სკანდალი ირაკლი ალასანიას გარშემო ჯერ კიდევ ორი კვირის წინ დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გაკიცხა, შემდეგ კი ვიცე-პრემიერის პოსტიდან გაათავისუფლა. მაშინ თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ირაკლი ალასანიამ ვიცე-პრემიერის პოსტის დატოვებაზე გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან ერთად მიიღო.
"ჩემი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ მსურს, უფრო მეტი დრო დავუთმო თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას. მსურს, ბოლომდე დავხარჯო ენერგია თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად", - განაცხადა მაშინ ალასანიამ.
თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერმა ალასანიას საკუთარი პარტიის შიგნით გამართული მოლაპარაკებები არ აპატია, როგორც ამბობენ, მოლაპარაკებების არსი ის იყო, რომ ალასანია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კოალიციის გვერდის ავლით გეგმავდა.
პირველი შიდა დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" რამდენიმე დღის განმავლობაში მედიისთვის მთავარ თემად იქცა, მაგრამ მალე ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა და პრემიერისა და მინისტრის დაპირისპირებამ უკანა პლანზე გადაინაცვლა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დროებით...
გასულ კვირას პრემიერი ჟურნალისტებს შეხვდა და ახალი მთავრობის მუშაობის ასი დღე შეაფასა. უეცრად ივანიშვილს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ირაკლი ალასანიას შესახებ სკანდალური კითხვა დაუსვა, რომელიც ქალაქში გავრცელებულ ჭორს ეხებოდა. ამ ჭორის თანახმად, ირაკლი ალასანიამ დუბაიში გიგი უგულავას ცოლსა და მის მეგობართან ერთად იმგზავრა.
პრემიერის შეფასება მოულოდნელი და ერთგვარად სკანდალური აღმოჩნდა: "მართლაც მქონდა მთავრობის სხდომაზე დუბაისთან დაკავშირებით შეკითხვა. მქონდა სხვა კითხვებიც, მაგრამ ამ თემის აჟიტირება არ მინდა, რამდენადაც ისეთი არაფერი მომხდარა, რაც საზოგადოებაში გავიდა. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, ჯერ ახალგაზრდაა, ირაკლის პატარა რაღაც შეეშალა, ეს პირადული საკითხია და პირადულში არ შევდივარ...".
მედიისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის, რაც ივანიშვილმა შემდგომ თქვა, რადგან პრემიერის ორაზროვანი კომენტარი ბევრმა დღემდე ვერ გაიგო: "სხვათა შორის, ასეთი პრეცედენტი მოხდა არჩევნების დროს, ვიღაცას გუნდიდან რაღაც ფილმები გადაუღეს და გაწბილებულები იყვნენ, როგორ დავენახოთო. მე დავაწყნარე, ეს ჩემი საქმე არაა, თქვენს მეუღლეებს დაელაპარაკეთ-მეთქი. მე პირადულში არ შევდივარ ზედმეტად, თუმცა ოჯახთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ეს ჩემთვის სხვა რამეს წარმოადგენს, მაგრამ ზოგიერთი ჩემი ახლობელი ღალატობს მეუღლეს. ირაკლი არ მყავს მხედველობაში ამ შემთხვევაში..." - განაცხადა ივანიშვილმა.
ცნობილია, რომ პრემიერი ტრადიციული ოჯახის კულტს განსაკუთრებულ პატივს სცემს. მკითხველს შევახსენებთ, რომ წინასაარჩევნოდ ივანიშვილის დაცვის წევრი ბესო სურმავა გაიტაცეს, რის შემდეგაც მისი აღიარებითი ჩვენება გამოქვეყნდა, რასაც "ოცნების" წევრების შესახებ ფარული სატელეფონო ზარების გამოქვეყნება მოჰყვა. არჩევნებში "ოცნების" გამარჯვების შემდეგ სურმავა ოჯახს დაუბრუნდა, მაგრამ ივანიშვილის გვერდით აღარ გამოჩენილა და ვერც ის გავიგეთ, სად იყო ამ პერიოდის განმავლობაში სურმავა და ვინ აშანტაჟებდა მას.
არაოფიციალური ინფორმაციით, ძველმა ხელისუფლებამ სურმავას შესახებ მაკომპრომეტირებელი ვიდეოები მოიპოვა და იმის შიშით, რომ არ გამოექვეყნებინათ, სურმავა ასეთ რისკზე წავიდა. ალბათ საინტერესოა, ვისი უფრო ეშინოდა სურმავას ვიდეოს გამოქვეყნების შემთხვევაში - ბიძინა ივანიშვილის თუ საკუთარი მეუღლის, რადგან, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ივანიშვილმა თავად აღიარა, რომ ვიღაცებს მაკომპრომეტირებელი ვიდეოების შემდეგ მისი ერიდებოდათ.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დუბაიში უგულავას მეუღლესა და მის დაქალთან ერთად იმყოფებოდა, თავდაცვის მინისტრი ჭორს უწოდებს და ამბობს, რომ ასეთ სისულელეებზე საუბარი ერთმანეთს არ უნდა ვაკადროთ.
"რეიტინგის" წინა ნომერში მკითხველს მინისტრების მეორე ნახევრებზე ვრცელი მასალა შევთავაზეთ, მათ შორის ირაკლი ალასანიასა და მისი მეუღლის ნათია ფანჯიკიძის სიყვარულის ისტორიის შესახებ მოგითხრობდით. თავდაცვის მინისტრი ყოველთვის ცნობილი იყო, როგორც ერთგული მეუღლე და კარგი მამა. მისი მეუღლე პრესასთან ყოველთვის გულახდილად ლაპარაკობდა, როგორ უყვართ ერთმანეთი და მართლაც ისე ჩანს, რომ დრომ მათ ოჯახს ვერაფერი დააკლო. ალბათ სწორედ ამიტომ გახდა რეზონანსული ალასანიას შესახებ გავცელებული ჭორი, თან ცოტა რთული წარმოსადგენია დუბაიში მოსეირნე ალასანია "ნაციონალების" ცნობილი სახეების ცოლებსა და საყვარლებთან ერთად.
მოგეხსენებათ, "ფეისბუქი" საჯარო სივრცეა და ცნობილ ადამიანებს საკუთარი გვერდებიც აქვთ. მათ შორისაა ირაკლის მეუღლე ნათია ფანჯიკიძეც, რომლის გვერდზეც პრემიერის განცხადების შემდეგ რამდენიმე გამოხმაურება გაჩნდა.
"მინდა, პიროვნულად ჩემთვის საკმაოდ თავხედური განცხადება გავაკეთო. ირაკლი ალასანია არის წესიერი ადამიანი, შეიძლება, ამბიცია აქვს და ჩემი აზრით, ამაში ცუდი არაფერია. იყავით კორექტულები და "მე ვიტყვი და იმან თავი იმართლოს" - პრინციპი ყველასთან არ მუშაობს", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი, რაზეც ნათია ფანჯიკიძემ უპასუხა:
"რა ბედნიერებაა კარგი სიტყვების მოსმენა, როცა ვისაც არ ეზარება, ყველა წიხლით გდგება..."
უცნობია, ვის გულისხმობდა მინისტრის მეუღლე "ყველაში", მოგვიანებით კი ერთ-ერთ გამოხმაურებაზე დაწერა:
"ერთი პირობა ვიფიქრე, ხომ არ გავიქცე საბერძნეთში და ფორთოხლები ვკრიფო, უფრო ჯანმრთელად ვიქნები-თქო, მაგრამ ცოტას კიდევ ვიცდი. ისე, საინტერესოა ეს ყველაფერი, კინოს დასრულებას ველოდები..."
აღნიშნული სკანდალის შემდეგ ნათია და ირაკლი მანანა დუმბაძის წიგნის პრეზენტაციაზე ერთად გამოჩნდნენ და ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდნენ.
კომენტარის გასაკეთებლად ნათიას დავურეკეთ, რომელიც არაჩვეულებრივ ხასიათზე დაგვხვდა, მაგრამ გვითხრა, რომ აღნიშნულ თემაზე საუბარი არ სურს და ამ სისულელით არც უნდა ვინტერესდებოდეთ. ბოლოს კი დასძინა, რომ ამ თემაზე კი არა, ბოლო დროს კარგ ინტერვიუებზეც კი უარს აცხადებს.
ჯერჯერობით ისიც უცნობია, ვის აწყობს ალასანიასთვის შავი პიარის აგორება. ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნები მოდის. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ამბობდნენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ალასანია იქნებოდა, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად ვახტანგ ხმალაძეს ისურვებდა. ალბათ კიდევ ბევრი გამოჩნდება "ოცნების" რიგებში ისეთი, ვისაც პრეზიდენტობაზე არაერთხელ უოცნებია. ალასანიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მას ხშირად პრეზიდენტობისთვის ყველაზე მისაღებ კანდიდატურადაც მოიხსენიებენ, როგორც გარეგნული, ასევე პიროვნული თვალსაზრისით. თუმცა, მეორე მხრივ, "ოცნების" რიგებიდან ძლიერი კანდიდატის დასახელება, პირველ რიგში, "ნაციონალურ მოძრაობას" არ უნდა აწყობდეს, ასე რომ, ჯერ კიდევ ბურუსით რჩება მოცული, რა მოხდა სინამდვილეში დუბაიში და ვინ და რატომ დააკავშირა ერთმანეთთან გიგი უგულავას სკანდალური იმიჯის მქონე მეუღლე და ირაკლი ალასანია.