გიორგი გახარია:  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში

გიორგი გახარია:  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში

დღეს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. დღეს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს. ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რითაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველო-რუსეთის ომის საქმეზე მოსალოდნელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც დღეს გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებისა და სპეციალისტების 12-წლიანი შრომის შედეგი იქნება. მთავრობის მეთაურის განმარტებით, გარდა იმისა, რომ ეს იქნება საქართველოს დაზარალებული მოქალაქეების კომპენსაცია, ამასთანავე, იქნება საერთაშორისო დონეზე მათი ინტერესების შემდგომი დაცვის საფუძველი.

„მოგეხსენებათ, რამდენიმე საათში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე: „საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ“. ეს გადაწყვეტილება იქნება ჩვენი მოქალაქეების, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლების, სპეციალისტების 12-წლიანი შრომის შედეგი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს გარდა იმისა, რომ ახდენს ჩვენი დაზარალებული მოქალაქეების კომპენსაციას, რა თქმა უნდა, ეს ძირითადად იქნება საფუძველი მათი ინტერესების შემდგომი დაცვისთვის საერთაშორისო დონეზე. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დამატებით ვალდებულებებს, როგორც მთავრობას და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები უწყებათაშორის კოორდინირებული მუშაობის ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით და ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით და რომელსაც ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ უახლოეს პერიოდში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს არის საქართველოს უახლეს პერიოდში უმნიშვნელოვანესი დღე და დღეს პირველად მიეცემა საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს და ეს უნდა გახდეს ახალი ეტაპი ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში,“ - განაცხადა პრემიერმა.