„ქვეყანა უნდა გაიხსნას გარკვეული პირობებით“ - როდის და რა ფორმით მოიხსნება ქვეყანაში დაწესებული რეგულაციები

„ქვეყანა უნდა გაიხსნას გარკვეული პირობებით“ - როდის და რა ფორმით მოიხსნება ქვეყანაში დაწესებული რეგულაციები

ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სპეციალისტების ნაწილი დადებითად აფასებს და ამბობს, რომ დადებითი დინამიკის ფონზე დაწესებული რეგულაციები ეტაპობრივად უნდა მოიხსნას. გაჩერებული ეკონომიკა და ბიზნესი ამუშავდეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა განახლდეს და მოსახლეობა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს. სწორედ ეს ნაწილი თვლის, რომ არსებული შეზღუდვების მოხსნა ეპიდ-სიტუაციას უარესობისკენ არ შეცვლის, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ექიმების რეკომენდაციები და წესები დაიცავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 16 იანვრიდან წერტილოვანი შეზღუდვები უნდა მოხსნილიყო, თუმცა, რეგულაციები 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდა. სპეციალისტები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ სურთ ე.წ. მესამე ტალღა თავიდან აირიდონ და დადებითი დინამიკა, რაც არსებული აკრძალვების ფონზე შეინიშნება, შენარჩუნდეს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, შეინიშნება ეპიდვითარების სტაბილიზაცია, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ 1-ელი თებერვლიდან შეზღუდვები მოიხსნას.

„მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე თვლის, რომ დღეს არსებული მდგომარეობა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნას. თუმცა, როგორც მან For.ge-სთან განმარტა, აუცილებელია წესების დაცვა, რომ დადებითი დინამიკა შენარჩუნდეს და რეგულაციების მოხსნამ გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა არ იქონიოს.

„მთავარია, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება არის სტაბილური. აღარ ხდება ინფიცირების ნახტომისებური მატება. მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა უკვე „მოიხადა“ ინფექცია და გარკვეულწილად, ეს შეზღუდვებიც მუშაობს. თუკი ეს პროცესი შენარჩუნდება, უკვე შეიძლება საუბარი შეზღუდვების მოხსნაზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ დაიცვას წესები.

მკაცრი ნახტომისებური მატება არ მგონია მოსალოდნელი იყოს. საქართველო არ არის დიდი ქვეყანა, როდესაც ყოველ დღე ამდენი ათასი ინფიცირებული ფიქსირდებოდა. თუმცა, მოხსნას გააჩნია, რაზე იქნება მოხსნა. პირველ რიგში, ალბათ უფრო რთული იქნება ტრანსპორტზე შეზღუდვის მოხსნა. სავაჭრო ცენტრებზე, ბაზრობებზე შედარებით ნაკლებია რისკი. განსაკუთრებით პრობლემატური იქნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. ქუჩაში პირბადით სიარული არ მგონია, რომ აუცილებელი იყოს, თუ ადამიანი იზოლირებულად დადის ქუჩაში და რიგში არ დგას.

რაც შეეხება ახალ შტამს, ეს იმ შემთხვევაში იქნება პრობლემა, თუ საზოგადოება არ დაიცავს წესებს. გრიპის დროს შტამი შეიძლება იყოს რამდენიმე. ამიტომ, მთავარია, ადამიანმა დაიცვას წესები და არ მგონია, ამ შტამმა ჩვენ რაიმე პრობლემა შეგვიქმნას, რადგან მალე ანტივირუსული ვაქცინა მოგვისწრებს“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, ვატო სურგულაძე ამბობს, რომ უკვე დროა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას და ეს მოხდეს ყველანაირი წესისა და რეკომენდაციის დაცვით.

„ეპიდსიტუაციის შეფასება ძალიან ძნელია, როდესაც ჩვენ ე.წ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაწვდის რიცხვს, რომ 110 დაავადებული გვყავდა და დღეს 1600-ია. რთულია სტატისტიკაზე საუბარი და სიტუაციის რეალური შეფასება. ამის მიუხედავად ქვეყანა უნდა გაიხსნას. არც დაკეტვა იყო საჭირო. ამ გახსნას აქვს თავისი პირობები, რომელიც უნდა იყოს დაცული საკმაოდ მკაცრად.

როგორც ვნახეთ, გახსნამ 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე, არ გამოიწვია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დიდი ცვლილება. უნდა შევიმუშავოთ ყველა ის წესი, რომელიც იქნება დაცული ტრანსპორტში, ბაზრობებზე, სავაჭრო ცენტრებში. პირველი გახსნისას იმიტომ მივიღეთ სავალალო შედეგი, რომ არავითარი კონტროლი არ იყო. ღამის კლუბები, რიგები, არავითარი სოციალური დისტანციის დაცვა, - არაფერი იყო გაკეთებული.

ამ ეტაპზე კი უნდა გაიხსნას შესაბამისი კონტროლის და მკაცრი წესების დაცვით, სხვანაირად პრობლემა გვექნება. 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე სავაჭრო ცენტრებმა გვაჩვენეს, რომ ეს გაკეთებადია და არაფერს გამოიწვევს. უნდა გაიხსნას სავაჭრო ცენტრები, ტრანსპორტი, ოღონდ შესაბამისი წესების დაცვით. ის დაწესებულება, რომელიც არ დაიცავს, ჯერ უნდა გააფრთხილონ და შემდეგ ჯარიმა დაუწესონ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში ჩამოართვან ფუნქციონირების უფლება.

გაჩნდა ბრიტანული შტამი, შემდეგ იყო სამხრეთ ამერიკული. შტამები მუდმივად შეიცვლება. თუ წესებს დავიცავთ, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს რომელი შტამი იქნება?!“ - განაცხადა ვატო სურგულაძემ For.ge-სთან.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი განათლების სექტორიდან უნდა დაიწყოს. რაც შეეხება ბიზნესს, ამის შესახებ განაცხადა, რომ ბიზნესის გახსნა ერთბაშად არ მოხდება. მისი თქმით, არსებობს მონახაზი, რომ ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება, რომ ეს იყოს ე.წ ეტაპობრივი:

„ვთქვათ, ერთი კვირა ან ორი კვირა გაიხსნება, რომელიღაც ბიზნესი, დაკვირვება მოხდება, რას მოიტანს ეს, რა შედეგს და დადებითობის მაჩვენებლის, ინციდენტობის ინდიკატორისა და სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მეორე ეტაპზე რა შემსუბუქდეს და ასე თანდათანობით“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო მსოფლიოში ყველაზე მაღალი ავადობის მაჩვენებელს 100 ათას სულ მოსახლეზე. როგორც იმნაძე ამბობს, სისტემას ხარვეზები ჰქონდა, თუმცა ყველაფერს გაუძლო და ჩვენზე გაცილებით მდიდარმა ბევრმა ქვეყანამ ეს ვერ შეძლო. მისი თქმით, ყველაფერი იძლევა საფუძვლიანი ვარაუდის საშუალებას, რომ გაზაფხულზე, თებერვლიდან დაწყებულმა გახსნებმა დრამატული გართულებები არ უნდა მოგვცეს.

„ჩვენ არ გვინდა ე.წ. მესამე ტალღა და ამიტომაც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ ცოტა კიდევ გავუძლოთ, გავახანგრძლივოთ შეზღუდები, რათა გარანტია გვქონდეს, რომ მესამე ტალღას გავუძვრებით. შედეგად, ქვეყანაში სიტუაცია არ დამძიმდება და ამასობაში წამოგვეწევა ვაქცინაციაც, სითბოც და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ გაცილებით მშვიდად მივიდეთ ზაფხულამდე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.