8 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა. აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, თუმცა, აკრძალვა ძალაში რჩება შაბათ-კვირას. ამასთან, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები, რაც ასევე არ იმუშავებს შაბათ-კვირას.
თუმცა, აქვე ჩნდება კითხვა, რა ბედი ელის ქალაქგარეთ მცხოვრებ მოსახლეობას? როდის აღდგება ტრანსპორტი მათთვის?
მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და სავარაუდოდ, ამ სხდომაზე გახდება ცნობილი, აღდგება თუ არა ტრანსპორტი ქალაქგარეთ მცხოვრებთათვის.
„იმის გარდა, რაც ითქვა, ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით. საბჭოს სხდომა როდის არის დაგეგმილი, ჯერ არ ვიცით. დეტალებს შემდგომ გაიგებთ საბჭოს წევრებისგან“, - გვითხრეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
სამარშუტო ტაქსის მძღოლი, რომელსაც მგზავრები თბილისიდან ერთ-ერთი გარეუბანში გადაჰყავს, For.ge-სთან საუბრისას იმედოვნებს, რომ მათთვის ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვა 15 თებერვლიდან მოიხსნება.
„დღეს დაგვირეკეს, რომ 15-მდე დაკვირვების რეჟიმი უნდა იყოს ქალაქზე და საქალაქთაშორისო 15 თებერვლამდე არ იმუშავებს“, - გვითხრა ერთ-ერთმა მძღოლმა.
შესაბამისად, 15 თებერვლიდან უკვე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების აღდგენასაც უნდა ველოდოთ.
ამასთან, 15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ. კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ - გარდა შაბათ-კვირისა; მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.
ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში გააგრძელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებითა და სხვადასხვა პროგრამით.
შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოგვიწოდებს და გვაფრთხილებს: „ამ შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ყველა უნდა იყოს ფრთხილად და დაიცვას წესები“. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, შეზღუდვები თანდათან მსუბუქდება, თუმცა, შეზღუდვები ერთდროულად ვერ გაუქმდება, რადგან ამ შემთხვევაში, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევები კვლავ გაიზარდოს.
„ორშაბათიდან ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რისკის მქონე ფაქტორი მოიხსნება, ეს არის მობილობის ყველაზე მეტი ზრდა, რაც დაკავშირებულია მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავებასთან. აქ ძალიან სიფრთხილე გვმართებს, ყველამ უნდა დავიცვათ წესები. უნდა ვიყოთ აუცილებლად პირბადით. არ შეიძლება, რომ მეტროს ვაგონებში, ავტობუსებში, ან მიკროავტობუსებში ვიყოთ პირბადის გარეშე. აუცილებელია, ასევე დავიცვათ დისტანცია, არ გადაიჭედოს მეტროს თუ ავტობუსების ვაგონები.
უნდა იქნას მაქსიმალურად დაცული დისტანცია. თუ ივსება ძალიან, ჯობია, რომ დაველოდოთ შემდგომს, ვიდრე იქ იყოს დიდი მოზღვავება ხალხის. სასურველია, რიგების მართვა, მეტროში იქნება, თუ საქალაქო ტრანსპორტზე. და რაც მთავარია, ხშირი სანიტარიზაცია, ხელების დაბანა და ისევ და ისევ მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს. არაფერი სასირცხვილო არ არის, თუ ვინმეს დაავიწყდა შემთხვევით პირბადე, ამოვიღოთ პირბადე, დავუნაწილოთ მას. ავტობუსი არ დაიძვრება, თუ ვინმე პირბადის გარეშე იქნება. ასევეა მეტროს ვაგონი და ასე შემდეგ.
კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობას ვთხოვო – არ დავიჯეროთ, რომ რადგან მსუბუქდება შეზღუდვები, ჩვენ დავამარცხეთ კორონა და ვირუსი აღარ არის. არა, დღევანდელი 600 შემთხვევა საქართველოსთვის ბევრია. არ არის 5000, მაგრამ პატარა საქართველოსთვის ბევრია. ამიტომ სლოგანი - ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, - კარგა ხანს იქნება. მაგრამ თანაცხოვრება ნიშნავს, რომ პარალელურად, ჩვენ ყველა ვემორჩილებით იმ წესებს, რასაც ჯანდაცვის სფერო მოსახლეობას მოუწოდებს. კორონავირუსი დამარცხდება მაშინ, როდესაც მოსახლეობის დაახლოებით 70% აიცრება, როდესაც გაჩნდება, და დიდი იმედი მაქვს, რომ გაჩნდება უკვე მაისი-ივნისში, ამის წინასწარი მონაცემები არის, ეტიოტროპული წამლები, რომელიც უშუალოდ კორონავირუსზე მოქმედებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელი იქნება ყველაზე მარტივი საშუალების, პირბადის ტარება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.