ჯეიმს აპატურაი: ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს და საუბარს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე

ჯეიმს აპატურაი: ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს და საუბარს ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე

2021 წელს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი ბრიუსელში და შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირში მართლაც პოზიტიური გზავნილია საქართველოს მხრიდან და ჩვენი ურთიერთობების სიმტკიცეზე მიუთითებს, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ, „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს. ჩვენ უამრავი საკითხი გვაქვს განსახილველი. ვიმსჯელებთ წლიურ ეროვნულ პროგრამასა და სხვადასხვა ასპექტზე და გვექნება შესაძლებლობა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა სიღრმისეულად განვიხილოთ. ახლახან განვაახლეთ ნატო- საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც ძალიან ბევრ პრაქტიკულ ელემენტს შეიცავს და სალომე ზურაბიშვილთან იმპლემენტაციის საკითხზეც ვიმსჯელებთ“, - განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტთან ასევე შედგება საუბარი რეგიონალურ უსაფრთხოებაზე. „გენერალური მდივანი და ნატოს ყველა წევრი ქვეყნის ელჩი საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურებენ, რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას და მუდმივად მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს და სრულად შეასრულოს აღებული ვალდებულებები. ნატო გმობს ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას. ჩვენ ვიცით, რა მძიმე მდგომარეობაა კონფლიქტის ზონებში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ყოველდღიურად რა სირთულეების წინაშე დგანან იქ საქართველოს მოქალაქეები“, - აღნიშნა აპატურაიმ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება.