მქონდა ილუზია, რომ დღევანდელ დღეს მაინც ამ სპეკულაციებსა და სიგიჟეში არ შევიდოდნენ და ამ ისტორიული გამარჯვების დღეს გადადებდნენ ყველაფერს და უბრალოდ მიულოცავდნენ ქართველ ხალხს, თავიანთ სამშობლოს, თავიანთ თავს ისტორიულ, სამართლებრივ ომში გამარჯვებას რუსეთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „დღის ქრონიკაში“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მათ ერთი საათიც ვერ მოითმინეს ამ გადაწყვეტილების მიღებიდან და მაინც ცრუ ნარატივს დაუბრუნდნენ, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ პრორუსული ძალაა.
„მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ, როგორც მინიმუმ ვერ უზრუნველყო თავიდან აეცილებინა ეს ომი და ამ ომში დამარცხდა. ის არის დამარცხებული „მთავარსარდალი“, ომიდან გაქცეული, რომელმაც მიატოვა თავისი ჯარისკაცები, ცოცხალი თუ გარდაცვლილი გმირები. ამასთან, ის არის ხელისუფლების ხელმძღვანელი და პრეზიდენტი იმ დროს, როდესაც მისმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისმა პარტიამ საპარლამენტო დელეგაციის სახით, სტრასბურგში ამ ომის დასრულებიდან 2 თვეში ხმა მისცა რეზოლუციას, რომელშიც ჩაწერილი იყო, რომ თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.