კორონავირუსი სხვადასხვა ორგანოს აზიანებს - იმუნოლოგი კოვიდგადატანილ პაციენტებზე

კორონავირუსი სხვადასხვა ორგანოს აზიანებს - იმუნოლოგი კოვიდგადატანილ პაციენტებზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით არ ხდება იმ ადამიანების სტატისტიკური აღრიცხვა, ვისაც საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კორონავირუსის გართულებების გამო კვლავ დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

როგორც კულუმბეგოვმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კორონავირუსი სხვადასხვა ორგანოს აზიანებს და ამიტომ საქართველოშიც არის შემთხვევები, როდესაც კოვიდგადატანილი პაციენტები კლინიკის დატოვებიდან გარკვეული დროის შემდეგ საავადმყოფოში კვლავ დაბრუნებას საჭიროებენ.

„ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით, 11-დან ერთი პაციენტი ბრუნდება რამდენიმე ხნის, 4-6 კვირის შემდეგ. ჰოსპიტალში ძირითადად ხვდებიან მძიმე პაციენტები. მძიმე და კრიტიკული პაციენტების გამოჯანმრთელების მაჩვენებელი შედარებით მაღალი აქვს განვითარებულ ქვეყნებს. შესაბამისად, ამ პაციენტებს შესაძლებელია, ჰქონდეთ სხვადასხვა გართულებები. ვიცით, რომ ეს ინფექცია აზიანებს ფილტვებს. შეიძლება გამოიწვიოს ფიბროზული ცვლილებები და სუნთქვის უკმარისობა ხანგრძლივად დარჩეს. შეიძლება იყოს სხვა ორგანიზმების დაზიანება და შემდგომ გართულება, გულის პათოლოგიებია ხშირი, ნერვული სისტემის და ა.შ. საქართველოში ვიცით ერთეული პაციენტები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ვიყავი, გამომწერეს და შემდეგ სატურაცია ისევ გამიუარესდა და უკან დავბრუნდი. მაგრამ მისი აღრიცხვა, ხდება თუ არა, არ ვიცი. ჩემი ინფორმაციით, არ ხდება, ჯერჯერობით. იმიტომ, რომ დროის მოკლე მონაკვეთში ბევრი პაციენტი იყო, ათი ათასობით და ასი ათასობოთ, ამიტომ ამის სტატისტიკური აღრიცხვა ალბათ რაღაც ეტაპზე მოხდება. ეს სისტემა, სამედიცინო სტატისტიკა ჩვენთან დახვეწილი არ არის, მაგრამ ამ ეტაპისთვის ასეა. არის შემთხვევები, ამიტომ ეს არის სერიოზულად განსახილველი თემა. პოსტკოვიდი, გადატანის შემდეგ ჩივილები რომ რჩება ადამიანს, ეს კიდევ სხვაა, ხოლო ესენი არიან ადამიანები, რომელთაც კვლავ ჰოსპიტალიზაცია სჭირდება",- განაცხადა კულუმბეგოვმა.