პოლონელები რომ მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე კრეატიული ხალხია, იმითაც დადასტურდა, რომ რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოში პირველად, რობოტების თეატრი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიხსნა. მანამდე სხვადასხვა ქვეყანაში იყო მცდელობები, რომ რობოტების საშუალებით, კონკრეტული თეატრალური სცენები თუ სპექტაკლები გაკეთებულიყო. თუმცა, საკუთრივ რობოტების თეატრი პირველად სწორედ პოლონელებმა შექმნეს.
როგორც ამ უცნაური თეატრის იდეის ავტორები ამბობენ, ახალგახსნილი თეატრის პირველი წარმოდგენის მთავარი როლები ანდროიდებმა შეასრულეს. სპექტაკლი მწერალ – სტანისლავ ლემის ცნობილი მოთხრობის მიხედვით დაიდგა.
ცნობილმა პოლონელმა მსახიობებმა რობოტები გაახმოვანეს, რომლებიც ემოციას ჟესტებითა და თვალებით გამოხატავდნენ. პირველ რობოტ–სპექტაკლს რა გასაკვირია, რომ უკვე დიდი წარმატება ხვდა წილად და მათით უკვე სხვადასხვა ქვეყნები დაინტერესდნენ. თეატრალურ დასში ჯერჯერობით მხოლოდ 2 რობოტია, მაგრამ, დასის ხელმძღვანელობა რობოტების რაოდენობის გაზრდას და საერთოდ – თეატრის გაფართოვებას ვარაუდობს.