„ძველი სცენარი არ განმეორდება... პანდემიის დასასრული დიდი ხანია დაწყებულია“, - ამის შესახებ For.ge-ს ინფექციონისტმა, ირაკლი ხმალაძემ რეგულაციების დროზე ადრე მოხსნის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
მთავრობის ახალი გადაწყვეტილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქმედი რეგულაციები ვადაზე ადრე მოიხსნება და არ გადაიწევს 1-ელ მარტამდე. ერთი კვირის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი ოთხ პროცენტამდე შემცირდა და სწორედ ამ დადებითი დინამიკის ფონზე მოხდა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე.
კერძოდ, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა, ასევე გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა; 15 თებერვლიდან კი, ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება); ასევე, კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა.
როგორ შეაფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას და შესაძლოა, თუ არა ამას ვუწოდოთ კორონავირუსის პანდემიის დასასრულის დასაწყისი?
ირაკლი ხმალაძე: პანდემიის დასასრული დიდი ხანია დაწყებულია, რადგან საქართველოში თითქმის ყველამ მოიხადა ეს ვირუსული ინფექცია კოვიდ-19. ვფიქრობ, რამდენიმე ადამიანია დარჩენილი, რომელსაც არ მოუხდია. იმუნიტეტი მეტ-ნაკლებად უკვე ჩამოყალიბდა.
თებერვლის თვეში უკვე დაიწყება აცრები. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაათვალიერა ინფექციური საავადმყოფო, რომელიც იმუნიზაციის ერთ-ერთი ცენტრი იქნება. ესეც გარკვეულწილად ძალიან დიდ შედეგს მოიტანს.
როგორ ფიქრობთ, რამდენად დაიცავს საზოგადოება იმ წესებს და რეკომენდაციებს, რაც სპეციალისტების მიერაა შემუშავებული?
- ადამიანებმა მეტ-ნაკლებად ისწავლეს პირბადის სწორად ხმარება. პირბადის კარგად მომხმარე ადამიანი ბევრი არ მინახავს, რომ დაინფიცირდეს. ძირითადად ეს ის შემთხვევაა, როდესაც დიდი ხანი უწევთ ინფიცირებულ ადამიანებთან ყოფნა და ა.შ. უბრალოდ, სიფრთხილე გვმართებს, როდესაც ვლაპარაკობთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, სადაც დიდი ხნის განმავლობაში, 15 წუთზე მეტი, ადამიანები უნდა იყვნენ ერთად. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი განცალკევება და იზოლირება ტრანსპორტში.
რამდენად შესაძლებელია ისევ ის სცენარი განმეორდეს, რაც პირველი „ლოკდაუნის“ მოხსნის შედეგად მივიღეთ?
- ის სცენარი არ განმეორდება, რადგან იმუნიზირებულია მოსახლეობის უმეტესობა, თანაც იმდენად მოურიდებლად არ იქცევიან ადამიანები ამ ვირუსთან დაკავშირებით, იცავენ წესებს. რამდენჯერმე ვნახე, რომ უმეტესად ადამიანებს ორი პირბადე უკეთიათ ერთდროულად, იმდენად მობილიზებულები არიან, ამ მხრივ ეს კარგია.
რა მნიშვნელობა აქვს, რა შეგჭამს, მგელი თუ მგლის შვილიო?! - იმდენად დაშოკილია მოსახლეობა, იმდენად შეწუხებულია ამ „ლოკდაუნით,“ რომ უკვე აუცილებელი გახდა რეგულაციების მოხსნა. მე თუ მკითხავთ, კიდევ დიდი ხანი არაფერს გავხსნიდი, მაგრამ ასე არ შეიძლება. ქვეყანა ერთი მთლიანი ორგანიზმია და ასე ადამიანების უსამსახუროდ და უხელფასოდ დატოვება ნამდვილად არ შეიძლება.
ამიტომ, ნელ-ნელა უნდა მოხდეს „ლოკდაუნის“ მოხსნა, თუმცაღა, რომელიმე რეგულაციის მოხსნამ თუ ინფიცირებულთა რაოდენობის მატება გამოიწვია, მაშინვე უნდა შეიზღუდოს ის დაშვება. თუ გაიხსნება რესტორნები და მოიმატა რაოდენობამ, ალბათ, ისევ უნდა დაიკეტოს. თუ შესამჩნევად მოიმატა ტრანსპორტის გახსნის შემდეგ ახალმა შემთხვევებმა და ეს ტალღოვანი იქნება, ისევ უნდა დაიკეტოს, სამწუხაროდ. თუმცა, ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ „ლოკდაუნის“ მოხსნა.