ყოველთვის ვამბობდით და ეჭვს გამოვთქვამდით, რომ წარმოუდგენელია, რომელიმე კონკრეტული ორი ან სამი ადამიანის ბრალეულობით მთავრდებოდეს ეს საქმე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „დღის ქრონიკაში“ დავით გარეჯის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებულმა ჩანაწერმა კიდევ ერთხელ დაუსვა წერტილი იმას, რომ საქართველოს საზიანო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეს არ იყო შემთხვევითი.
„ფაქტია ის, რომ საქართველოს საზიანოდ იქნა გადაწყვეტილება მიღებული და რომ იტყვიან, ღვთის წყალობით, ეს გადაწყვეტილება თავის დროზე ბოლომდე ვერ მივიდა. სწორედ ამაზე იყო საუბარი იმ ფარულ, ლეგიტიმურ ჩანაწერში, რომელიც დღეს გაავრცელა პროკურატურამ და ამისთვისაც მადლობა მათ. პროკურატურამ მოიპოვა ლეგიტიმურად, სასამართლოს შესაბამისი ბრძანების საფუძველზე მტკიცებულება, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ წერტილი დაუსვა, პირველი რიგში იმ ფაქტის გამოვლენას, რომ საქართველოს საუარესო გადაწყვეტილება იყო განზრახული და არა შემთხვევითი, სპონტანური თუ გაუაზრებელი და შეცდომას მიკუთვნებული. მეორე, ჩვენ გამოძიების დეტალებში ვერ შევალთ, ვერც მოლოდინს გავაჩენ გამოძიების მაგივრად, მაგრამ ყოველთვის ვამბობდით და ეჭვს გამოვთქვამდით, რომ წარმოუდგენელია, რომელიმე კონკრეტული ორი ან სამი ადამიანის ბრალეულობით მთავრდებოდეს ეს საქმე. ეს შეუძლებელი და წარმოუდგენელია. მარტივი ლოგიკაა, რომ გარკვეული მითითებების გარეშე მსგავსი, საქართველოს საუარესო, ამ მასშტაბის გადაწყვეტილებები მიღებულიყო რომელიმე კონკრეტული რიგითი თანამშრომლების მიერ და ამ ნარატივის ამ კონკრეტულ ნაწილში შეიძლება დავეთანხმო მათ, ვინც ამ არგუმენტით შეიძლება აქეთ აკრიტიკებდეს გამოძიებას, მაგრამ ეს წარმოუდგენლობა დღეს დამტკიცდა იმით, რომ იმ ჩანაწერში ნამდვილად ჩანს, რომ იყვნენ პირები, რომლებიც დეტალურად იყვნენ ჩართულები ამ საქმეში და მათი თანამონაწილეობაც შეიძლება იკვეთებოდეს, თუმცა ამის სამართლებრივი შეფასება გამოძიების საქმეა და დარწმუნებული ვარ, ისინი სხვა მტკიცებულებებსაც ფლობენ და გამოძიება დადებს ამის შესახებ საბოლოო დასკვნას. ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე გაიხსნა, სადაც საუბარია საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებებზე და ასეთს მაშინ აზერბაიჯანის, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები არ აკეთებდნენ. ამ ჩანაწერიდან ჩანს, რომ ისინი ერთ ნაბიჯს არ დგამდნენ უკან და თავისი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ არ მოქმედებდნენ, განსხვავებით ჩვენი კონკრეტული წარმომადგენლებისა, ამიტომ ამაზე გამოძიება გაგვცემს პასუხს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.