მთავრობა შეზღუდვებს დაგეგმილზე ადრე აუქმებს, თუმცა ამ ეტაპზე, საბავშო ბაღების გახსნა არ იგეგმება. for.ge დაინტერესდა თუკი სკოლებში შესაძლებელია სასწავლო პროცესის აღდგენა, რატომ არის ეს შეუძლებელი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.
აღნიშნული საკითხის გარკვევისას მოგვიწია წრეზე ტრიალი, რდგან ვერც ერთ სახელმწიფო უწყებაში ზუსტი პასუხი ვერ გაგვცეს.
როგორც for.ge-ს თბილისის საბავშო ბაღების სააგენტოში განუცხადეს, ბაღების გახსნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტზეა დამოკიდებული.
„საბავშო ბაღების გახსნასთან დაკავშირებით არაფერი ვიცით. როგორც თქვენ მოისმინეთ პრემიერის განცხადება, ისევე ჩვენც და ველოდებით როდის გაიხსნება. როდესაც მთავრობა გადაწყვეტს მაშინ გავიხსნებით. ზუსტად, ვერ გეტყვით რატომ არ იხსნება. მთავრობის კანცელარიას დაუკავშირდით ან შრომის ინსპექციას. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ“, - გვითხრეს ბაღების სააგენტოში.
თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ გადამისამართებულ შრომის ინსპექციას დავუკავშირდით. როგორც უწყების პრესამსახურში განგვიცხადეს, ბაღების გახსნა არც მათ პრეროგატივაში შედის. შრომის ინსპექცია მარტო დაწესებულ რეგულაციების შესრულებას უზრუნველყოფს.
„ბაღების გახსნის ნებართვას შრომის ინსპექცია ხომ არ გასცემს?! ეს არის საკორდინაციო საბჭოზე მიღებული ერთიანი გადაწყეტილება. ისინი იღებენ გადაწყვეტილებას რომელი დაწესებულება გაიხსნას და რომელი არა. შრომის ინსპექცია თავის მხრივ უზრუნველყოფს დაწესებული რეგულაციების ჯეროვნად შესრულების კონტროლს. ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას სკოლები გაიხსნას თუ ბაღები. ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს, არიან ეპიდემიოლოგები, სპეციალისტები და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, ის პირები, რომლებიც აღიქვამენ არსებულ სიტუაციას და შემდეგ გადაწყვეტილებას იღებენ“, - გვითხრეს შრომის ინსპექციის პრესამსახურში.
კონკრეტულად ახლა რატომ არ მიიღო საბავშო ბაღების გახსნის გადაწყვეტილება მთავრობამ, მთავრობის კანცელარიაში ვცადეთ გადამოწმება. მთავრობის კანცელარიაში კი ასეთი პასუხი მივიღეთ:
„ამ თემაზე განცხადება გააკეთა ქალბატონმა ვიცე-პრემიერმა. ყველა შემდგომი ნაბიჯი გახსნათან დაკავშირებით გამოცხადდება ეტაპობრივად ეპიდემიოლოგიური შეფასების საფუძველზე. ერთბაშად არ შეიძლება ყველა შეზღუდვის მოხსნა“.
რადგან სახელმწიფო უწყებებში კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ, ამიტომ ისევ და ისევ ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის კომენტარს დავჯერდით.
როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, ბაღებზე მეტად პრიორიტეტი სკოლებს ენიჭება.
„შემსუბუქების გეგმის ნაწილში, რა თქმა უნდა, ვუყურებთ იმას, რომელი სეგმენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე აუცილებელი, ამიტომ, ალბათ, შევთანხმდებით, რომ ამ ეტაპზე სკოლები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაღები, ბაღების ჯერიც აუცილებლად დადგება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ საბავშვო ბაღების გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.
„რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოჰყვება. კონკრეტული თარიღების შესახებ ცალკე განცხადება გაკეთდება მომავალში“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.