დღეს მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონი ევროპის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური სტადიის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრას უმასპინძლებს.
სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრად პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს „რეალს“ დაუპირისპირდება.
ეს მატჩი დღევანდელი მსოფლიო მას-მედიის მთავარი სალაპარაკო თემაა.
შეხვედრის მიმართ მოსალოდნელი დაინტერესება ისეთი მაღალი აღმოჩნდა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამას გუშინდელი სიტყვაც კი გადაწონა.
მუქკანიანი ბარაკის გამოსვლას ტელევიზიით 45-50 მილიონმა ადამიანმა მიადევნა თვალყური. „რეალი“- „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრას გაცილებით მრავალრიცხოვანი აუდიტორია ეყოლება.
გუშინ ესპანურმა გამოცემამ „Marca” წარსული გაიხსენა და სერ ალექს ფერგიუსონს ძველი „ცოდვები“ გაუხსენა. აღმოჩნდა რომ შოტლანდიელი ფეხბურთის სპეციალისტი ერთი უზრდელი პიროვნება ყოფილა.
„რეალი“ – „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრის წინ ესპანურმა გამოცემამ მკითხველებს ფერგიუსონის მძიმე ხასიათი კიდევ ერთხელ შეახსენა და „ბექჰემი“-„ფერგიუსონის“ ისტორიული დაპირისპირება გაახსენა.
„სერ ალექსი ინტელიგენტური, კულტურული ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენს. ბოლოს და ბოლოს მას სათვალეები უკეთია.
ამის მიუხედავად, ფერგიუსონი ხულიგნის რეპუტაციით სარგებლობს. ალბათ გახსოვთ ის დღე, როდესაც ფერგიუსონმა დევიდ ბექჰემს სახეში ბუცი ესროლა. იმ „ისტორიული“ დღის შემდეგ დიდი დრო გავიდა. ფერგიუსონი კვლავ „ხულიგნად“ დარჩა, დევიდ ბექჰემი კი მას დღემდე ხმას არ სცემს.
დღეს „რეალი“ სერ ალექსის კლუბს დაუპირისპირდება. ჟოზე მოურინიოს „განსაკუთრებულის“ წოდება გააჩნია. ის „ხულიგანი“ და ამრევი არასდროს ყოფილა. დარწმუნებულები ვართ, რომ დღევანდელ საღამოს ფერგიუსონს მშობლიურ ცივ ქვეყანაში დამწუხრებულს გავუშვებთ.“