ნარდის მოტრფიალე - გივი ბერიკაშვილი

ნარდის მოტრფიალე - გივი ბერიკაშვილი

ცნობილი ქართველი მსახიობი გივი ბერიკაშვილი ნარდის თამაშის დიდი მოყვარულია. „სპორტის ამ სახეობაში“ მაღალი ავტორიტეტით გამოირჩევა და არაერთი ძლიერი ქართველი მონარდეც დაუმარცხებია.

ამ თამაშის ირგვლივ ბატონ გივის ყოველთვის განსაკუთრებული მოგონებები გააჩნია და დღეს რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ.

„სპექტაკლ „შთამომავლობაში“ მე და ვერიკო ანჯაფარიძე ნარდს ვთამაშობთ. ვერ წარმოვიდგენდი, ვერიკოს ნარდის თამაში რომ არ ეცოდინებოდა.

- რას შვრებით, ქალბატონო ვერიკო, ეს შავი ქვები ჩემია-მეთქი, ვეუბნები.

- შავი ქვა შენ რად გინდაო, შენი შავი და თეთრი მე არ ვიციო და დასტაცებდა ქვებს ხელს.“

„კირილე პაჭკორია ყოფილა ძალიან მოყვარული და აზარტული. ნიაზ დიასამიძე ძმაკაცებთან ქეიფობდა და კირილესთან დაურეკავს ღამის ორ საათზე, ბატონო კირილე, ნარდს ვთამაშობ და ასეთი პოზიცია მაქვსო და უთქვამს, სად რამდენი ქვა და რა განლაგება ჰქონდა ვითომ. კირილეს უცებ გაუწყვია ნარდი და ეს სვლები ითამაშეო, კარნახი დაუწყია.

ცოტა ხნის შემდეგ ნიაზს კიდევ დაურეკია, ახლა ასე მომივიდა და რა ვქნაო. მერე გამთენიისას დაურეკავს, გამოვდივარ, ოთხი ქვა მყავს დარჩენილი და დუშაში მომივიდაო. გამოდი ოთხივე, შენი ასე და ისეო, შეუკურთხებია კირილეს.“

„კონსტანტინე ლორთქიფანიძეს აქვს „კოლხეთის ცისკარში“ გენიალური ფრაზა. უფროსს ეთამაშება ნარდს და, ბიჭო, ისე ცუდად ასწავლი, წაგება ვერ მომიხერხებიაო. უნდა უფროსს ასიამოვნოს.“