მსოფლიო შეიცვალა, ამერიკა ტრამპს, როგორც პრეზიდენტს, დაემშვიდობა და ჩნდება ვარაუდი, რომ „საგარეო პოლიტიკური ქორი“ ჯო ბაიდენი პუტინს ცხოვრებას გაურთულებს. ამასობაში მოსკოვი პეკინის იმედადაა, ეკონომიკურად დასუსტებული რუსეთი სულ უფრო მეტად ჩამოეკიდება ეკონომიკურ გიგანტს - ჩინეთს. დასავლურ მედიაში ფიქრობენ, რომ მოსკოვი იზოლაციაშია, მაგრამ ისე იქცევა, თითქოს ყველაფერი წესრიგშია.
რა ელით მსოფლიო გიგანტებს უახლოეს მომავალში, ამის შესახებ for.ge-ს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტისთვის მილოცვა პუტინმა კარგა ხანს დააგვიანა და, შეკითხვის საპასუხოდ, ხომ არ დააზიანებდა მისი ქმედება აშშ-რუსეთის ურთიერთობას, პუტინმა უპასუხა, „არაფერია დასანგრევი, ის უკვე ჩამოშლილია“. რა ელის ამერიკას და პუტინს ბაიდენის ხელში და რატომ დაავიწყდა ბაიდენს საქართველო პუტინთან საუბრისას?
- ბაიდენი რაც პრეზიდენტი გახდა, მას კონკრეტულად საგარეო პოლიტიკაზე არ უსაუბრია, ამ დღეებში უნდა ჰქონოდა სამსაათიანი ბრიფინგი სახელმწიფო დეპარტამენტში და უნდა გაეჟღერებინა საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, ალბათ, საუბარი იქნებოდა საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეზეც, მაგრამ კლიმატური პირობების გამო ეს შეხვედრა გადაიდო. ცოტა უცნაურია ვაშინგტონში დიდთოვლობის გამო ასეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხების განხილვის გადადება. როგორც ჩანს, ამერიკაში დიდი თოვლი ითვლება ეროვნულ კატასტროფად, ჩვენთან ეს იუმორის საგანი იქნებოდა. ამიტომ დაველოდოთ ვაშინგტონში ამინდის გაუმჯობესებას. რაც შეეხება პუტინთან საუბარს, საქართველო რომ არ ახსენეს, ამას დიდ დანაშაულად არ ვთვლი, რადგან ბაიდენმა პუტინთან ისაუბრა სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე და ეს შესრულდა კიდეც ორივე მხარის მიერ. რასაც ტრამპი ეწინააღმდეგებოდა, ბაიდენმა ეგრევე ხელი მოაწერა და მწვანე აანთო. ეს გზა გეოსტრატეგიული სტაბილურობის მიღწევისკენაა მიმართული. აქ საუბარია, რომ მხარეებმა ბირთვული ქობინების რაოდენობა უნდა შეამცირონ. ანუ უნდა შეამცირონ ბირთვული ტრიადის კომპონენტები - საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო მიმართულებით. ამასობაში უკრაინაში საინტერესო რამ მოხდა, უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა პოროშენკოს და ბაიდენის წინააღმდეგ. რამდენად მართალია, არ ვიცი, მაგრამ ზელენსკიც თურმე ამერიკის დემოკრატიითაა გაწბილებული. ეს ყველაფერი ცოტა გაუგებარია. საქართველოში კი სიტუაცია არეულია, არავინ საუბრობს, რა ხდება ჩვენს რეგიონში, ჩვენ ვიმყოფებით ეროვნული უსაფრთხოების სერიოზულ ჩიხში, ეს ტერმინი როცა დავნერგე, არ მეგონა, ასე მალე თუ აღმოვჩნდებოდით ამ ჩიხში.
ბაიდენს შეუძლია სერიოზული ცვლილებები დაიწყოს ამერიკაში, რაც ზეგავლენას მოახდენს რუსულ პოლიტიკაზე?
- ეს ის ამერიკა აღარ არის. რაც შეეხება რუსეთს, პირიქით, ამ რამდენიმე ხნის წინ რუსეთის სათათბირომ დრაკონული კანონები მიიღო, რომ რუსულ მედიაში დაწესდება დიქტატურა, მალე მიიღებენ კანონს, რომლის მიხედვითაც, მიტინგებიც აიკრძალება. ფაქტობრივად, რუსეთში მიმდინარეობს წმინდა ტოტალური მმართველობა, ოღონდ ტოტალიტარული კაპიტალიზმის ვარიანტში. თუ სტალინის და ბრეჟნევის პერიოდში იყო სოციალიზმი, ახლა კაპიტალიზმის პირობებში რუსეთი არის ტოტალიტარული ტიპის სახელმწიფო, სადაც მიმდინარეობს სტრატეგიული შეიარაღების მოდერნიზაცია. არ ვიცი, საიდან უჩნდებათ რუსებს თანხები, რუსეთი კიდევ უფრო ვითარდება, რამდენადაც პარადოქსი არ უნდა იყოს. ამერიკაში კი სიტუაცია ნამდვილად გაურკვეველია. ბაიდენი რას გააკეთებს, რომელიც ასაკს მიღწეული პიროვნებაა, არავინ იცის. საერთოდ, ცუდი პრეცედენტი აქვს ამერიკას, როცა ასაკოვან ხელმძღვანელებს ირჩევენ. გავიხსენოთ ჯონსონის ფაქტორი, რომელიც ასაკოვანი პრეზიდენტი იყო, ასევე, ფორდი, ფაქტობრივად, მათ არაფერი შექმნეს, ბაიდენიც იგივეა, თანაც, მგონი, ავიწყდება რაღაცები.
ბაიდენი აშშ-ის ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტია, რომელმაც თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი 78 წლის ასაკში დაიკავა, თუმცა ტრამპიც არ ყოფილა ახალგაზრდა, იგი პრეზიდენტი 70 წლის ასაკში გახდა.
- ტრამპი შედარებით ახალგაზრდა იყო, მაგრამ თავისებურად გარეკილი, ბაიდენს მარაზმატიკული ელემენტები ემართება. ასეთ პირობებში სერიოზულად ლაპარაკი, რომ ამერიკის აღზევება მოხდება, ცოტა საეჭვოა. ჩინეთი მაღალი ტემპით მიდის და გაცილებით უფრო ძლიერი იქნება, ამერიკის შესახებ კი რა გითხრათ.
თავის დროზე ტრამპი ცდილობდა, ჩინეთის ჰეგემონია დაეკნინებინა, ეს ვერ მოახერხა?
- ვერ მოახერხა, ამ მხრივ წააგო ამერიკამ. დღევანდელი ამერიკა ჩინეთს ვერ მოუხაზავს, ეს ფაქტია. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, შეიძლება ჩინეთმა მოუხაზოს ამერიკას.
ტრამპს რომ დასცლოდა, ეს შეეძლო?
- ტრამპიც ვერ ახერხებდა ამას, ჩინეთმა უკვე თავისი გეზი ნახა, კოსმოსური ხომალდივით მაღლა და მაღლა მიდის, მისი შეკავება ამერიკას ნამდვილად არ შეუძლია. უფრო მძლავრია ჩინეთის ეკონომიკა და სულ რაღაც ხუთ წელიწადში ჩინეთი გაუსწრებს ამერიკას ეკონომიკური ზრდის ტემპებით. ექსტენსიური განვითარების გზით მიდის ჩინეთი, ეს არის ყველაზე საინტერესო.
ამერიკის სამხედრო დოქტრინაში რუსეთის გარდა ჩინეთიცაა მოხსენიებული, რომელმაც საშიშროებით რუსეთსაც გადაასწრო.
- „სურვილების“ სიაში, კი ბატონო, წერია რუსეთიც და ჩინეთიც. სხვათა შორის, ტრამპი აპირებდა, იანვრის დასაწყისში ამერიკას ირანისთვის და მისი ბირთვული ობიექტებისთვის დარტყმა მიეყენებინა. თავის წასვლას ტრამპი, ალბათ, ამით აღნიშნავდა კიდეც, როგორც წინაზე იმით დაიწყო ამერიკამ, რომ მოახდინა ირანელი სამხედრო მოსამსახურის განადგურება ბაღდადში. ამით ტრამპი ისრაელის სურვილს შეასრულებდა, რადგან ისრაელს არ აქვს იმის იმედი, რომ ბაიდენი მკაცრი იქნება ირანის მიმართ და ისრაელთანაც ისეთივე სტრატეგიული პარტნიორობა ექნება, როგორც დონალდ ტრამპს. ტრამპსა და ისრაელს შორის სტრატეგიული მეგობრობა და გაცილებით დაახლოებული ურთიერთობა იყო, ვიდრე ეს შეიძლება ბაიდენის დროს იყოს და ორივეს ეჩქარებოდა, ირანისთვის მოეგრიხა კისერი. თუმცა მოვლენები ამერიკაში შეიცვალა და ტრამპის იმპიჩმენტი დადგა დღის წესრიგში. ამ ფონზე, როცა სამს პლუს სამი ფორმატია, მთიანი ყარაბაღის პრობლემა დასრულებული არ არის, ირანი უკვე შემოდის ჩვენი რეგიონალური უსაფრთხოების სისტემაში. ჰიპოთეტურად, ამერიკამ და ისრაელმა რომც დაარტყან ირანს და მოხდეს მცირეგაბარიტიანი ლოკალური ომი, ირანი, ბუნებრივია, არ გაჩერდება და კიდევ განახორციელებს არამდგრად სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში.
რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა რა ჭადრაკის თამაშია, რისი მომტანია მათი ე.წ. დამეგობრება და შეიძლება თუ არა მალე ისევ მტრებად იქცნენ? ასევე, რუსეთ-ჩინეთს შორის დამეგობრება გრძელვადიანი იქნება, თუ გეოპოლიტიკურმა შეჯახებამ შესაძლოა, ისინიც მტრებად აქციოს?
- რუსეთ-ჩინეთს შორის მტრობას გამოვრიცხავ, რადგან ორივეს ჰყავს საერთო მტერი ამერიკის სახით. ეს უფრო მეტი სტიმულატორია, ვიდრე მათ შორის წინააღმდეგობების არსებობა, დღეს ჩინეთს და რუსეთს ერთმანეთი სჭირდებათ და ამას აფიქსირებენ კიდეც. სანამ სასანქციო პოლიტიკა არსებობს რუსეთის მიმართ და დასავლეთს სანქცია აქვს გამოხატული, ჩინეთი არის რუსეთის ერთგვარი გადამრჩენელი რგოლი. ჩინეთის ეკონომიკა დღეს ასულდგმულებს რუსეთის ეკონომიკას, მოხდა გადაფორმატება აზიური მიმართულებით, რუსმა ოლიგარქებმა დასავლური ბანკებიდან წამოიღეს თანხები და დააბანდეს ჩინურ ბანკებში. ამანაც მისცა ჩინურ ეკონომიკას და ფინანსურ ინსტიტუტებს სტიმული.
არც ის გამოუვიდა ამერიკას, დაესაჯა ჩინეთი კორონას გავრცელების გამო, არადა, მთელი რიგი სანქციები და ჩინეთიდან საწარმოების გადმოტანა იგეგმებოდა. ტრამპის ყველა განცხადება იყო ჩინეთის საწინააღმდეგოდ მიმართული, მათ შორის, ისიც, რომ ტრამპი დარწმუნებული იყო, ყველაზე მეტად ჩინეთს არ აწყობდა საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება. ეს მართლაც ასე იყო?
- ეს იყო ზღაპარი, სრული ფიასკო განიცადა ამ მიმართულებით დონალდ ტრამპმა. უნდოდათ ჩინეთის დასჯა და ასე არ მოხდა, ისევე, როგორც უნდოდათ რუსეთის დასჯა და ამ დროს რუსეთი გამოვიდა მდგომარეობიდან. ამერიკამ მიიღო ორმაგი დარტყმა, ორმაგი მტრის სახით, რუსეთთან და ჩინეთთან ჭიდილი დღევანდელი ამერიკისთვის არ არის იოლი. ბაიდენის საგარეო პოლიტიკური კურსი როგორი იქნება, ეს არის საინტერესო. მის პერიოდში რა შეიცვლება უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით, ამას ჯერ ვერ ვიტყვით. უკრაინაშიც ცოტა გაურკვეველი სიტუაციაა, როგორც ჩანს, რუსეთი თურქეთის მეშვეობით ტროას ცხენის ვარიანტს ავითარებს უკრაინაში. უკვე ჩანს, რომ თურქეთი უფრო მიდის პარტნიორულ ურთიერთობაში უკრაინასთან, ვიდრე ამერიკა. ჯერჯერობით ამერიკის შიგნით ახლა გაურკვეველი სიტუაციაა. ტრამპმა შეძლო მდგომარეობის აღრევა, კორონავირუსმა დაამძიმა სიტუაცია და ამერიკა როგორ გამოძვრება შტოპორიდან, არავინ იცის.
სამხრეთ კავკასიაში ვითარება კარდინალურად შეიცვალა ყარაბაღის კონფლიქტიდან გამომდინარე, რადგან თურქეთის, რუსეთის, ირანის ინტერესები გაიზარდა. რას შეიძლება ველოდოთ არაპროგნოზირებადი მეზობლებისგან?
- არაფერ კარგს, დღეს საქართველოს თავზე არის გეოპოლიტიკური შავი ღრუბელი. ეს ღრუბელი როდის დაიქუხებს, არავინ იცის. 3+3 კონფიგურაციის შექმნა საქართველოსთვის ცუდი და დამღუპველია რეგიონული უსაფრთხოების გარემოს თვალსაზრისით. ასეთი ცუდი გარემო საქართველოს არასდროს არ ჰქონია რეგიონალურ დონეზე.
ვინ შეიძლება დაარღვიოს ეს არასასურველი სამკუთხედები, ამერიკის ჩართულობამ?
- ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ძალას, რომელიც ამას დაარღვევს. ამერიკას ახლა ჩვენთვის არ სცალია, რომც შემოვიდეს, კიდევ უფრო ჰომოგენური გახდება და გაუწევს წინააღმდეგობას ამ სიტუაციას? შეიძლება ჩინეთი შემოვიდეს და, ასე თუ ისე, გაანეიტრალოს ვითარება? ესეც ჰიპოთეტურია, აქაც გაურკვეველი სიტუაციაა. შიდა და საგარეო პოლიტიკაში სრული ქაოსი გვაქვს, ჩვენ შევედით დიდ ბურუსში და ეს ბურუსი უკვე შემოვიდა გემის შიგნით. ამ ბურუსიდან სად გამოვძვრებით, არავინ იცის.
ანუ ჩვენ უნდა დაველოდოთ, როდის დაუბრუნდებიან თავის ისტორიულ მდგომარეობას რუსეთი და თურქეთი?
- რუსეთ-თურქეთი ჯერ არ დაარტყამენ ერთმანეთს, მათ სჭირდებათ ერთმანეთი საერთო მტრის - დასავლეთის წინააღმდეგ. თურქეთმა უკვე მიიღო ეკონომიკური სანქციები აშშ-დან, თურქეთის პოტენციალი თანდათანობით იშრიტება, რადგან თურქეთს სამი მიმართულებით უწევს კონფლიქტში ჩარევა - სირია, ლიბია, მთიანი ყარაბაღი, ამას ემატება ხმელთაშუა ზღვისპირეთში არსებული დაძაბულობა, თვითონ თურქეთის შიგნითაც სიტუაცია როგორი იქნება, არავინ იცის. პირიქით, სერიოზული ანტიდასავლური ძალა შეიკვრება ამ სახელმწიფოების მონაწილეობით ჩვენს რეგიონში.
დაბოლოს, კვადროპოლარული სამყაროსგან რა მივიღეთ?
- ტრიპოლარული, ანუ სამპოლუსიანი მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი - რუსეთის, ამერიკის და ჩინეთის სახით. რუსეთ-ჩინეთი, ალბათ, შეიკვრებიან ამერიკის წინააღმდეგ და მივიღებთ ბიპოლარულ მსოფლიოს, სადაც რუსეთი და ჩინეთი გაერთიანდება ამერიკის წინააღმდეგ.