მასტერკლასი

მასტერკლასი "იუვეს" დაცვისგან და იტალიის თასის ფინალი

იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალი ტურინის „იუვენტუსსა“ და მილანის „ინტერს“ შორის ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველი მატჩი ერთი კვირის წინ ტურინელებმა მილანში კრიშტიანუ რონალდუს დუბლით 2:1 მოიგეს და ბუნებრივია, საპასუხო შეხვედრის წინ გარკვეული პლაცდარმი ჰქონდათ შექმნილი.

„ალიანც სთედიუმზე“ ანტონიო კონტეს „ინტერი“ ბურთსაც ფლობდა და მწვავე იერიშებსაც ახორციელებდა, მაგრამ მეტოქის კართან, უფრო მეტიც საჯარიმოსთან უკვე პრობლემებს ვეღარ ქმნიდა და ამიტომაც, ვინც ამ თამაშს უყურებს, ძალზე გაუჭირდება ჯანლუიჯი ბუფონის რთული სეივი გაიხსენოს ან კარს მცირე მანძილით აცილებული ბურთი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, „ინტერი“ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მომენტები ვერ შექმნა და გოლიც ვერ გაიტანა. ამაში "იუვენტუსის" დაცვის ხაზის უდიდესი წვლილია, რომელიც დიდებულად გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ლეონარდო ბონუჩის არ უთამაშია, ჯორჯო კიელინი მხოლოდ ბოლო 8 წუთი იყო მოედანზე. მატიას დე ლიხტისა და მერიჰ დემირალის სახით ტურინელებს დიდებული წყვილი ჰყავთ. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ "იუვესგან" დაცვისგან მასტერკლასი ვიხილეთ. სხვათა შორის, 2015 წლის შემდეგ, უკვე ზედიზედ 6 მატჩია „ნერაძურის“ „იუვესთვის“ ტურინში გოლი არ გაუტანია.

საპასუხოდ, „იუვენტუსი“ უმეტესად თავს იცავდა, მაგრამ შეტევაში უფრო ქმედითი იყო და სამჯერ რეალური მომენტი გაანიავა. სამჯერვე კრიშტიანუ რონალდუმ, რომელსაც ყველა შემთხვევაში სამირ ჰანდანოვიჩმა აჯობა. გამოსარჩევია ერთი მომენტი, როდესაც პორტუგალიელი სლოვენიელთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მისთვის არადამახასიათებლად ცუდად დაარტყა.

ასე იყო თუ ისე, „იუვენტუსმა“ მილანში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და ნულოვანი ფრით ფინალში გავიდა, უკვე მეოცედ და ეს რეკორდია. შემდეგ მოდიან „რომა“ (17) და „ინტერი“ (13). ანდრეა პირლოს გუნდს ფინალში „ატალანტა“ – „ნაპოლის“ წყვილში გამარჯვებული ელოდება, პირველი მატჩი ნეაპოლში უგოლოდ დასრულდა.