ბექა ლილუაშვილი კიმ კრაჩის განცხადებაზე: ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი, რომ საქართველო ხდება ამერიკული ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი

ბექა ლილუაშვილი კიმ კრაჩის განცხადებაზე: ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი, რომ საქართველო ხდება ამერიკული ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბექა ლილუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კიმ კრაჩის განცხადებას გამოეხმაურა. ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო რეგიონში ინვესტიციების თვალსაზრისით გამტარი ხდება.

„ეს დაახლოებს საქართველოს საინვესტიციო ჰაბის რეგიონალურ როლთან და ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი და სიგნალი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ხდება ამერიკული ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მათ შორის იმ განცხადებების ფარგლებში, რომლებშიც საუბარია ერთობლივი ბიზნეს-გეგმის განხორციელებაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. შესაბამისად, ეს ნიშნავს ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ინვესტიციასა და მეტ დასაქმებას“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კიმ კრაჩმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე ისაუბრა.

კრაჩის თქმით, შესაძლოა საქართველოში აშშ-ის უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ორგანიზაციის, DFC-ის („განვითარების დაფინანსების კორპორაციის“), ყოფილი OPIC-ის („კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია“) ოფისი გაიხსნას.