ოპოზიციამ უნდა შეწყვიტოს ამ ფორმის დებატებში მონაწილეობა, საერთოდ აღარ უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირება.
„ყველაზე მეტად „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს საზოგადოებას დაანახოს, რომ ოპოზიცია ერთმანეთში ვერ რიგდება. მათ შორის პარლამენტში შესვლა - არშესვლასთან დაკავშირებით. ეს ასე არ არის, ოპოზიცია ჩამოყალიბებულია თავის გადაწყვეტილებაში. ასე რომ, რაც უფრო ნაკლებად ვისაუბრებთ ოპოზიციის წარმომადგენლები, მით უკეთესი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
„ლელოს“ და „მოქალაქეების“ ლიდერები ერთმანეთს „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდნენ. ცხარე კამათი, სტუდიაში ოპოზიციის შეხვედრების შესახებ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარებს მოჰყვა. მამუკა ხაზარაძემ ელისაშვილი დახურული შეხვედრებიდან ინფორმაციის გასაჯაროებაში დაადანაშაულა.