ბრძოლა ტრანსპორტის აღდგენისთვის - მთავრობას უკვე ულტიმატუმი წაუყენეს

ბრძოლა ტრანსპორტის აღდგენისთვის - მთავრობას უკვე ულტიმატუმი წაუყენეს

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ, თებერვლიდან საქართველოს ყველა ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს. მსოფლიოს არც ერთ დიდ ქალაქში ტრასპორტი არ გაჩერებულა და საქართველოში ასეთი მიდგომა დისკრიმინაციულია. გამოდის, რომ დაბალი ფენები მოკლებულნი არიან გადაადგილების ელემენტარულ საშუალებასაც კი, როცა შედარებით შეძლებულ ფენას ამის პრობლემა არ აქვს.

საგანგებო მიმართვას, შვიდი ორგანიზაცია აწერს ხელს: „თბილისის ველომოყვარულთა კლუბი“, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, არასამთავრობო ორგანიზაცია „იარე ფეხით“, „ურბანული ლაბორატორია“, მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსი“.

მათ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული შეზღუდვები მორგებულია მხოლოდ პრივილეგირებულთა კლასზე და არჩევანს არ უტოვებს საზოგადოების იმ ფენას, რომელიც სასიცოცხლოდაა დამოკიდებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირებაზე.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული აკრძალვა უდიდესი დარტყმაა მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის და წარმოადგენს პირდაპირი დისკრიმინაციის მძიმე ფორმას. სახელმწიფო მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომლებიც არ ფლობენ ავტომობილს, ეუბნება, რომ არ აინტერესებს და სრულად უგულებელყოფს მის გადაადგილების საჭიროებას. 2016 წელს ჩატარებული თბილისის შინამეურნეობის კვლევის თანახმად, შინამეურნეობის 58%-ს არ ყავს ავტომობილი. მისი მფლობელობა იზრდება შემოსავლის პირდაპირპროპორციულად, მაღალია ცენტრალურ უბნებში და დაბალია გარეუბნებში.

პანდემიის არც ერთ ეტაპზე ევროპის და ამერიკის კონტინენტის წამყვან ქალაქებში, როგორიცაა ლონდონი, ტორონტო, ნიუ-იორკი, ბრუსელი, დუბლინი, ბერნი და ბერლინი არ გაჩერებულა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აკრძალვა არ მომხდარა არც კიევსა და ერევანში, რომლებიც ჩვენს რეალობასთან უფრო ახლო მდგომი ქალაქებია. 14 ქვეყნიდან მხოლოდ ერთ ქვეყანში, სამხრეთ აფრიკაში მოხდა ტრანსპორტის სრული აკრძალვა, რაც განპირობებული იყო მასიურად მიკროვატობუსებზე დამოკიდებულებით.

დიდ ბრიტანეთის და ნიდერლანდების მთავრობებმა გამოსცეს რეკომენდაცია, რომ მოქალაქეებს მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში ესარგებლათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამგვარ მიდგომებს თან ახლდა მკაცრი ფიზიკური დისტანცირების წესები. მაგ. 2020 წლის მაისში, ავსტრალიაში 12-მეტრიანი ავტობუსის მგზავრთა რაოდენობა 12-მდე შემცირდა.

ფიზიკური დისტანციის დაცვა და ვირუსის გადაცემის კონტროლი რთული გამოწვევაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში და დამოკიდებულია პირბადის გამოყენებაზე, დეზინფექციაზე, ვენტილაციასა და სხვა ფაქტორებზე. თუმცა ეს სრულიად არ ამართლებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც 2 თვეზე მეტია საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არ ფლობს ავტომობილს ან ვერ წვდება კიდევ უფრო გაძვირებული ტაქსის მომსახურებას, ყოველგვარი ალტერნატივის გარეშეა დატოვებული“, - ნათქვამია არასამთავრობოთა განცხადებაში.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი, პაატა ბაირახტარი ეთანხმება ამ პოზიციას და აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულად გაჩერება არაჰუმანური ნაბიჯია.

„ვერც ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებთ, ყოველ შემთხვევაში, ევროპაში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად გააჩერეს, რაოდენ რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაც არ უნდა ყოფილიყო, რადგან ეს არის არაჰუმანური ნაბიჯი. საწარმოებსა თუ კომპანიებს მუშაობის უფლება მისცეს და იქ დასაქმებულ ხალხს არ ეუბნებიან, რითი უნდა გადაადგილდნენ. დაბალშემოსავლიან ადამიანებს საკუთარი ავტომობილები არ ჰყავთ. ესე იგი, მათ ტაქსით უნდა იარონ? ხალხს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს სამსახური, უჩნდება კითხვა, რითი უნდა გადაადგილდეს და სახელმწიფო მათ არაფერს პასუხობს. ასეთი ყოვლად უპასუხიმგებლო და არაჰუმანური გადაწყვეტილება არც ერთ ქვეყანაში არ მიუღიათ“, - განაცხადა ბაირახტარმა.

საზოგადოების და სპეციალისტების კატეგორიულ მოთხოვნას როგორც იქნა გამოეხმაურნენ მთარობაშიც. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც შემთხვევების რაოდენობა კიდევ დაიკლებს და დადებითობის მაჩვენებელი 5%-ს ჩამოსცდება, შეგვიძლია ტრანსპორტის უსაფრთხო გახსნაზე დაიწყოს საუბარი.

„უნდა დაველოდოთ სტაბილიზაციას და ეპიდემიური სურათის გაუმჯობესებას, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ რისკების პირდაპირ ასახვაა, რაც ჩვენ საზოგადოებაში გვაქვს. როდესაც დავინახავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იკლებს, დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 5%-ს, უკვე შეგვიძლია მაღალი საზოგადოებრივი აქტივობის საქმიანობების უსაფრთხო გახსნაზე ვისაუბროთ. ჯერჯერობით, ამ პროცესის მიმდინარეობა არის კარგი, დადებითი ტენდენციები აღინიშნება. ვფიქრობ, მომდევნო ორი კვირა კიდევ ერთხელ დაგვანახებს იმას, თუ რისი საშუალება გვაქვს პირველ თებერვალს და ამის მიხედვით მოხდება უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება. კარგია ის, რომ მატება არ გვაქვს ანუ დეკემბერში შეზღუდვების შემსუბუქება საკმარისად უსაფრთხო აღმოჩნდა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Ninja ბევრი ვიცინე, როცა არასამთავრობოთა დასახელებები წავიკითხე, "იარე ფეხით", "ველომოყვარულთა კლუბი", "ჩემი ქალაქი მკლავს", "მწვანე პოლუსი" და ა.შ.??
3 წლის უკან