საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მადრიდის „რეალის“ ამჟამინდელი თავკაცი ჟოზე მოურინიო მიმდინარე წლის ზაფხულში „სამეფო კლუბს“ ალბათ გამოეთხოვება.
კულუარული ცნობით, „განსაკუთრებული“ მუშაობას ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ ან ინგლისურ კლუბებში, „ჩელსიში“ ან „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.
გუშინ ევროპის ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „ერთადერთის“ გუნდი სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა.
მატჩამდე „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ორივე გუნდის მწვრთნელები ჟურნალისტებს ესაუბრნენ.
პორტუგალიელს ინგლისურმა მას-მედიამ შეკითხვა დაუსვა, მომავალში ალექს ფერგიუსონის შეცვლას თუ აპირებდა. ბატონი ჟოზეს პასუხი შემდეგი გახლდათ:
„სერ ალექს ფერგიუსონს ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი. მისი ადგილის დაკავება ნამდვილად არ მსურს. ის ჩინებული სპეციალისტია და ამაზე ჩვენი ამჟამინდელი მოწინააღმდეგის მაღალი შედეგები მეტყველებს.
დარწმუნებული გახლავართ, რომ ფერგიუსონი და მე პროფესიულ სამწვრთნელო კარიერას ერთდროულად დავასრულებთ. იმ დროისთვის შოტლანდიელი 90 წლის იქნება, მე კი 70 წელი მომიკაკუნებს.
რაც შეეხება ჩემს მომავალს. დღეს ამ თემაზე ვერაფერს გიპასუხებთ. დასრულდეს ესპანეთის პირველობა, ორი-სამი კვირა დავისვენებ და ახალი კლუბის შესახებ მერე მოგახსენებთ.“ - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.