ბოლო დროს ხშირია საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, ქვეყანაში ე.წ. სოციალური აფეთქება მოხდეს და ხალხი ქუჩაში მასობრივად გამოვიდეს. კოვიდ პანდემიის პირობებში არსებულ შეზღუდვებს პოლიტიკური კონტექსტი არაერთხელ მიება და ოპოზიცია ხელისუფლებას პანდემიის არასათანადო მართვაში ადანაშაულებს, რის გამოც ბიზნესი და მოსახლეობა ყველაზე მეტად დზარალდა. მათი მხრიდან მუდმივად არის მუქარა, რომ გაზაფხულზე მოსახლეობას ნებისყოფა უმტყუნებს და სოციალურ ნიადაგზე საყოველთაო ბუნტს და დაუმორჩილებლობას მივიღებთ.
6 თებერვალს სწორედ ამ შინაარსით მოძრაობა „სირცხვილია“ აქციას გამართავს, რომელსაც რესტორატორები დაუმორჩილებლობის ლოზუნგით უნდა შერთებოდნენ და რესტორნები თვითნებურად უნდა გაეხსნათ. თუმცა მათ გადაწყვეტილება პრემიერ გიორგი გახარიას განცხადების შემდეგ შეცვალეს და რესტორნების გახსნა გადაიფიქრეს.
პრემიერის გაფრთხილების და შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ, რესტორატორებმა დაუმორჩილებლობის აქცია გააუქმეს. თუმცა, აქციაზე მაინც გამოვლენ და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარი მძიმე მდგომარეობის შესახებ.
მთავრობამ ღია ტიპის რესტორნებს 15 თებერვლიდან მუშაობის განახლების უფლება მისცა, პარალელურად კი გააფრთხილა, რომ ვინც დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს, სუბსიდირების პროგრამიდან ამოაგდებს. სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 15 თებერვლიდან მუშაობის ნაწილობრივ აღდგენა მათთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. თუმცა დაუმორჩილებლობის აქცია აღარ გაიმართება.
საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ სიტუაციას 15 თებერვლის შემდეგ დააკვირდებიან და ამის მიხედვით იმოქმედებენ.
„გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არის წინგადადგმული ნაბიჯი იმ უფსკრულის ამოსავსებად, რომელიც მთავრობასა და ბიზნესს შორის გაჩნდა. ჩვენ დაანონსებული გვქონდა თვითნებურად გახსნა შაბათს, ეს იყო ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შაბათს ეს აქცია არ ჩატარდება, შაბათ-კვირას სარესტორნო სფერო „დელივერით“ (ადგილზე მიტანის სერვისით) გააგრძელებს ფუნქციონირებას. ეს არის ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ გადმოდგა და ჩვენი მხრიდან, ამას დავაფასებთ.
15-დან გახსნა არ ნიშნავს, რომ ეს შვებაა ბიზნესისთვის, რადგან რესტორნების დიდი უმრავლესობისთვის ამ ამინდში ეს ბენეფიტი არ არის. თუმცა ვაფასებთ გადაწყვეტილებას ტრანსპორტისა და სკოლების ნაწილში და ამის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენთვისაც გაკეთებული საქმეა, თუნდაც თანამშრომლების ტრანსპორტირების ნაწილში. თუ 15 თებერვლის შემდეგ, ისევ ამ მდგომარეობაში ვიქნებით და ასეთი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვექნა, ეს დაუმორჩილებლობა რამდენიმე კვირით გადაიწევს. მანამდე არ მივდივართ, არც თხოვნით და არც მოლაპარაკებით. თუ ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ მისცა შესაძლებლობა და არ გახსნეს, ეს შაბათი უბრალოდ გადაიწევს. დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მივიღებთ გადაწყვეტილებას. ულტიმატუმის ენის საუბარი ჩემი სტილი არ არის. ჩვენ უნდა შევქმნათ გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა და არა დაძაბულობა“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
რესტორატორთა ასოციაცია აცხადებს, რომ 6 თებერვალს საპროტესტო აქციას უერთდებიან და ასევე, მონაწილეობას მიიღებენ „კომენდანტის საათის“ დროს დაუმორჩილებლობის მსვლელობას. ამ სექტორის მოთხოვნებია: შაბათ-კვირას დაკეტვის შეზღუდვის მოხსნა; კომენდანტის საათის გაუქმება ან გადაწევა 12:00 საათამდე; შიდა სივრცების გახსნა; 2 წლიანი საგადასახადო შეღავათები; თანამშრომლების ძველი ხელაფსების კომპენსანცია სრულ გახსნამდე; ბანკებთან შუამდგომლობა და დაბალპროცენტიანი სესხები.
ასოციაცია ითხოვს, რომ ხელისუფლებამ ერთი კვირის განმავლობაში წარუდგინოს მათ კრიზისიდან გამოსვლის გრძელვადიანი გეგმა და დააკმაყოფილოს სექტორის ყველა მოთხოვნა. თუ მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი შემდგომ ნაბიჯებს საზოგადოებას მოგვიანებით გაუზიარებენ.
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტი პანდემიასთან ბრძოლაა და ბიზნესის გახნისათვის მნიშვნელოვანი „ეტაპობრიობის პრინციპია“.
„მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არ არის სრულფასოვანი, სრულყოფილი ამოქმედება ბიზნესის და არც რესტორნების, მაგრამ მერწმუნეთ ყველას ძალიან გვინდა, რომ ეს მალე მოხდეს, თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ პანდემია ჯერ არ არის დამარცხებული, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ერთბაშად 2019 წლის მოცემულობას იმიტომ, რომ ჯერჯერობით ვებრძვით პანდემიას. აქედან გამომდინარე, ეტაპობრიობა არის მთავარი პრინციპი“, - ამბობს ნათია თურნავა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე პრობლემებისა, ბუნტის განწყობა არაა და კანონის დარღვევა ძალით არავის უნდა. ამის ნათელი მაგალითი კი რესტორატორების გადაწყვეტილებაა, რომლებმაც როგორც კი დაინახეს, რომ ხელისუფლებამ მათკენ ერთი ნაბიჯი მაინც გადმოდგა, მათაც რადიკალური ქმედებებისგან თავი შეიკავეს. ძაბირაძე აცხადებს, რომ როდესაც რესტორნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ 250 000 მხადამჭერი ჰყავთ და მათ ქუჩაში გამოიყვანენ, ბლეფია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ შესაძლოა, ამდენი ადამიანი მართლაც დასაქმებული ჰყავთ, მაგრამ მათში რამდენი ფიქრობს, რომ ქუჩაში დგომა გამოსავალია?
„სანამ პანდემიის პრობლემა არსებობს, ხელისუფლებაზე ასე ხელაღებით დაბრალება და იმის ძახილი, რომ „არ ვარგა“, არ გამოვა. კი ბატონო, არ ვარგა ჩვენი ხელისუფლება, მაგრამ ევროპაშიც არ ვარგა? რა თქმა უნდა, ყველას უნდა, რომ ყველაფერი გაიხსნას, მაგრამ ხომ ვხედავთ, რომ ეს კორონავირუსი არსად მიდის და შეიძლება ისევ დახურონ. ეკონომიურად ძლიერმა ქვეყნებმა რომ უზრუნველყვეს თავისი მოსახლეობა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პანდემიას გაუმკლავდნენ.
მათ ფული ჰქონდათ და ჩვენზე უკეთესად ხალხის სახლებში შენახვა შეძლეს. თუმცა გახარია ვხედავთ, რომ სუბსიდირების დაპირებით გამოვიდა და ყველა რესტორანს და დაწესებულებებს დაეხმარება. იმის თქმა მინდა, რომ ოპოზიცია აქედან პოლიტიკურ ქულებს ვერ დაიწერს. თუ ელოდებიან, რომ გაზაფხულზე სოციალური აფეთქება დაიწყება, არა, ეს არ იქნება, ხელისუფლება ბიზნესის დახმარებას დაიწყებს და ეს კოვზიც ნაცარში ჩაუვარდებათ“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.
სოციალურ აფეთქებას და ამ მიზეზით ქუჩაში მასობრივ გამოსვლებს არც ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი ელოდება. მისი თქმით, ხელისუფლება თუ რამე კატასტროფულ შეცდომებს არ დაუშვებს და ოპოზიციას საბაბს არ მისცემს, ისინი ამ თემას პოლიტიკურ კონტექსტში ვერ გადაიყვანენ. ზურაბიშვილი ამბობს, რომ გაზაფხულისთვის ლოქდაუნი მოიხსნება, ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება და ხელისუფლებაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებს, ბიზნესაც და მოსახლეობასაც დაეხმარება, ცხოვრება კი ისევ ძველ რიტმს დაუბრუნდება.
„არ ველი, რომ რამე განსაკუთრებული გამოსვლები და ე.წ. სოციალური აფეთქება იქნება. დავინახეთ უკვე, რომ როგორც კი ხელისუფლება მიხვდა ზედმეტი მოსდის და რაღაცა საპროტესტო მუხტი გაჩნდა, გარკვეულ დათმობებზე წავიდა. ამიტომაც ოპოზიციას ტყუილად აქვს იმედი, რომ „ოცნება“ ამათ ბუნტის ან მასობრივი აქციების საბაბს მისცემს. ახლა თვითმმართველობის არჩვენები მოდის და პიარის კუთხით საკამოდ დატვირთული წელი იქნება. ხალხს ისედაც ძალიან უჭირს, ამიტომაც ქუჩაში გასვლის და აქციების მიზანს ვერ ხედავენ. ნებისმიერ დახმარებას, რასაც ხელისუფლება მათ მიაწვდის, მისაღები იქნება. ბევრი პროექტი იქნება და ბიზნესიც დაფინანსებას მიიღებს. ამიტომაც ის ფაქტი, რომ გაზაფხულზე რაღაცა სასწაული მოხდება, გამორიცხულია, ამის არანაირი წინაპირობა არ არის. კი ბატონო, პატარა გამოსვლები და პროტესტი იქნება, თუმცა არ იმ მასშტაბის, რომ სოციალური აფეთქების სახე ჰქონდეს“, - აცხადებს ზურაბიშვილი for.ge-სთან.