ზურა ჯაფარიძე „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს უარყოფს

ზურა ჯაფარიძე „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს უარყოფს

პოლიტიკური პარტიის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს ოპოზიციის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით უარყოფს. ამის შესახებ მან „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

ამით ის გამოეხმაურა ყოფილ თანაგუნდელს, იაგო ხვიჩიას, რომლის თქმითაც, ზურაბ ჯაფარიძისგან იგებდა იმ შეთავაზებების შესახებ, რომლებიც "ოცნებას" ოპოზიციის მიმართ ჰქონდა.

„არანაირი მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასთან" არ მქონია. საერთოდ, "ოცნებასთან" კომუნიკაცია არ მქონია ბევრი წელია. ბოლოს რაც მახსენდება, იყო 2018 წლის ზაფხული, როცა მე მქონდა კომუნიკაცია ერთ-ერთ მინისტრთან, ისიც კონკრეტულ თემაზე, რომელსაც მაშინ "გირჩი" ლობირებდა. ამ ადამიანს აინტერესებდა რაღაც საკითხები ამ თემის გარშემო. მას შემდეგ, მე "ოცნებასთან" კომუნიკაცია არ მქონია არასდროს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ლელოს“ და ვაშაძის პარტიას შეთანხმება უნდათ, „ევროპულ საქართველოს“ – არა. ის ასევე აცხადებს, რომ „გადაწყვიტეს, ჯერ ყველას ერთად დაველაპარაკოთ და მერე სათითაოდ შევხვდეთ იმ ხალხს, რომლებიც არ არიან დესტრუქტორები და ხელს არ გვიშლიან საუბრის დროს“.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის შედგა.