რატომ არ ფიგურირებდა ამერიკის ახალი პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარში საქართველო? - ეს საკითხი არ გამხდარა სატელეფონო დიალოგის თემა, სადაც ორი ქვეყნის მეთაურმა მთელ რიგ მწვავე საკითხებზე ისაუბრეს. ისინი ნახევარსაათიანი დიალოგის განმავლობაში უკრაინის საკითხს შეეხნენ, თუმცა საქართველო ამერიკის პრეზიდენტს არ უხსენებია.
რატომ ვერ მოხვდა საქართველოს საკითხი ორი ლიდერის საუბრის თემებში - ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს „ქართული ოცნების“ „არგაღიზიანების პოლიტიკის“ შედეგია. ქვეყანა, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, საერთაშორისო დღის წერიგში ვერ ხვდება.
ოპოზიციისგან განსხვავებით კი ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ბაიდენის და პუტინის სატელეფონო საუბარში საქართველოს არხსენება კატასტროფა არ არის. მათი თქმით, მსგავსი სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტები მხოლოდ იმ მნიშვნელოვან თემებზე საუბრობენ, რომლებიც უახლოეს პერიოდშია გადასაწყვეტი და იმ მომენტისთვის ყველაზე პრობლემური თემაა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამერიკისთვის და ევროპისთვის უკრაინის საკითხი ყველაზე მწვავედ იმიტომ დგას, რომ აქ ევროპისთვის უკრაინის გარუსება ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ბაიდენისთვის კი ყირიმის ანექსია პრინციპული საკითხია, რადგანაც ის კონფლიქტის დროს ვიცე-პრეზიდენტი იყო. ამიტომაც ბაიდენი ამ მიმართულებით მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს. ხოლო საქართველოს არხსენება პირიქით, დადებით კონტექსტშიც შეიძლება იქნას განხილული, რომ ჩვენს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან აგრესიას ახლო მომავალში არ უნდა ველოდოთ და მას პრობლემები სხვა მიმართულებით აქვს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა გარკვევით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ იმოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს გვაყენებს ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს“, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ორმა პრეზიდენტმა ასევე განიხილა SolarWinds- ზე განხორციელებული მასიური კიბერშეტევა, რუსეთის მიერ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდაციის სანაცვლოდ დაწესებული ჯილდოსა და ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხები.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახურიც ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება დააკმაყოფილებს ორი ქვეყნის ინტერესებს, ასევე, მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით მათი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მთლიანი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებსაც“, - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათი შეფასებით, „მთლიანობაში, რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერებს შორის საუბარი საქმიანი და გულწრფელი ხასიათის იყო“.
ამასთან, კრემლის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა New Start-ის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც შეიარაღების კონტროლს შეეხება და რომლის ვადაც თებერვალში იწურება.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ამერიკის პრეზიდენტის ბაიდენის და რუსეთის პრეზიდენტის პუტინის საუბარი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა ამ პირველი კონტაქტის დროს, სადაც მხოლოდ ნახევარი საათი ისაუბრეს საქართველოს არხსენება კატასტროფა არ არის და დიდს არაფერს ნიშნავს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქართველო ამ წუთში აქტუალური არ არის და ეს პირიქით დადებითი სიგნალია. მისი თქმით, თუკი ოპოზიციას უნდა რომ ამით ტემპერატურა აწიოს და აჩვენოს თითქოს „ოცნების“ ხელსიუფლება საგარეო მიმართულებით არაფერს აკეთებს, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ რეალობაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
„ბაიდენმა ნავალნიზე ილაპარაკა, უკრაინაზე, განიარაღებაზე და რაკეტების სტრატეგიულ შემცირებაზე. უკრაინა აქტუალური იმიტომ არის ამერიკსითვის, რომ ეს საკამოდ ახალი თემაა და თან ძალიან დიდი მოუგვარებელი პრობლემა გახდა. აქ არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ბაიდენი პუტინთან საქართველოს თემაზე ტელეფონით ილაპარაკებს თუ არა. ეს თემები ასე ტელეფონზე ნახევარი საათით საუბრისას არ წყდება.
საქართველო, მადლობა ღმერთს, ახლა იმ პრობლემების წინაშე არ დგას, რომ ასეთი დონის საუბრისას ახსენონ. ეს ცუდი ნიშანი არაა, პრეზიდენტები სატელეფონო საუბრისას საკმაოდ მძიმე საკითხებს ეხებიან, რომელიც, პირველ რიგში, მოსაგვარებელია. საქართველოს თემის განხილვა ამერიკის დეპარტამენტის და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე ხდება. პირველი პრეზიდენტების კომუნიკაციისას იმაზე საუბარი ხდება, რაც დღის წესრიგში ყველაზე სასწრაფო და სახიფათოა.
რაც შეეხება უკრაინის და საქართველოს თემის მუდმივად ერთად განხილვას, გასაგებიაა, მაგრამ უკრაინის პრობლემა უფრო რთულია. კი ბატონო, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მაგრამ ყირიმი ანექსირებულია. უკრაინას უფრო რთული ამოცანა აქვს. თანაც ყირიმის ანექსია ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროს მოხდა. ამიტომაც აქ ის ორმაგ პასუხისმგებლობას გრძნობს“,-აცახდებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, დიდი ტრაგედია არაფერია იმაში, რომ ბაიდენმა პუტინთან პირველივე დარეკვაზე საქართველო არ ახსენა. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ საქართველო რომ ეხსენებინა, პირიქით, ეს უფრო ცუდის ნიშანი იქნებოდა და უნდა გვევარაუდა, რომ რუსეთისგან ახალ საფრთხეებს უნდა ველოდოთ. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ახლა „ოცნების“ ხელისუფლებამ პირველი რაც უნდა გააკეთოს, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია დაიწყოს იმაზე, რომ გერმანიასთან, საფრანგეთთან იმუშაონ და ნატოში მაპის მიღებაზე ხელი არ შეგვიშალონ. ამ მიმართულბით არის ძალიან ბევრი სამუშაო და მხოლოდ სადღეგრძელოების თქმა და გულზე ხელდაკრეფილი ლოდინი არაფერს გვიშველის.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ ბაიდენისთვის უკრაინა უფრო მნიშვნელოვანი რომაა, გასაკვირი არ უნდა იყოს. საყვარელიძე ამბობს, რომ უკრაინის თემა ახალია და სტრატეგიულადაც ამერიკისთვის ბევრად მნიშვნელოვანი ადგილია უკავია, ვიდრე ჩვენს ქვეყანას. მისი აზრით, უკრაინა ევროპის ცენტრია, ამიტომაც ამერიკაც და ევროპის სხვა ქვეყნებიც ყველანაირად ცდილობენ და ეცდებიან, რომ ის რუსეთის გავლენისგან თავისუფალი იყოს. ევროპული საზღვრების უსაფრთხოება წინა პლანზე გადმოდის, ამიტომაც ბაიდენმაც პუტინთან საუბრისას ხაზი ამ კონტექსტს გაუსვა.
„უკრაინა რუსეთსა და ევროპას შორის ბუფერის როლს ასრულებს, ამიტომ, თუ უკრაინა ამა თუ იმ ხარისხით გარუსდება, მაშინ ევროპას დამატებით პრობლემები ექნება. შესაბამისად ევროპის გარშემო უკრაინის თემა წამყვანია. ასეთი მდგომარეობა საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით არა აქვს. ჩვენი ქვეყანა უფრო იმ ეკონომიკურ ინტერესებს შეიძლება მოემსახუროს, რომელიც აზიის და ევროპის დაკავშირებას გულსიხმობს. როგორც ჩანს, ეს ასპექტი ბაიდენისთვის ამ ეტაპზე წამყვანი არ არის და უფრო გეოპოლიტიკური მხარე აინტერესებს.
მიუხედავად ამ ასპექტებისა, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს. არა მხოლოდ კარზე დააკაკუნოს, არამედ ამერიკასაც და ევროპასაც საქართველოს მიმართ ინტერესი გაუჩინოს, აჩვენოს, რომ მათთვის საჭიროები ვართ. შევარდნაძემ ეს ინტერესი საქართველოს მიმართ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენით გააჩინა. ამიტომ მხოლოდ კარზე კაკუნს აზრი არა აქვს. უნდა არსებობდეს კონცეფცია და პროექტი, რომლითაც დავაკაკუნებთ და ყურადღებას მივიქცევთ. წინა ადმინისტრაციისთვის საქართველო სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო. ანაკლიის პროექტზე ვნახეთ რა სახის აქცენტებიც გააკეთეს. ამიტომ მხოლოდ ლოდინი არაფერს გვარგებს, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, რომ ჩვენი თემა ამერიკისთვის აქტუალური იყოს“, - აცხადებს საყვარელიძე for.ge-სთან.