„თუკი ეს დადებითი დინამიკა ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდა, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 16 თებერვალს აღდგება“, - ამის შესახებ For.ge-ს „ქართული ოცნების“ წევრმა და ექიმმა, ლადო კახაძემ განუცხადა.
დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას სპეციალისტების ნაწილი დადებითად აფასებს. იმის ფონზე, როდესაც გარკვეული შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან მოიხსნა, კიდევ უფრო აქტიურად საუბრობენ იმაზეც, თუკი კორონავირუსის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი დაკლებისკენ წავა, მოქმედი რეგულაციები უფრო ადრე მოიხსნება და არ გადაიწიოს 1-ელ მარტამდე. კერძოდ კი, აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რასაც მოსახლეობის უმეტესობა ასე ელოდება.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, For.ge თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა.
„ამ გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო და საბჭოზე ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ ყოფილა. დანარჩენი ყველაფერი არის მხოლოდ მითქმა-მოთქმა. უნდა დაველოდოთ საბჭოს გადაწყვეტილებას“, - განგვიცხადეს თბილისის მერიაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ჯერჯერობით საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა ჩანიშნული არ არის, თანაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რეგიონში იმყოფება.
„როდესაც მიიღებს საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, გავავრცელებთ ამის შესახებ ინფორმაციას. პრემიერ-მინისტრი რეგიონში იმყოფება და როდესაც ჩაინიშნება სხდომა, დავაანონსებთ“, - გვითხრეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
ლადო კახაძის ინფორმაციით, დადებითი დინამიკის გათვალისწინებით, არა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგება იგეგმება ვადაზე ადრე, არამედ სხვა კონკრეტული შეზღუდვების მოხსნაც.
„ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ ყველა მოწადინებულია რეგულაციების შემსუბუქებისა და შესაძლებლობის ფარგლებში, საერთოდ მოხსნის თაობაზე. ეს ყველაფერი კი მიბმულია ეპიდსიტაუცაზე, უფრო სწორად გამოვლენის პროცენტთან. ანუ არის დაწესებული თამასა, 4%-ის ქვემოთ უადვილდებათ ეპიდემიოლოგების ნების დართვა და დღევანდელ მონაცემს თუ დავეყრდნობით, ციფრი დაბალია.
თუ ასე დაიჭირა ერთი კვირის განმავლობაში და კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოვიდა, ეს რასაკვირველია, საფუძველი ხდება, რომ ტრანსპორტი გაიხსნას თბილისში, რუსთავში და ქუთაისში, - ამაზე შეთანხმება მიღწეულია, ეპიდმდგომარეობის მაჩვენებლის შესაბამისად. გამომდინარე აქედან კიდევ გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება სხვადასხვა სფეროში“, - თქვა ლადო კახაძემ.
For.ge-ს კითხვის კონკრეტიკაზე, იმ შემთხვევაში თუკი ერთი კვირის განმავლობაში დადებითი დინამიკა შენარჩუნდა და ახალი შემთხვევების მაჩვენებელი დაბლა ჩამოვიდა, საზოგადოებრივი ტრანპოსტი დედაქალაქში შესაძლოა თუ არა 16 თებერვალს აღდგეს, აღნიშნა:
„დიახ, ზუსტად ამას გიდასტურებთ. ეს არის თეორიული თანხმობა ეპიდემიოლოგებსა და საკოორდინაციო საბჭოს დანარჩენ წევრებს შორის“, - დასძინა ლადო კახაძემ.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე თვლის, რომ დროა თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე ვიფიქროთ:
„ტრანსპორტი არის ყველაზე მეტი რისკის შემცველი ამ სიტუაციაში და ამიტომ, შეიძლება გარკვეულწილად, პრობლემებიც გამოიწვიოს, თუმცა მასიური არა. თუ ავტობუსში არ მოხვდება ინფიცირებული ადამიანი და ყველას ექნება პირბადე გაკეთებული, არ მგონია, რომ დიდი პრობლემა შექმნას. უკვე დროა გაიხსნას ტრანსპორტი, რადგან ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა მოსახლეობას. მივესალმები, რაც მალე გაიხსნება ტრანპორტი, თუმცა, ეს უნდა მოხდეს წესების დაცვით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
ინფორმაციისთვის, 1-ელი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა. თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში კი ტრანსპორტზე შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.
ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თებერვალში შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს.
საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. კერძოდ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება:
ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, აჭარაში პირველი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.