაწყებამდე გუნდები ოთხ სხვადასხვა კალათაში გადანაწილდებიან უეფას რეიტინგის მიხედვით.
ტურნირის პირველ სტადიაზე თითოეული გუნდი 10-10 მატჩს ჩაატარებს (5 სახლში, 5 სტუმრად). პირველი კალათის გუნდი 2 მატჩს ასევე პირველი კალათის გუნდთან გამართავს, 3 შეხვედრას მეორე კალათის წარმომადგენელთან, ასევე სამ თამაშს მესამე კალათის გუნდთან, ხოლო მეოთხე კალათის გუნდს ორჯერ შეხვდება (2-3-3-2).
10 მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილი მთლიანობაში შეჯამდება (როგორც შიდა ჩემპიონატებშია). პირველი-რვა გუნდი მერვედფინალში პირდაპირ გავა, ხოლო 9-16 ადგილოსნები პლეი-ოფში 17-24 ადგილოსნებს შეხვდებიან. წყვილებში გამარჯვებულები მერვედფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებენ, ხოლო დამარცხებულები ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებენ. ამის შემდგომ სისტემა უცვლელი იქნება და დღევანდელი სახე ექნება (მერვედფინალი, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, ფინალი).
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ამჟამად 32 გუნდი თამაშობს და ისინი 8 ოთხგუნდიან ჯგუფში ნაწილდებიან, ხოლო ორ-ორი საუკეთესო პლეი-ოფში თამაშის უფლებას იღებს.