ილია მეორე: წაიღეთ სახლებში ნაკურთხი წყალი და ასხურეთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა

ილია მეორე: წაიღეთ სახლებში ნაკურთხი წყალი და ასხურეთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს კურთხევა მისცა, ნაკურთხი წყალი სახლებსა და კარ-მიდამოს აპკურონ. ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას თქვა.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. დღეს უნდა წაიღოთ სახლებში ეს ნაკურთხი წყალი და ასხუროთ კარ-მიდამოს, შვილებს, ოჯახს და მადლი ღვთისა უხვად გარდამოვა თქვენზედა, არ მოგაკლოთ ღმერთმა მადლი ღვთისა“, - ბრძანა პატრიარქმა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდა.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება განცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა.

ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევის მსახურება (დიდი აიაზმა) სრულდება და ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.