როგორც შევიტყვეთ, ცოტა ხნის წინ მსახიობი ხატია ბრაჭული პრეზიდენტთან, ავლაბრის რეზიდენციაში, ლანჩზე მიიწვიეს. ინფორმაცია თავად მსახიობთან გადავამოწმეთ, რომელმაც ეს ამბავი დაგვიდასტურა და აღნიშნა: ბატონი მიხეილი ნამდვილი ჯენტლმენი, მხიარული, ჭკვიანი ადამიანი გახლავთ და მასთან ვიზიტით აღფრთოვანებული ვარო...
- დიდი სანაცნობო წრე მყავს. ხშირად აღმოვჩენილვარ ისეთ საღამოზე, სადაც პრეზიდენტიც ყოფილა. პირველად ბატონი მიხეილი ბათუმის პიაცაზე ვნახე - ნიკოლოზ რაჭველის კონცერტს ესწრებოდა. იქ სხვა მსახიობებთან და მომღერლებთან ერთად ვიყავი. პრეზიდენტის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი. ბატონი მიხეილის პირადად გაცნობის სურვილი ყოველთვის მქონდა. ჰოდა, ცოტა ხნის წინ, როცა ჯაზის საღამო გაიმართა, გავბედე, მასთან მივედი და მადლობა გადავუხადე იმისთვის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთა. მაგალითად, მე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. ჩემი დამსახურება ის არის, რომ კარგად ვსწავლობდი და ეროვნული გამოცდების ჩაბარება შევძელი, უნივერსიტეტში მოსახვედრად კი გარემოებამ შემიწყო ხელი, რაც უკვე პრეზიდენტის დამსახურება გახლავთ: დღეს ახალგაზრდებს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება "ჩაწყობის" გარეშე შეგვიძლია; ზაფხულობით, როცა მატერიალური პრობლემების გამო ამა თუ იმ ადგილას დასასვენებლად წასვლას ვერ ვახერხებდი, "პატრიოტთა ბანაკში" მივდიოდი... ბატონ მიხეილს ისიც ვუთხარი, რომ მისი რეზიდენციის ნახვა მაინტერესებდა. ჰოდა, სხვა სტუმრებთან ერთად, ლანჩზე დამპატიჟა.
- როგორი რეაქცია გქონდა?
- ისე გამიხარდა, რომ ამის შესახებ ყველა ახლობელს, მეგობარს, ნაცნობს ვუთხარი!
- ალბათ, პრეზიდენტთან ლანჩზე წასასვლელად განსაკუთრებულად ემზადებოდი, არა?
- დიახ. მხოლოდ გარეგნობაზე კი არ ვიზრუნე, უპირველეს ყოვლისა, იმაზე ვფიქრობდი, - რეზიდენციაში ყოფნისას რაიმე სისულელე არ ვთქვა-მეთქი. გავაცნობიერე, რომ პრეზიდენტს
ვხვდებოდი და არა - რიგით ადამიანს. ლანჩზე ჩემს ქცევას, მანერებს დიდ ყურადღებას ვაქცევდი.
- რეზიდენციაში წასვლამდე ვინმეს რჩევა ჰკითხე?
- ყველაფერი დედასთან ერთად გადავწყვიტე.
- მასპინძელი როგორ დაგხვდა?
- ცოტა დაძაბული ვიყავი, მაგრამ ბატონი მიხეილი უშუალო პიროვნება გახლავთ. ალბათ, ჭკვიან ადამიანებს ახასიათებთ, რომ არ დაგაკომპლექსონ, დისკომფორტი არ შეგიქმნან. რეზიდენციაში არსებულმა სიტუაციამ თავი შინაურულად მაგრძნობინა. მგონი, ჩემს ადგილზე ყოფნას ბევრი ინატრებდა. პრეზიდენტმა სერიალთან - "გოგონა გარეუბნიდან" დაკავშირებით მკითხა: - დაგიხურეს, არაო? სხვადასხვა საკითხზეც ვისაუბრეთ. ხომ არის შემთხვევები, როცა ადამიანის პირადად გაცნობისას იმედი გიცრუვდება? ბატონი მიხეილი კი იმაზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. საღამომ კარგად ჩაიარა. სასახლე დავათვალიერე, სურათები გადავიღე. პრეზიდენტმა სტუმრებს საჩუქრები დაგვირიგა.
- თუ საიდუმლო არ არის, რა გაჩუქა?
- კულონი... ის უბედნიერესი დღე არასოდეს დამავიწყდება!
- ლანჩზე კიდევ ვინ იყვნენ?
- მთავრობის ყოფილი წევრები.
- სუსტი სქესის წარმომადგენელი მხოლოდ შენ იყავი?
- არა, კიდევ ერთი ქალბატონი - სალომე მახარაძეც იყო. იცი, რა მომეწონა? დისკუსიაში მეც ჩავერთე - საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება მქონდა, პრეზიდენტი და სტუმრები კი ჩემი შეხედულებებით დაინტერესდნენ. მოკლედ, თავი გარიყულად არ მიგრძნია.
- რა თემებზე საუბრობდით?
- თეატრალურ სფეროზე, სწავლა-განათლების საკითხზე...
- რეზიდენციაში შენი ყურადღება განსაკუთრებულად რამ მიიქცია?
- ორიგინალური დიზაინი ძალიან მომეწონა, გუმბათით კი აღვფრთოვანდი.
- ხატია, მოსალოდნელი ჭორების არ გეშინია?
- ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორი პიროვნება ვარ და როგორ ოჯახში გავიზარდე. მთავარია, უფალთან იყო მართალი, თორემ ჭორიკანების არ მეშინია. მე ყველაფერს გულწრფელად მოგიყევით. ლამაზი და დასამახსოვრებელი დღე მქონდა!.. ვიცი, დრო გავა და მიხეილ სააკაშვილს ძლიერ პრეზიდენტად, დიდ რეფორმატორად აღიარებენ - ეს ჩემი პირადი აზრი გახლავთ და თავს არავის ვახვევ. შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ კარგიც უნდა დავინახოთ. ახლანდელმა ხელისუფლებამ წინა მთავრობის მიერ გაკეთებული სიკეთე უნდა აღიაროს, ცუდი კი - გამოასწოროს.
- მახსოვს, სერიალის დახურვის შემდეგ მითხარი, - ბერას ტელევიზიაში მუშაობის სურვილი მაქვსო. ისევ ამ აზრზე ხარ?
- მსახიობი ვარ და ნებისმიერ ტელევიზიაში ვიმუშავებ, მაგრამ ალბათ, ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, ბერას ტელევიზიისკენ გზა ჩაკეტილი მექნება. ერთხელ პრეზიდენტის მიმართ აღფრთოვანება გამოვხატე, რასაც ერთ-ერთი ტელევიზიის წარმომადგენელი შეესწრო და ალმაცერად გადმომხედა. პოლიტიკის გამო, ერთმანეთს არ უნდა დავუპირისპირდეთ. აპოლიტიკური ადამიანი ვარ. უბრალოდ, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს პატივს ვცემ.
- დაბოლოს, გვითხარი, - შენი შემოქმედებითი ცხოვრება როგორ მიდის?
- "თავისუფალ თეატრში" სპექტაკლებში ვთამაშობ. მოგეხსენებათ, "ღამის შოუს" სტუდია ახალ არხს აკეთებს, რომელიც ალბათ, ფურორს მოახდენს. სტუდია არხისთვის მოკლემეტრაჟიან ფილმებსაც იღებს. ერთ-ერთში მეც ვმონაწილეობ. ალბათ, თვის ბოლოს ავთო ვარსიმაშვილის ფილმის - "უფრო დიდი იდიოკრატია" გადაღებასაც განვაგრძობთ...