ბექა დავითულიანი: ვეთანხმები იაგო ხვიჩიას, როცა არც ხალხია შენს მხარეს, არც საერთაშორისო საზოგადოება და არც სიმართლე, ქუდი უნდა დაიხურო და საქმეს მიხედო

ბექა დავითულიანი: ვეთანხმები იაგო ხვიჩიას, როცა არც ხალხია შენს მხარეს, არც საერთაშორისო საზოგადოება და არც სიმართლე, ქუდი უნდა დაიხურო და საქმეს მიხედო

ნამდვილად ვეთანხმები იაგო ხვიჩიას - როცა არც ხალხია შენს მხარეს, არც საერთაშორისო საზოგადოება და არც სიმართლე, ქუდი უნდა დაიხურო და საქმეს მიხედო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „გირჩის“ ერთ- ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციას მხოლოდ დესტრუქციის და არეულობიდ იმედი აქვს, ამის შესაძლებლობას კი ხელისუფლება არ მისცემს.

"შეგიძლიათ დააკოპიროთ (ხვიჩიას კითხვა) და იგივე კითხვას დავსვამ მეც , ნამდვილად ვეთანხმები - როცა არც ხალხია შენს მხარეს, არც საერთაშორისო საზოგადოება და არც სიმართლე, ქუდი უნდა დაიხურო და საქმეს მიხედო. მათ სიმართლე გითხრათ, არაფრის იმედი აქვთ, ასეთი შეგრძნება მაქვს. არეულობის, დესტრუქციის და იმის იმედი აქვთ , რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ხალხს მოთმინების ფიალა აევსება, გამოვლენ და ხელისუფლებას დაამხობენ და ეს არ და ვერ მოხდება, ამის საშუალებას ამ ოპოზიციურ ძალებს ნამდვილად არ მივცემთ, ამიტომ არაფრის იმედი არ აქვთ,"- განაცხადა დავითულიანმა.

ის ასევე გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილის განცხადებას გიორგი ვაშაძეზე შესაძლო ზეწოლის შესახებ და აღნიშნა, რომ "თუ მორალურ შანტაჟზე არ ვსაუბრობთ, ყველა დანარჩენი ტიპის შანტაჟი სისხლის სამართლის დანაშაულია და შესაბამისი რეაგირება სჭირდება".

დავითულიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილი ზეწოლას განიცდის ორი პოლიტიკური პარტიისგან და მათთვის პარლამენტში შესვლის საკითხი იქნება ერთგვარი ტესტი რამდენად დამოუკიდებლები არიან.

"დღეს ოპოზიციას აქვს ერთგვარი ზეწოლა ორი პოლიტიკური ცენტრისგან და ლიდერისგან, ესენი არიან "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა". აქვთ ზეწოლა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ და არ შევიდნენ პარლამენტში და არ აღასრულონ ნება, რომელიც გამოხატა ამომრჩეველმა. ეს არის ერთგვარი ტესტი ვინ რამდენად დამოუკიდებელია ამ პოლიტიკური ცენტრისგან „ნაციონალური მოძრაობის“ და იმედი მაქვს, ამ ტესტს ვიღაცები ჩააბარებენ. რაც შეეხება კონკრეტულად გიგა ბოკერისთან პრეტენზიებს ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა, გასაგებია რატომ არ უნდა ბოკერიას და სააკაშვილს პარლამენტში შესვლა და კონსტრუქციული პროცესი, რადგან ვერც ერთი და ვერც მეორე, როგორც ლიდერები, ვერ ხვდებიან ამ პარლამენტში, ამიტომ მათთვის სულ ერთია მათი რიგითი წევრები, მაგალითად, არმაზ ახვლედიანი მოხვდება თუ არა პარლამენტში. ამომრჩეველმა დააფიქსირა, რომ ახალ ძალებს აქვთ შანსი განვითარების, ყოველგვარი სამართლებრივი, პოლიტიკური და რაციონალური ლოგიკის მიღმა არგუმენტების გარეშე ვიღაცები მაინც უარს ამბობენ პარლამენტში შემოსვლაზე, ეს ნიშნავს, რომ მათზე არის სხვა ტიპის ზეწოლა, ბულინგი თუ მორალური შანტაჟი, რის გამოც ისინი ვერ ახერხებენ ამ პლატფორმების ზეგავლენისგან გათავისუფლებას,"- განაცხადა დავითულიანმა.