ცნობილია რომ 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის გათამაშებას ინგლისი უმასპინძლებს.
2019 წელს ეს ასპარეზობა იაპონიაში ჩატარდება. დიდია ალბათობა, რომ 2023 წლის მსოფლიო თასის შეჯიბრს ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა უმასპინძლოს.
თავის დროზე რუსეთის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს ამ ტურნირის მიღება 2019 წლისთვის სურდათ, მაგრამ ეს უფლება იაპონიას დაუთმეს.
ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები უახლოეს მომავალში რაგბის საერთაშორისო ასოციაციაში იფიციალური განცხადების შეტანას კვლავ აპირებენ.
რუსები რაგბის განვითარებას უკვე შეუდგნენ. იგეგმება რაგბის სპეციალიზირებული სპორტული სტადიონების მშენებლობა მოსკოვსა და სანკტ–პეტერბურგში.
რუსეთის რაგბის კავშირი 2023 წლის პირველობის მასპინძლობის უფლების მოპოვებისათვის „ბრძოლას“ უკვე შეუდგა, რაც იმაში გამოიხატება, რომ როგორც დასაშვები, ასევე აკრძალული ხერხებით იმოქმედებენ და საწადელსაც ალბათ მიაღწევენ.
შეგახსენებთ, რომ „პუტინის“ თანამემამულეები 2014 წელს, სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს მიიღებენ, 2015 წელს „ფორმულა-1“-ის ერთ-ერთ ეტაპს უმასპინძლებენ, 2018 წელს კი ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატს ჩაატარებენ.
აკრძალული ხერხები ვახსენეთ და თავის დროზე ცნობილი გახდა, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის გაჩაღებულ ბრძოლაში, რუსებმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, მონაკოს პრინცი ალბერი მოქრთამეს.
გავრცელდა ინფორმაციაც, რომ 2018 წლის ფეხბურთელთა მსოფლიო პირველობის რუსეთში გამართვის უფლება მათ კულისებს მიღმა ჩატარებული დიდი „მუშაობის“ შედეგად მიიღეს.
მადა ჭამაში მოდისო და ამჟამად უკვე რაგბის საერთაშორისო ასოციაციის ჩინოვნიკების დროც მოვიდა.