ეტოოს სიკვდილით ემუქრებიან

ეტოოს სიკვდილით ემუქრებიან

გუშინ გამოცემამ „Goal.com” სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ კამერუნის ეროვნული გუნდისა და მახაჩკალის „ანჟის“ თავდამსხმელ სამუელ ეტოოს დაუდგენელი პირები სიკვდილით ემუქრებიან.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ „ანჟი“ ქალაქ მოსკოვშია დაბანაკებული. გუნდი მახაჩკალაში მხოლოდ ოფიციალური შეხვედრების წინა საღამოს ჩადის. მორიგი მატჩის დასრულების შემდეგ კი კვლავ რუსეთის დედაქალაქს უბრუნდება.

„Goal.com”-ის ინფორმაციის შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ შავკანიან მოთამაშეს კავკასიური მაფიის წარმომადგენლები ემუქრებიან.

ამ ცნობის გამოქვეყნების შემდეგ, ეტოოს საჯარო განცხადების გაკეთება მოუწია.

ფეხბურთელმა ევროპული გამოცემის გავრცელებულ ცნობას სრული სიმართლე უწოდა, ოღონდ განაცხადა, რომ მას კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები ემუქრებიან.

“კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის ლიდერებს ჩემი მოკვლა სურთ. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები რამდენჯერმე დამიკავშირდნენ და არაერთი მუქარა შემომითვალეს. საქმე იქამდეც მივიდა რომ სიკვდილითაც დამემუქრნენ.

ამ მიზეზის გამო პირადი დაცვის გაძლიერება მომიწია. ძალიან მეშინია. კამერუნი მაფიოზური ქვეყანაა და მისი ხელმძღვანელობა არასასურველ პიროვნებებს დაუნდობლად უსწორდება.“ - განაცხადა სამუელ ეტოომ.