ვახტანგ ძაბირაძე: მინდა მჯეროდეს, რომ რაც მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის ეთერში ხდებოდა, უფრო მეტად ახალბედობისა და პოლიტიკური გამოუცდელობის ბრალია და არა სხვა რამის

ვახტანგ ძაბირაძე: მინდა მჯეროდეს, რომ რაც მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის ეთერში ხდებოდა, უფრო მეტად ახალბედობისა და პოლიტიკური გამოუცდელობის ბრალია და არა სხვა რამის

ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ გამოვედით იმ მოჯადოვებული წრიდან, რომელშიც ვიმყოფებით თითქმის 35 წელია, როდესაც ვიღაცის შეთქმულებაზე ვლაპარაკობთ, ვიღაცის აგენტობასა და დავალებაზეა საუბარი,- ასე უპასუხა ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, რა როლს ასრულებს „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი დღეს ქართულ პოლიტიკაში და ხომ არ ხდება ის ოპოზიციაში განხეთქილების მიზეზი.

როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, რომ ვისაც ოპოზიციაში განხეთქილების შეტანა სურს, კარგად ესმის, როგორ მუშაობს ეჭვის გაჩენის თეორია.

„მე არ ვიცი ვინ ვის დავალებას ასრულებს და არც არასდროს ვიცოდი, არც ის არ ვიცი ვინ ვისი აგენტია, იმიტომ, რომ როდესაც ასეთ ბრალდებას უყენებ ადამიანს, მაშინ შენ უნდა დადო კონკრეტული, სწორი და ღია მტკიცებულება, რომელიც იქნება დამაჯერებელი. რაც შეეხება იმას, რომ ალეკო ელისაშვილისა და „ქართული ოცნების“ პოზიციები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიური პროცესი, ამ პროცესში არიან სხვადასხვა მონაწილეები, სხვადასხვა ინტერესებით და მე თუ მინდა, რომ ოპოზიციაში განხეთქილება შევიტანო, რა თქმა უნდა, იმას გავაკეთებ, რომ ჩემი პოზიცია ხშირად ემთხვეოდეს სხვის პოზიციას და ეჭვის გაჩენის თეორია ესაა. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი პოლიტიკოსები, ასეთ ურთიერთობებში რასაც დებატები ჰქვია, უფრო ემოციებზე არიან აწყობილი, ვიდრე რეალური არგუმენტების განხილვაზე. ამ შემთხვევაში, მინდა მჯეროდეს, რომ ის რაც ხდებოდა ეთერში მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის, უფრო მეტად ახალბედობისა და პოლიტიკური გამოუცდელობის ბრალია და არა სხვა რამის,“- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

მისივე შეფასებით, ის რაც დღეს ოპოზიციაში ხდება მთავარი საკითხისთვის გვერდის ავლაა და დებატები რეალურად ოპოზიციაში არსებულ ამ ორი ჯგუფის მოსაზრებების შორის არსებულ სხვაობაზე უნდა მიდიოდეს.

„როდესაც ემოცების მოთოკვას ვერ ახერხებ, მაშინ პოლიტიკას თავი უნდა დაანებო, ქუდი დაიხურო და გახვიდე იმ სექტორში, სადაც ემოციები ჭარბობს. შენ თუ პოლიტიკაში ხარ, როგორ შეიძლება ემოციებით იმუშავო. ეს არის სფერო, სადაც ცივი გონებით უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილებები. ეს არის სფერო, სადაც მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება, როგორი საშინელებაც არ უნდა ხდებოდეს. აქ ანალიზი უნდა ჭარბობდეს და არა ერთმანეთისთვის დედ-მამის სულის გინება,“- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.