ალექსანდრე რაქვიაშვილი: მართლა გვინდოდა, ყველა გაგვეერთიანებინა, მათ შორის, „მოქალაქეები“, თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ არ მგონია, რომ ეს რეალისტური იყოს

ალექსანდრე რაქვიაშვილი: მართლა გვინდოდა, ყველა გაგვეერთიანებინა, მათ შორის, „მოქალაქეები“, თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ არ მგონია, რომ ეს რეალისტური იყოს

ჩვენ ბატონ ხაზარაძეს და ზოგადად „ლელოს“ როგორც ჩვენს პარტნიორებს, ისე განვიხილავთ და საერთოდ მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება და ამას ყველანაირად ვემიჯნებით, - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი მამუკა ხაზარაძისა და „მოქალაქეების“ ლიდერ, ალეკო ელისაშვილის დაპირისპირების ფაქტს.

„პირიქით, გვინდა გავაგრძელოთ დისკუსია ჩვენს ყველა იმ კოლეგასთან, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს.

მე რთულად წარმომიდგენია, რომ ჩვენ და „მოქალაქეები“ ერთად მივიდეთ ბატონ მამუკასთან. მეტიც, ეს მოლაპარაკება ჩვენ დავიწყეთ „მოქალაქეებს“ რომ პირველად შევხვდით. თვითონ ის იდეა, რომ ჩვენ და „მოქალაქეები“, რომლებიც დანარჩენ ოპოზიციას როგორც მხარე ისე ვხდებით, არ არის სწორი. ჩვენ მართლა გვინდოდა, რომ ყველა გაგვეერთიანებინა, მათ შორის, „მოქალაქეები“, თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ არ მგონია, რომ ეს რეალისტური იყოს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„ლელოს“ და „მოქალაქეების“ ლიდერები ერთმანეთს „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდნენ. ცხარე კამათი, სტუდიაში ოპოზიციის შეხვედრების შესახებ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარებს მოჰყვა. მამუკა ხაზარაძემ ელისაშვილი დახურული შეხვედრებიდან ინფორმაციის გასაჯაროებაში დაადანაშაულა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის შედგა.