ამერიკის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე, ჯენიფერ ლოპესმა სიმღერების, This Land is Your Land და America the Beautiful-ის პოპური შეასრულა. ლათინოამერიკელი ხელოვანის ნომერი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ფიცის დადებას მოჰყვა.
სიმღერის მიწურულს, თეთრ სამოსში გამოწყობილმა ლოპესმა ესპანურად წაიღიღინა, რაც ნიშნავდა: "ერთიანი ერი, თავისუფლებით, თანასწორობითა და სამართალით", ბოლოს კი თავისი ჰიტის, Let's Get Loud-ის შეძახილით დაასრულა.
სავარაუდოდ, ლოპესის სიტყვები ლათინოამერიკელების მიმართ მხარდაჭერას გულისხმობდა, რომლებიც ტრამპის პრეზიდენტობის დროს უსამართლო მოპყრობას ხშირად აპროტესტებდნენ.
"რა მშვენიერი კონტრასტია! 4 წლის განმავლობაში, ლათინოამერიკელებისა და ემიგრანტების მიმართ მხოლოდ შეურაცხმყოფელი სიტყვები გვესმოდა, ჯეი-ლომ კი This Land is Your Land (ეს შენი მიწაა) შეასრულა ინაუგურაციაზე და ესპანურადაც მოგვმართა. ეს ჩვენი ხალხისთვის ახალი დღეა!" — წერს ტვიტერზე CNN-ის თეთრი სახლის კორესპონდენტი აპრილ რაიანი.