ირაკლი ალასანია დოკუმენტს -

ირაკლი ალასანია დოკუმენტს - "მინისტრის ხედვა" საზოგადოების წარმომადგენლებს და დიპკორპუსს აცნობს (video)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, სამინისტროს 2013-2014 წლების სახელმძღვანელო დოკუმენტს, სამოქალაქო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას აცნობს. თავდაცვის სამინისტროში უკვე შეიკრიბნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩები, ასევე სამხედრო თემაზე მომუშავე ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები. დოკუმენტში "მინისტრის ხედვა" გაწერილია თავდაცვის უწყების პრიორიტეტები და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებები. 

როგორც სამინისტროში განმარტავენ, "მინისტრის ხედვა" გასული წლების გამოცდილებას, არსებული საფრთხეებისა და საჭიროებების ანალიზს ეყრდნობა. დოკუმენტის თანახმად, 2013-2014 წლებში თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები იქნება გამჭვირვალობის გაზრდა და სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება, თავდაცვის შესაძლებობების გაუმჯობესება, ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების სისტემების განმტკიცება, ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება და ნატო-სთან თავსებადობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, აუცილებელია მომავალი 2 წლის განმავლობაში ეფექტური, მობილური, თანამედროვე და ნატო-სთან თავსებადი შეიარაღებული ძალები შეიქმნას. დოკუმენტში ჩამოყალიბებულია შეიარაღებული ძალების შესაძლებობების გაუმჯობესების ხედვა, რათა ისინი მზად იყვნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად.

"მინისტრის ხედვაში" ასევე დიდი ყურადღება ეთმობა სამხედრო მოსამსახურეთა განათლებას, წვრთნას, კარიერის მართვასა და სოციალურ დაცვას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტის პრეზენტაციას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიც ესწრება.