დიმიტრი პესკოვი: ნავალნის დაპატიმრება რუსეთის შიდა საქმეა და ჩარევის საშუალებას არავის მივცემთ

დიმიტრი პესკოვი: ნავალნის დაპატიმრება რუსეთის შიდა საქმეა და ჩარევის საშუალებას არავის მივცემთ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნავალნის დაპატიმრება რუსეთის შიდა საქმეა და მოსკოვი საზღვარგარეთიდან გაკეთებულ განცხადებებს ყურს არ დაუგდებს.

„გვესმის ეს განცხადებები, თუმცა ამ შემთხვევაში ამ განცხადებებს ვერ გავითვალისწინებთ“, - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

დიმიტრი პესკოვის განმარტებით, ნავალნის შემთხვევაში, საუბარია რუსეთის მოქალაქეზე, რომელმაც რუსეთის კანონმდებლობა დაარღვია.

„ეს აბსოლუტურად შიდა საქმეა და ჩარევის საშუალებას არავის მივცემთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

18 იანვარს სასამართლომ ალექსეი ნავალნის აღკვეთის ღონისძიების სახით 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 17 იანვარს რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში, საპასპორტო კონტროლზე დააკავეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, პოლიტიკოსის დაკავების საბაბი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.

ალექსეი ნავალნი რუსეთის ქალაქ ტომსკში 2020 წლის 20 აგვისტოს მოწამლეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკოსი რამდენიმე დღეში ბერლინში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნევრულ-პარალიტიკური აგენტით იყო მოწამლული. ნავალნის მოწამვლასთან კავშირს კრემლი კატეგორიულად უარყოფს.