ირაკლი ბერაია: ვერც ერთი მესამე სახელმწიფო ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ვერ შეაჩერებს

ირაკლი ბერაია: ვერც ერთი მესამე სახელმწიფო ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ვერ შეაჩერებს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ნატოში ინტეგრაცია არის საქართველოს მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი და ვერც ერთი მესამე სახელმწიფო, მიუხედავად მისი პოლიტიკური ამბიციების თუ ბირთვული არსენალის სიდიდის, ამ მისწრაფებებს ვერ შეაჩერებს. ასე გამოეხმაურა ის საქართველოს შესახებ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას.

„ნატოში ინტეგრაცია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. ეს არის ჩვენი მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი და ვერც ერთი მესამე სახელმწიფო, მიუხედავად მისი პოლიტიკური ამბიციების თუ ბირთვული არსენალის სიდიდის, ამ მისწრაფებებს ვერ შეაჩერებს. ამას ძალიან კარგად ადასტურებს ოკუპაციის შემდეგ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი, ისევე როგორც საქართველოს აქტიური ჩართულობა შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში“, - განაცხადა ბერაიამ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება გადაწყვიტოს, გაწევრიანდებიან თუ არა საქართველო და უკრაინა ნატოში.