საქართველოში კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში გადაიყვანა. თითქმის ერთი წელია მოსწავლეები მერხების ნაცვლად, კომპიუტერებთან სხედან. ხელისუფლების გადაწყვეტილებით ბავშები 1 მარტიდან სკოლებს დაუბრუნდებიან.
For.ge დაინტერესდა ფსიქოლოგიურად რამდენად რთულია ბავშებისთვის ონლაინ სწავლება, ეს ყველაფერი მათ ფსიქიკაზე როგორ აისახება. როგორც for.ge-თან ბავშვთა ფსიქოლოგმა, ანა მეუნარგიამ განაცხადა, ონლაინ სწავლებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ის, რომ ბავშვებში ბულინგმა იმატოს. ამის მიზეზი არის ის, რომ ოჯახებში, სადაც ბავშვები იმყოფებიან, პანდემიამ სტრესული მდგომარეობა გამოიწვია. რაც შეეხება მასწავლებლებს, მათ ახლიდან მოუწევთ სასწავლო პროცესის დაგეგმვა და ბავშვებთა ურთიერთობის აღდგენა.
თითქმის ერთი წელია საკლასო ოთახები დაკეტილია და სწავლა მიმდინარეობს ონლაინ. რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვებზე ონლაინ სწავლამ?
- კვლევის გარეშე რთულია საუბარი, თუ რა ზეგავლენას მოახდენს, თუმცა სკოლისა და საგანმანათლებლო დაწესებულების ერთ-ერთი დატვირთვა ბავშვებში სოციალური კომუნიკაცია არის. არა მხოლოდ ბავშვებთან ხდება ინტერაქცია, არამედ უფროსებთანაც. ბავშვებს ზუსტად ეს მოაკლდათ და ერთმანეთთან ცოცხალი კავშირი აღარ აქვთ, ეს ყველაფერი ონლაინ სივრცეში ხდება. რაღაც მომენტში ამას ემატება ინტერნეტკავშირის პრობლემა, ზოგს შეიძლება ინტერნეტი საერთოდ არ ჰქონდეს და ოჯახისთვის ძალიან რთულია ინტერნეტის საფასურის გადახდა. ზოგიერთ ბავშვს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ოთახი, რომ განმარტოვდეს, საიდანაც შეეძლება გაკვეთილს ჩაერთოს - არ აქვს ის პირობა, რომ ონლაინ გაკვეთილს მოუსმინოს, შეიძლება კომპიუტერიც არ ჰქონდეს. ეს ყველაფერი საგრძნობლად ართულებს სწავლის პროცესს. ბავშვი გრძნობს, რომ თანასწორი არ არის, რადგან შეიძლება ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია იყოს და გაკვეთილზე მშობლების კამათი ისმოდეს. ამას ბავშვი შეიძლება ვერ აჩერებდეს. საერთოდ, სახლის ვითარება სოციალურ სიტუაციასთან ძალიან ახლოს მიდის ხოლმე და შეიძლება იმდენი რაღაც გავიდეს, რისი გაზიარებაც ბავშვს სხვებთან არ სურდეს. შესაბამისად, მერე იწყება თვითრწმენის პრობლემები. ასევე, შესაძლოა, საგანმანათლებლო ჩართულობის პროცესის პრობლემა შეიქმნას, მაგალითად, ყველა ბავშვის ხმა არ ისმოდეს. უშუალო კონტაქტის შემთხვევაში მასწავლებელი ბავშვის ნათქვამს დაიჭერდა, წაახალისებდა და ეტყოდა - მადლობა, რომ მითხარი. ონლაინ სწავლის პროცესის დროს კი, ბავშვის ხმა შეიძლება დაიკარგოს, ამან კიდევ დამატებით პრობლემა შეიძლება შეუქმნას როგორც ბავშვს, ასევე მასწავლებელს. პედაგოგს სჭირდება, რომ ეს ყველაფერი დაიჭიროს, რათა ბავშვის თვისებებზე ააშენოს და დააშენოს ცოდნა. ამ დროს კი, შესაძლოა, ბავშვი ვერ ახერხებს გადმოსცეს ის, რაც იცის, იმის გამო, რომ შეიძლება ინტერნეტმა „გაჭედოს“ და მისი ხმა დაიკარგოს.
როდესაც ბავშვები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან, ეს პრობლემები რომელიც თქვენ ჩამოგვითვალეთ, შემდეგ თუ აისახება და იჩენს თავს?
- პირველ რიგში, ბავშვებს ერთმანეთის დანახვა ძალიან გაუხარდებათ. თუმცა, იმ ბავშვებს, რომლის სახლიდანაც გავიდა ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირადული იყო და მისმა თანაკლასელებმა დაინახეს ის, რაც მისთვის არ იყო სასურველი, რომ მათ დაენახათ, შეიძლება სირცხვილის მომენტი იყოს. ასევე, ბავშვებს შორის შეიძლება გაუცხოვება მოხდეს. სკოლაში დაბრუნების შემთხვევაში, გამორიცხული არ არის დისციპლინის პრობლემებმაც იჩინოს თავი. ერთი წლის განმავლობაში განსხვავებულ რეჟიმში უწევდათ სწავლა და ახლა რეფორმირება თავიდან უნდა მოხდეს.
ბავშვებს შორის ბულინგი თუ გაიზრდება?
- ბულინგი, რეალურად, მოდის სტრესული ფონიდან, რომელიც ბავშვებში და არა მარტო ბავშვებში გვხდება. ამ შემთხვევაში სტრესულმა ფონმა საგრძნობლად მოიმატა, რაღაც მხრივ აგრესიამაც იმატა. ზოგიერთ ოჯახში შეიძლება ძალადობამაც მოიმატა და ამის კვლევებიც არსებობს. ამის მიზეზი შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ერთ სივრცეში ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი და „განიავების“ საშუალება არ მიეცათ. კონფლიქტებმა და ძალადობამ ძალიან მოიმატა. ამიტომ, როდესაც ბავშვები სკოლაში დაბრუნდებიან, შეიძლება რასაც სახლში უყურებდნენ, ის ყველაფერი სკოლაში გამოავლინონ.
სკოლაში დაბრუნების შემდეგ მასწავლებლის როლი როგორი იქნება და როგორი დამოკიდებულება იქნება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის?
- სასკოლო პროცესში არდადეგები არის, რომლის შემდეგ ბავშვები სკოლაში ხელახლა მოდიან. შესაძლოა, მსგავსი ტიპის სირთულე წარმოიქმნას და კლასის ხელახალი მართვის ტექნიკების შემუშავება მოუხდეს მასწავლებელს, რომელიც წესით, წლის დასაწყისში აკეთებს ხოლმე.