ნეიმარს გვარდიოლასთან თამაში სურს

ნეიმარს გვარდიოლასთან თამაში სურს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კატალონიური „ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მიმდინარე წლის ზაფხულში მიუნჰენის „ბაიერნს“ ჩაიბარებს.

მსოფლიო ფეხბურთში გვარდიოლას მაღალი ავტორიტეტი გააჩნია და არაერთი ცნობილი მოთამაშე მისი ხელმძღვანელობით ასპარეზობაზე ოცნებობს.

ახალგაზრდა ბრაზილიელ თავდამსხმელ ნეიმარზე დიდი მოთხოვნაა. ფეხბურთელის გადაბირება „მანჩესტერ სიტის“, „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალს“ სურთ. თავად ნეიმარს „სანტოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულში უსრულდება. კლუბი თავდამსხმელის ამ დრომდე გაყიდვას კატეგორიულად არ აპირებს.

შეიძლება მდგომარეობა უახლოეს მომავალში შეიცვალოს. გერმანული გამოცემა „Bild”-ის მტკიცებით, სამხრეთ ამერიკელმა ვარსკვლავთბიჭუნამ მიუნჰენის „ბაიერნში“ თამაში მოისურვა. ამ გადაწყვეტილების უმთავრესი მიზეზი პეპ გვარდიოლას ფაქტორია.

გერმანელი სპორტული ჟურნალისტების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ნეიმარი „ბაიერნის“ მცველ დანტეს ესაუბრა და კარიერის გერმანიაში გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

დანტეს თქმით, 21 წლის თავდამსხმელი გვარდიოლასთან თანამშრომლობაზე ოცნებობს. არ არის გამორიცხული, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ნეიმარმა „სანტოსის“ ხელმძღვანელობას მიუნჰენურ გუნდში გაშვება მოსთხოვოს.