პანდემიისგან გამოწვეული ლოქდაუნის გამო, სკოლის მოსწავლეები თბილისში საკლასო ოთახებში 1 მარტს დაუბრუნდებიან. სკოლასთან ერთწლიანი განშორების შემდეგ, მოსწავლეების ცხოვრება ძველ რიტმს დაუბრუნდება.
როგორც for.ge-თან თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის, დაწყებითების მასწავლებელი მაკა შათირიშვილი საუბრობს, მის მოსწავლეებს ონლაინ სწავლა არ უჭირთ, თუმცა პანდემიის დასრულებას ნატრობენ.
მაკა შათირიშვილის თქმით, მას დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა არ გასჭირვებია, რადგან ტექნოლოგიებში კარგად ერკვევა, მაგრამ მასწავლებელთა ნაწილს პანდემიის პირველი ტალღის დროს უფრო გაუჭირდათ სირთულეებს გამკლავებოდნენ.
სასწავლო პროცესი ონლაინ მიმდინარეობს. დისტანციურ სწავლას რა პლუსები და მინუსები აქვს?
- დღევანდელობის რთულმა გამოწვევებმა გვაიძულა ცოცხალ ურთიერთობებზე უარი გვეთქვა, ჩავიკეტეთ და ამ ჩვენი უხილავი გარსიდან ვცდილობთ ვაკეთოთ ჩვენი საქმე. მიზანი ყოველთვის მიღწევადი არაა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მოსწავლეების სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდა და შემდეგ იმ საგნების ათვისება, ცოდნის მიღება და გამოყენება, რომელსაც ვასწავლით საფეხურების შესაბამისად.
პირველი მიზნის მისაღწევად ძალა არ გვყოფნის, რთულია მოსწავლეებს ეკრანს იქეთ მოწყობილი დისკუსიებითა და ჩაკეტილ სივრცეში შესრულებული პროექტებით ასწავლო მეგობრობა, ურთიერთობა, თანადგომა, ტოლერანტობა და ის მრავალი უნარი, რაც სჭირდება სრულფასოვან მოქალაქეს, რადგან ეს ყველაფერი ზედაპირულია. მოსწავლემ თუ ვერ იგრძნო შენი სიახლოვე, მეგობრის მხარდაჭერა, ვერ გამოიმუშავა თანამშრომლობითი უნარი, თეორიულად ამის დასწავლა გაუჭირდება. სოციალური ურთიერთობები თეორიულად რთული დასასწავლია.
ბავშვები რამდენად არიან ჩართული ონლაინ სწავლებაში და რამდენად გაუადვილდათ მათ დისტანციური სწავლება?
- აქ საქმე ცოტა სხვაგვარად არის. ცოდნის გადაცემისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა კომპიუტერული ტექნოლოგია. მარტივია მოსწავლეს მიაწოდო ელექტრონული რესურსები, დიდი ძალისხმევის გარეშე მოიძიოს ინფორმაცია, მოამზადოს ელექტრონული პრეზენტაცია სხვადასხვა პროგრამაში. მასალის ვიზუალიზაცია ეხმარება მოსწავლეს უკეთ გაგებასა და გააზრებაში, მაგრამ რამდენად იღებს მოსწავლე ამ გამოწვევას?! ზოგადად, გაჯეტები მოსწავლეებისთვის ასოცირდებოდა სათამაშო მოწყობილობად. არ ხდებოდა კომპიუტერის გამოყენება ცოდნის მისაღებად, ამიტომ მოსწავლეებს ძალიან უჭირთ ცდუნებას გაუძლონ და კომპიუტერი გამოიყენონ ცოდნის მისაღებად.
მასწავლებლები რა პრობლემის წინაშე დადექით, რა აღმოჩნდა თქვენთვის რთული?
- პრობლემა არის ასევე, ის, რომ მოსწავლეს არ აქვს სასწავლო სივრცე, შესაბამისი მოწყობილობა გაკვეთილზე ჩასართავად, ან ინტერნეტის სიხშირე არ უწყობს ხელს გაკვეთილის სრულყოფილ წარმართვას.
ონლაინ პლათფორმა Teams შესანიშნავი მიგნებაა ონლაინ სწავლებაში, აღჭურვილია მიკროფონითა და ვიდეოკამერით, მაგრამ მოსწავლეები ცდილობენ კამერა გამორთული ჰქონდეთ (ამას აქვს სხვადასხვა მიზეზი) და მასწავლებელს უჭირს მოსწავლის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში. პირადად ვარ დაწყებითი საფეხურის პედაგოგი და ამდენად, მოსწავლეთა დასწრება მაღალია. მათი ჩართვა საგაკვეთილო პროცესში არ მიჭირს, რადგან კარგად ვფლობ კომპიუტერულ უნარებს, (ვარ ტრენერი-ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) და ჩემთვის მარტივია მრავალფეროვანი და საინტერესო რესურსების შექმნა და გამოყენება საგაკვეთილო პროცესში. მაგრამ პედაგოგისთვის, რომლისთვისაც ეს სიახლეა, მისთვის საკმაოდ შრომატევადი და რთულია თითოეული გაკვეთილისთვის მოამზადოს ელექტრონული რესურსი და ამით მოსწავლეთა ჩართულობა გაზარდოს.
მრავალ მასწავლებელთან მაქვს კომუნიკაცია, ვთანამშრომლობ მათთან, რა თქმა უნდა, პანდემიის პირველი ტალღის დროს უფრო გაუჭირდათ მათ გამკლავებოდნენ სირთულეებს. სასწრაფოდ იყო მოსამზადებელი სივრცე და შესაბამისი აღჭურვილობა დისტანციური სწავლებისთვის, კიდევ უფრო გაუჭირდათ რეგიონის მასწავლებლებს, სადაც ინტერნეტის სიხშირეც არასტაბილური და შეუსაბამოა ონლაინ სწავლებისთვის. ამავე დროს დაიწყეს კომპიუტერული უნარების შესწავლა, რაც საკმაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდა. დღესდღეობით ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად დაძლეულია, თუმცა სირთულეები ისევ რჩება.
დისტანციური სწავლების დროს მშობლების როლი როგორია?
- მშობელთა როლი დიდია დისტანციური სწავლებისას. მშობლები უფრო დაიტვირთნენ. მათ უწევთ მშობლის მოვალეობებსა და საქმიანობას შეუთავსონ ნაწილობრივ მასწავლებლის როლი, დაეხმარონ მოსწავლეებს გაკვეთილის გააზრებასა და დავალების შესრულებაში. უფრო მეტი დრო დაუთმონ შვილების აღზრდა-განათლებას, ვიდრე ადრე ხდებოდა. მშობლის ჩართვის გარეშე შეუძლებელია მასწავლებელი შედეგზე გავიდეს.
ონლაინ სწავლება შემდგომში როგორ აისახება?
- რაც შეეხება შედეგს, ამას დრო გვიჩვენებს. მე ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მოსწავლეები ვერ სწავლობენ, რაღაც უჭირთ, პროექტებს ვერ აკეთებენ, გამოწვევებს ვერ პასუხობენ, მაგრამ ერთი კია, ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვენატრება, მათი ოცნება და მომავლის იმედი პანდემიის დასრულებაა და თუ მალე არ ახდა ოცნება, ეს დისტანცია და სიშორე აუცილებლად იჩენს თავს მომავალში, რადგან უსაფრთხოებისა და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება აუცილებელია თითოეული ადამიანისთვის.